“აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო“ – იცით ამ ფრაზის ისტორია?

გახსოვთ, ედრიან ლაინის ფილმი „უხამსი წინადადება“, რომელშიც მთავარ როლებს დემი მური და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ? ახალდაქორწინებულ წყვილს, რომელიც დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მილიონი დოლარის შოვნის შანსი გაუჩნდა – გოგონას სილამაზით მოხიბლული მილიონერი მზად არის, მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მილიონი გადაიხადოს. დაახლოებით, მსგავსი ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოში რეალურად მომხდარა.

“აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო“ – იცით ამ ფრაზის ისტორია? მარტივად დასამახსოვრებელი სტრიქონია, თუმცა რეალურად ამ სიტყვების მიღმა, გერმანელი პრინც ოლდენბურგისა და ქართველი თავადის ქალის ტრაგიკული და პიკანტური სიყვარულის ისტორია იმალება.

ძველ ქუთაისში ყველას ახსოვდა მოხუცი ქალი, რომელმაც ნესტიან სარდაფში, საშინელ სიღარიბეში დალია სული. ერთ დროს ამაყი და ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანი ცხოვრების სისასტიკემ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ქუჩაში გასახელებლად ადევნებულ ბავშვებს ქვებს ესროდა და თავს გაქცევით შველოდა.

ოლდენბურგების დინასტია გერმანული წარმოშობისაა, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მეფობდნენ, მათ შორის დანიაშიც. ეკატერინე მეორის ეპოქიდან რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. სწორედ ამ დინასტიის წარმოამდგენელი იყო პრინცი კონსტანტინე, რომელმაც ქუთაისში შამპანურის ქარხანა ააგო და მალე დაუახლოვდა კიდეც ქუთაისის მაღალ საზოგადოებას.

ამავე პერიოდში საქართველოს სტუმრობდა ცნობილი უნგრელი მხატვარი, მიხაი ზიჩიც, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებისთვის მოიწვიეს. ნაწარმოების პერსონაჟთა პროტოტიპებს ზიჩი  საქართველოს ელიტარული საზოგადოებიდან ირჩევდა და ნატურებისთვის ცოცხალ სცენებს დგამდა.

1882 წელს კი ერთ-ერთ ასეთ სცენაში ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად აგრაფინა ჯაფარიძე მიიწვია. სწორედ აქ ნახა პრინცმა პირველად აგრაფინა ჯაფარიძე. მისმა ეგზოტიკურმა სილამაზემ პრინცი კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ გადაწყვიტა, მისი გულის მოსანადირებლად ყველაფერი ეღონა. ამ დროს აგრაფინა ჯაფარიძე უკვე გათხოვილი იყო და ცოლად ტარიელ დადიანს ჰყავდა.

როგორ დათმო თავადმა დადიანმა ცოლი, ამის თაობაზე საკმაოდ სკანდალური ვერსია არსებობს. თითქოს პრინცი ისე გადარია კეკლუცმა აგრაფინამ, რომ გადაწყვიტა, მის დასაპატრონებლად მოკლე გზა მოეძებნა. ის პირადად ეახლა ტარიელ დადიანს და მის ცოლთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, მილიონი ოქრო შესთავაზა. ქმარს თურმე სიხარბემ სძლია და ცოლი დათმო. ამ საქციელმა ერთ წამში გააცამტვერა აგრაფინას თვალში ტარიელ დადიანის ავტორიტეტი და პრინცისადმი ადრევე გაჩენილი სიმპათია კიდევ უფრო გაუძლიერდა.

აგრაფინა მაინც ამაყი ქალი იყო და არ სურდა ადვილი მისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომაც მოსთხოვა თურმე პრინცს, მისთვის ისეთი სასახლე აეგო, რომლის მსგავსიც მანამდე საქართველოში არავის ჰქონია. კონსტანტინე ოლდენბურგმა საოცნებო ქალს ნატვრა აუსრულა, ბაღნარის ქუჩაზე (დღევანდელი კარგარეთელის ქუჩა) მდებარე მშენებარე სასახლე გამოისყიდა და თავადის ქალს ექვს თვეში მისი გასაღები ჩააბარა. ეს სასახლე ჯაფარიძის ქალისა და პრინცის საიდუმლო შეხვედრების ადგილად იქცა, სასახლის (დღევანდელი კინოსა და მუსიკის მუზეუმი) სიყვარულის კოშკი კი, როგორც ამბობენ, მრავალი ვნებიანი ღამის მოწმე გამხდარა. ტარიელ დადიანს კი მთელი საქართველო დასცინოდა, იმის გამო, რომ პრინცმა ცოლი წაჰგვარა.

სულ მალე აგრაფინამ თავადი მიატოვა და პრინცთან ერთად თბილისის სასახლეში საბოლოოდ გადასახლდა. აგრაფინასა და პრინცის ქორწინება უთანასწორო იყო, პრინცს არ შეეძლო, ცოლად თავადი ჰყოლოდა და ამ „ნაკლის“ გამოსასწორებლად პრინცის მამამ აგრაფინას გრაფინია ზარნიკაუს წოდება მიანიჭა. თუმცა, პრინცი მასთან ბოლომდე არ დარჩა, ის საბოლოოდ პეტერბურგში გარდაიცვალა და იქვე ახლოს, „პუსტინიაში“ დაკრძალეს. თავად გრაფინია 1927 წელს გარდაიცვალა, კომუნისტებმა მანამდე მას პრინცის მიერ დატოვებული ქონება წაართვეს და სული სიღარიბეში ამოხდა.

ძაძებში გახვეულს ქუჩაში დასდევდნენ ბავშვები: „გრაფინია, გრაფინიაო“. მაშინ კომუნისტები მკვიდრდებოდნენ, ქუჩაში რომ დაინახავდნენ დაგლახავებულ, ძონძებში გამოწყობილ მოხუც თავადის ქალს, ყველა უკან მისდევდა. მისი დამნახავი კი ძნელად დაიჯერებდა, რომ გრაფინია აგრაფინა ერთ დროს ბრწყინვალე ოჯახის წევრი და პრინცის მეუღლე იყო“.

წყარო: წიგნის ჭიები 

ფოტო: გურიის მომაბე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები