ზვიად კვარაცხელიას რომანი “ფორმა N100” კანადაში გამოიცემა 

ზვიად კვარაცხელიას რომანს „ფორმა N100“, მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, კანადაში გამომცემლობა Bookland Press INC გამოსცემს. წიგნი ინგლისურად მერი ჩაილდსმა თარგმნა.

„ფორმა N100“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის გამარჯვებულია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.

ჟანრულად „ფორმა N100“ დეტექტიური რომანია, თუმცა ავტორის სტილის გათვალისწინებით, რომანში, რომელსაც თვითმკვლელობის ტრაგიკული და მრავალშრიანი ამბავი უდევს საფუძვლად, პერსონაჟებისა და მოვლენის ბედისწერაც ეპოქალურ ჭრილში განიხილება.

რომანის მთავარი გმირი – ზაზა ზანდუკელი მწერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც უმუშევარია. ერთ დღესაც მას ერთ-ერთი კინოსტუდიიდან დაურეკავენ და სცენარის დაწერას შესთავაზებენ. ზაზას ამით საშუალება მიეცემა დაწეროს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილი – ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბავი, რაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კინოსცენარის ფაბულა, არამედ მთელი საზოგადოების, „დანაღმული თაობის“, პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ადამიანების ერთგვარი ფორმა N100-ია, რომელიც დაუნდობელი სიცხადით წარმოაჩენს დაავადებული ყოფიერების, სულიერების და ადამიანური ბედისწერის სურათს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები