დროის ეფექტურად მართვის ხრიკები

რამდენად ხშირად გიწევთ დაუსრულებელი საქმეების გადადება ან საკუთარ თავს აჩვენებთ, რომ, თითქოს, ყველაფერი დაასრულეთ? ან, მოდი, სხვაგვარად დავსვათ კითხვა: რამდენი დრო დახარჯეთ დღეს იმისთვის, რამაც თქვენი ან თქვენი ახლობლების ცხოვრება არაფრით შეცვალა უკეთესობისკენ?

თუკი საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხებთ და ეს პასუხი შეგაშფოთებთ, მაშინ დროა, ამას რაიმე მოუხერხოთ!

დროის მენეჯმენტი – ეს სამუშაო დროის გადანაწილების ტექნიკაა, რომელიც პროდუქტიულობის ზრდაში გვეხმარება. სამუშაო დროის ოპტიმიზაცია ორი ეტაპისგან შედგება: ამოცანების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

ინფორმაციულ ეპოქაში დროის მართვა, ფაქტობრივად, ახალი რელიგიაა, რომელსაც ბიზნესმენები, სტარტაპერები, ფრილანსერები თუ სხვა წარმატებული ადამიანები ქადაგებენ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან დროის მენეჯმენტის გარეშე წარმატების მიღწევა ნებისმიერ საქმეში შეუძლებელია.

იმისათვის, რომ სწორად გამოვიყენოთ დროის მართვის ტექნოლოგია, უნდა გვახსოვდეს ყველაზე გავრცელებული შეცდომები. ისინი ჩვენს პროდუქტიულობას ვნებენ, ამიტომ სჯობს, თავიდან ავირიდოთ. დღეს რამდენიმე პოპულარულ შეცდომაზე მოგიყვებით:

გასაკეთებელი საქმეების სია

გაგიკვირდებათ, მაგრამ საქმეების სია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა დროის მენეჯმენტში. ამის ნაცვლად, უმჯობესია, შეადგინოთ პრიორიტეტების სია, რომელიც, დაახლოებით, 6-8 პუნქტისგან შედგება. ყოველი დღის ბოლოს დარჩენილი პრიორიტეტები გადაიტანეთ სიის თავში (აუცილებლად იქნება დღეები, როდესაც ყველაფრის შესრულებას ვერ მოახერხებთ და ეს ბუნებრივია). პრიორიტეტთა სიაში მომდევნო პუნქტზე მხოლოდ წინამდებარეს შესრულების შემდეგ უნდა გადახვიდეთ. ეფექტური დროის მენეჯმენტი ეს არა არის, უბრალოდ, დროის დაზოგვა, ეს მეთოდთა კომპლექსია, რომელიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.

დღის დაწყება ელ. ფოსტის შემოწმებით ან დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის ხშირი შემოწმება

 დილიდან თქვენ მხნედ და ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ უმჯობესია, ეს ენერგია მიმართოთ მეტად საჭირო, სტრატეგიულ საქმეებზე. ფოსტის შემოწმება იმ დროისთვის გადადეთ, როდესაც დაიღლებით და შესვენება მოგინდებათ. ეცადეთ ეს ყველაზე მეტად არაპროდუქტიულ დროს გააკეთოთ, მაგალითად, სადილის შემდეგ, როდესაც მოდუნებული ხართ. დამატებით, შეზღუდეთ დროის ლიმიტი (15-20წუთი), რაც სავსებით საკმარისია საჭირო წერილების გასაგზავნად.

გათიშეთ შეტყობინებები და აპლიკაციები, რომლებიც გაცდენენ.

სამუშაო ეკრანზე ამოტივტივებული ფანჯრები, მობილურში მოციმციმე აპლიკაციების იარლიყები და შეტყობინებები, რომლებიც დაუსრულებელი საქმეების შესახებ გვახსენებენ, ეფექტური მუშაობისთვის შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. გამორთეთ ყველა არასაჭირო შეტყობინება და წაშალეთ გასართობი აპლიკაციები.

აღსანიშნავია, რომ არსებობს სასარგებლო პროგრამებიც, რომლებიც ასტიმულირებენ მუშაობას და მოტივაციის ნაკლებობას გვივსებენ. ავიღოთ, თუნდაც, პროგრამები, რომლებიც პროექტების სამართავად არის შექმნილი. ისინი გვეხმარებიან საბოლოო შედეგის შუალედური ეტაპების დაყოფაში, რის შედეგადაც ჩვენი ამოცანები უფრო გასაგები და მარტივად შესასრულებელი ხდება. ასევე, შესაძლებელია დროის ათვლის პროგრამის გამოყენება დროის მენეჯმენტის კონტექსტში. მისი დახმარებით შევძლებთ, დავადგინოთ ეფექტური დროის შუალედები ჩვენი თავისთვის.

Multitasking – მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულება, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა და ყველა საქმის, თითქმის, ერთდროულად დასრულება.

ამ სიტყვის მთელი ხიბლის მიუხედავად, პრაქტიკაში ის სულაც არ არის ეფექტური. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ სხვა ამოცანაზე გადაერთვებით, იკარგება კონტროლი და კონცენტრაცია. ოპტიმალური ვარიანტია, ამ მეთოდს არასდროს მიმართოთ. ბევრი საქმის ერთდროულად შესრულება ეფექტურია მარტივი ამოცანებისთვის, მაგალითად: აუდიოკურსის მოსმენა მანქანის საჭესთან ჯდომის დროს, მაგრამ რთული ინტელექტუალური სამუშაო მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს.

ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც ყოველთვის გვაცდენენ.

საქმისგან ხშირ მოცდენას პროდუქტიულობა ნულამდე დაჰყავს. ასეთ ატმოსფეროში იკარგება აზრთა მიმართულება, ნელდება ტემპი და დროის მენეჯმენტიც არაეფექტური ხდება. აქედან გამომდინარე, საკუთარ პრიორიტეტებზე კონცენტრირება შეუძლებელია, რაც კრიტიკულ შეცდომებს იწვევს.

ზოგადი ეფექტურობის მიუხედავად, დროის მენეჯმენტის სტანდარტული მოდელები ყველასათვის ერთნაირად არ მუშაობს. საჭიროა, შექმნათ საკუთარი, ინდივიდუალური სისტემა, სადაც გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური რიტმი, ტემპერამენტი და დროის სუბიექტური შეგრძნება. საჭიროა, მზად იყოთ სხვადასხვა ინსტრუმენტისა და მიდგომის გამოსაცდელად, დააკვირდეთ საკუთარ თავს, რეაქციებსა და შედეგებს. თუმცა, საიდანღაც აუცილებლად უნდა დაიწყოთ და ეს მეთოდები ამ ყველაფრის შემოწმებაში დაგეხმარებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები