„დედა, გმირებს არ ტირიანო“ – დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლეიტენანტ შოთა ხურციძის დაბადების დღეა
დღეს ჩვენი დროის გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლეიტენანტ შოთა ხურციძის დაბადების დღეა.
“ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ განლაგებულნი. ტანკი აუფეთქდა და ეკიპაჟიანად ამოვარდა კონტუზირებული. საავიაციო დაბომბვა გაგრძელდა და ბრძოლის ველიდან ვეღარ გამოაღწია. წინა დღეებში მეგობრებისთვის უთქვამს: ,,რუსები ვერ მოგვერევიან თუ საავიაციო არ გამოიყენესო“ – საბედისწერო მისთვის სწორედ მტრის საავიაციო იერიში გახდა.
თამთა ხურციძე, და: „შოთა ქუთაისში 1980 წლის 19 მარტს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ საპრასიის სკოლა. შოთა მშობლებს ქორწინებიდან 5 წლის მერე შეძენიათ. ჩვენ სამნი ვიყავით. ორი ძმა და ერთი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. აქედან გამომდინარე, მისი ბავშვობის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი. სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგად იხსენებენ მასწავლებლები. ძალიან კეთილი და სხარტი ბავშვი ყოფილა. ყველა სფეროში ერთნაირად ნიჭიერი. გაწონასწორებული და მშვიდი. პატარა, რომ ვიყავი, სადმე თუ წავიდოდა კანფეტები მოჰქონდა ხოლმე. მე მისთვის პატარა, საყვარელი დაიკო ვიყავი. სკოლიდან რომ მოვიდოდი მშობელივით მეკითხებოდა: აბა, რა ხდებოდა სკოლაშიო. ის ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და მშობელიც. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემს სამეგობროსთანაცერთობოდა ხოლმე. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ. მხიარული, ხალისიანი ადამიანი იყო. მოწყენილი შოთა არავის ახსენდება. ჯარის ამბებს სულ ვეკითხებოდი, აბა, რა ხდება-მეთქი? თათუშ, ნახე, მალე ჩემი ტანკი მეყოლებაო – მპასუხობდა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი დაძმობა გვქონდა. ძმებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
1998 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2000 წელს, სწავლის პარალელურად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მას პატრიოტული სულისკვეთება ჰქონდა. მამისგან გამოჰყვა ეს სულისკვეთება. მამა 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
შოთა ბოლოს სოფელში 2008 წლის 30 ივნისს იყო. მაშინ სურათი გადავუღე. თურმე ეს მისი ბოლო ფოტო ყოფილა. ჩამოსული რომ იყო მაშინ გვითხრა, 10 აგვისტოს ისრაელში მივდივარო სამხედრო სწავლებაზე. მთელი თავისი ნივთები ჩაალაგა და წაიღო. მერე შეიძლება ვეღარც მოვახერხო ჩამოსვლაო. ომი რომ დაიწყო გვეკონტაქტებოდა და გვაიმედებდა, კარგად ვარო. სხვათა შორის ჩემი მეორე ძმაც ჯარში იყო, მაშინაც და ახლაც მსახურობს. ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებოდნენ. არადა ორივე ცხინვალში იყო, მაგრამ სხვადასხვა პოზიციებზე. 7 აგვისტოს მამას ესაუბრა ტექნიკის მოწყობაზე. წინა ხაზზე ვართ და დედას არაფერი უთხრაო. იცოდა, მამა ვაჟკაცურად გაუგებდა. მე კიდევ ამაოდ ველოდი მის ზარს… 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან მოხდა ეს ყველაფერი, საავიაციო დაბომბვისას.
19 აგვისტოს კი სოფლის სასაფლაოზე დავასაფლავეთ…
ჩემი ძმისგან არაფერი დაგვრჩა ოჯახს, გარდა აკადემიის ფორმისა და მისი მობილური ტელეფონისა. ბოლოს რომ იყო ჩამოსული, ტელეფონები გავცვალეთ. ჩემთვის განძია ეს ტელეფონი. კიდევ არ მჯერა მისი დაღუპვა, ასე მგონია წასულია და მალე მოვა… დედამ ვაჟკაცურად გადაიტანა მისი დაღუპვა. ერთხელ დედას უთხრა, როცა შოთას გარდაცვლილ ნათლულს, გიორგი მარგიევს ტიროდა: „დედა, გმირებს არ ტირიანო“. დედა არა მარტო შოთას დასტირის, არამედ ამ ომში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს. ხშირად ამბობს: ,,საქართველოში უცნობი ჯარისკაცები არ არსებობენო“. მართლაც, რომ ასეა…”
წყარო: ჩვენი ერთმორწმუნე ძმები გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით(2010წ.).