“ხალხის მტრად”  შერაცხული და დახვრეტილი მსახიობის ამბავი 

ხათუნა ჭიჭინაძე
„35 წლის მშვენიერი ქალი. თბილი, უმანკო, ლამაზი სახე, ანთებული თვალები, მომღიმარი ტუჩები“… ასეთი დაამახსოვრდა საზოგადოებას ხათუნა ჭიჭინაძე.
1938 წლის 3 მარტის შინსახკომის სამეულის დადგენილების საფუძველზე ხათუნა ჭიჭინაძეს დახვრეტა მიუსაჯეს, განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანეს.
მას საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდნენ. მშვენიერი გარეგნობა, ხავერდოვანი ხმა, გარდასახვის შესანიშნავი უნარი ხელს უწყობდა მსახიობს ერთმანეთისაგან განსხვავებული სცენური სახეების შექმნაში. ნიჭიერ შემოქმედს წაართვეს უფლება კიდევ მრავალი დასამახსოვრებელი სახე შეექმნა.
ხათუნა ჭიჭინაძე 1937 წლის 2 ივლისს, საკუთარ ბინაში დააპატიმრეს.
შეთითხნილი ბრალდების თანახმად, ხათუნა ჭიჭინაძე ქმრის – „ხალხის მტრის“, გიორგი ყურულაშვილის დავალებით, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში ღებულობდა მონაწილეობას. ტერაქტი ბერიაზე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლისას უნდა მოეწყოთ.
ექვსთვიანი დაკითხვების, უფრო სწორად წამების შემდეგ, „დამნაშავემ“ აღიარა დანაშაული. ყველასათვის ცნობილია, როგორ „აღიარებდნენ“ უდანაშაულო ადამიანები მოგონილ ბრალდებებს…
1938 წლის 3 მარტს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა განიხილა შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მეოთხე განყოფილების სამძებრო საქმე №9422 ბრალდებულ ხათუნა სიმონის ასულ ჭიჭინაძეზე. დასკვნაში ნათქვამია: „ძიების მასალებით იმხილება, რომ იყო რა საქართველოს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ყურულოვის ცოლი, ამ უკანასკნელის დავალებით ამზადებდა მებრძოლ ტერორისტულ ჯგუფს ტერაქტის განსახორციელებლად საქ კპ(ბ) მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ ცნო.“
განაჩენი დახვრეტა იყო, რომელიც დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში. ხათუნა ჭიჭინაძე 1938 წლის 4 მარტს დახვრიტეს. უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები კი, როგორც ხალხის მტრის შვილები საკუთარი ბინიდან გაასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები