1956 წლის 9 მარტიდან 65 წელი გავიდა

1956 წლის 9 მარტის შემდეგ 65 წელი გავიდა. 1956 წლის ტრაგედიას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები. რომლის მონაწილეები ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ “პიროვნების კულტის” წინააღმდეგ გალაშქრებას აკრიტიკებდნენ. თვითმხილველთა გადმოცემით, აქციის მსვლელობისას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამაც გაიჟღერა. ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს ბევრად გადააჭარბა.

„მეგობრებო, ყოველ 9 მარტს ვერ ვიკავებ თავს და ვაქვეყნებ იმ საშინელი დღეების ჩემს მიერ დანახულ ეპიზოდებს. უფროსებს გვახსოვს, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას არც კი გაუგონია ამ ტრაგედიის შესახებ. იქნებ ერთი-ორმა მაინც გაიგოს, რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, 1956 წლის მარტის პირველ დეკადაში.“ – წერს რამაზ ბუბა ხოტივარი თავის ფეისბუქ გვერდზე და ვრცელ, საინტერესო წერილს აქვეყნებს. „ქართული კვირა“ ამ წერილის უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო, ყოველ 9 მარტს ვერ ვიკავებ თავს და ვაქვეყნებ იმ საშინელი დღეების ჩემს მიერ დანახულ ეპიზოდებს. უფროსებს გვახსოვს, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას არც კი გაუგონია ამ ტრაგედიის შესახებ. იქნებ ერთი-ორმა მაინც გაიგოს, რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, 1956 წლის მარტის პირველ დეკადაში.

1956, თებერვალი. კომპარტიის მეოცე ყრილობაზე სსრკ მეთაური ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც მანამდე სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდა, უეცრად წარსდგა მოხსენებით, რომელშიც ბოლშევიკურ რეპრესიებში ბრალი დასდო მხოლოდ სტალინს. მან თავის საპროგრამო სიტყვაში აქცენტი გააკეთა მის ბოროტებასა და ქართველობაზე, თუმცა ცნობილი იყო რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა. ქართველ ახალგაზრდათა ერთმა ნაწილმა ეს ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვა, მოხსენება ჩათვალა უსამართლოდ და რუსთაველის გამზირზე დაიწყო საპროტესტო მიტინგი. დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ – მათივე მშობლები, ინტელიგენციის ნაწილი და ქარხანა-ფაბრიკების მუშებიც.

მიტინგი პერმანენტულში გადაიზარდა.

მალევე მიტინგებზე გაჩნდა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის, ანუ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნა.

ეს მოთხოვნა, სხვათა შორის, სრულიად ლეგიტიმური იყო: მაშინდელი სსრკ კონსტიტუციით (1936 წლის „სტალინური კონსტიტუციით“) საქართველო იყო სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც სხვა 14 სუვერენულ ქვეყანასთან ერთად ნებაყოფლობით შექნმა ერთიანი სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი.

კი იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ ეს იყო სამხედრო ძალით დაპყრობილი ქვეყნები, რომელთაც გაერთიანების ნება არასოდეს გამოუთქვამთ, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო – მოსკოვმა შეიყვანა ჯარი ამ ქვეყნებში, მოახდინა ოკუპაცია და მორჩა!

მაგრამ, ვიმეორებ, კონსტიტუციით, ანუ ქაღალდზე, საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყო და ასევე ნებაყოფლობით, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ჰქონდა უფლება გასულიყო ამ კავშირიდან ნებისმიერ დროს და, სხვათა შორის, იგივე კონსტიტუციის ძალით, მოსკოვთან შეთანხმებისა და დასაბუთების გარეშე!

ჰქონდა კი ჰქონდა, მაგრამ კრემლი დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ ვერასოდეს გაბედავდა ამ საკითხის წამოწევასაც კი, ისეთი ძლიერი და დაუნდობელი იყო იმპერიის დამსჯელი მანქანა. ის ხომ მოსპობდა ამ სურვილის გამჟღერებლებსაც და ქვას ქვაზე არ დატოვებდა იმ ადგილებსაც კი, საიდანაც  გაისმებოდა ასეთი მოთხოვნა. და უეცრად…

ა, ბატონო, ქართველებმა არა თუ დააყენეს ეს საკითხი მიტინგზე, – გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაშიც მოინდომეს დარეკვა კავშირგაბმულობის სახლიდან და ოფიციალური განცხადების გაკეთება – „საქართველო მსოფლიოს წინაშე აცხადებს, რომ მოითხოვს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას!“

ქართველების მიერ დამოუკიდებლობის ამ სრულიად ლეგიტიმურ მოთხოვნაზე მოსკოვის მთავრობა და გენერალიტეტი გადაირია:

«Свободу захотели?», „თავისუფლება მოგინდათ?“ – ამაზე მეტი დანაშაული კრემლისთვის რა უნდა ყოფილიყო. ველური ხრუშჩოვის ბრძანებით კავშირგაბმულობის სახლთან შეკრებილ დიდი ჯგუფს ახალგაზრდებისა ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს. შემდეგ ტანკები პირდაპირ შეიჭრნენ მშვიდობიან მომიტინგეებში და დაიწყეს უიარაღო ადამიანებზე ზემოდან გადავლა. გვერდებიდან ტანკებს დაემატნენ კიდევ ტყვიამფრქვევები, რომლებიც გაქცეულებს ულმობლად ცელავდნენ, ხოლო ქუჩების შესახვევებთან შემთხვევით გადარჩენილებს ხიშტზე აგებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები გაშმაგებული სახეებით. ბევრი მოკლული და დაჭრილი „დედაენის ბაღთან“ მტკვარშიც მოისროლეს. მტკვარმა წითელი ფერი მიიღო.

სოლოლაკში, სროლის ხმა რომ გაიგეს, მშობლები წამოცვივდნენ ეზოებიდან. „ბავშვებს გვიკლავენო“ და ლერმონტოვის ქუჩის დაღმართზე შვილებისკენ ჩამორბოდნენ დედები, მამები, ბაბუები, ბებიები, დები – შეშლილი სახეებით, გაწეწილი თმებით, ფლოსტებში, ჩაუცმელები – ბევრს არ კიოდნენ, დაძაბული მზერით ეძებდნენ თავისებს… ხვდებოდათ ტყვიები, ეცემოდნენ, მიცოცავდნენ, ერთმანეთს ეფარებოდნენ, მაგრამ მაინც ეძებდნენ შვილებს…

ჩვენ, სამნი, 9-10 წლის ბავშვები, ამ ჯოჯოხეთიდან გამოგვიყვანა ვიღაც უცნობმა, პატარა ტანის მილიციელმა, რომლის სახეც კარგად ვერც კი დავინახე. ის გვიფარავდა ტყვიების წვიმისაგან, სადღაც სადარბაზოში შეგვრეკა, მიკეტა ორივე კარი, დაგვიყვირა, არ გაბედოთ გამოსვლაო და გაიქცა. ამ დროს ქუჩაში იმატა ყვირილმა, სროლისა და სირბილის ხმებმა. როცა მაინც გავიხედეთ, ფეხში დაჭრილი ფორმიანი პატარა კაცი ძლივს არბოდა აღმართზე, მას წამოეწია სამი სამხედრო და დაახალა ტყვიების ჯერი…

ეს იყო 1956 წლის 9 მარტი…

ეს ამბები კარგად ვიცით, მაგრამ შევეცდები ავხსნა, თუ რატომ გავიხსენე ჩვენი ცხოვრების ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი მაინცადამაინც ახლა.

რა უნდა გაკვირვებოდა 1956 წელს – ორი მსოფლიო ომისა და დაუნდობელი სისხლიანი რევოლუციების გადამტან თაობას რეპრესიების ამ ქვეყანაში, სადაც არასასურველ პირებს, მანამდე მტერი 30 წლის განმავლობაში (1917 წლიდან) როგორც წესი, ჩუმად, ღამღამობით აპატიმრებდნენ და აქრობდნენ, სადაც მეთოდურად ანადგურებდნენ ყველა გამორჩეულ ადამიანს?

და მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო რეპრესიებმა მკვეთრად იკლო 1938 წლიდან, ხალხის გულებში მაინც იდგა შიშისა და განგაშის ფარული შეგრძნება, რომელიც ვერ გააქრო ვერც ფაშისტებთან მოგებულმა ომმა (1941-1945), ვერც ძლივს მიღწეული მშვიდობიანობის დროს აფეთქებულმა სამუშაო ენთუზიაზმმა, ვერც ტოტალური შიმშილის დაძლევამ და ვერც ქვეყნის სწრაფმა ფეხზე წამოდგომამ. დაუნდობელი დამსჯელი ოპერაციების შიში მთელს საბჭოთა კავშირში იყო საყოველთაო.

რა თქმა უნდა, ყველა მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს სახელმწიფოს მთლიანობა, მაგრამ ის, რაც ჩაიდინა საბჭოთა სახელმწიფომ 1956 წლის 9 მარტს  აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

ვერავის წარმოედგინა, რომ ასე არაადამიანურად მოექცეოდნენ ახალგაზრდებს, ფაქტიურად ბავშვებს, რომლებიც ითხოვდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ კონსტიტუციით.

ასეთი ღია სისხლიანი დარბევები მიტინგებისა ახსოვდა მხოლოდ ღრმად მოხუცებულებს – მაგ. 1905 წლის 9 იანვრის „სისხლიანი კვირა“ მეფის დროს რუსეთში, ან უკვე ბოლშევიკების დროს 1918 წლის 5 იანვრის „სისხლიანი პარასკევი“, როცა ლენინმა ქუჩაში დახვრიტა კანონიერი „დამფუძნებელი კრების“ უიარაღო მიტინგი (რითაც წაართვა ევოლუციური განვითარების ბოლო შანსი რუსეთს). იყო უკვე საქართველოში 1924 წლის ტყვეთა მასიური დახვრეტები ვაგონებში, მაგრამ ეს არ იყო მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტა. ეს იყო პასუხი (რა თქმა უნდა მხეცური) საქართველოს ერთგულ პატრიოტთა შეიარაღებულ აჯანყებაზე საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად. ამ შემთხვევაში აჯანყებულებმა იცოდნენ, რომ დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად დაიღუპებოდნენ.

დემონსტრაციების ქუჩაში სამაგალითო დახვრეტები, წარმოიდგინეთ, არც 30-იან წლების საყოველთაო ტერორის დროს ხდებოდა – უბრალოდ არ იყო აუცილებელი, რადგან ბოლშევიკებს დასაჭერები სიებით მიყავდათ ღამ-ღამობით – სახლიდან გამოყავდათ ყოველგვარი ხმაურის გარეშე და შემდეგ აქრობდნენ ისე, რომ არავინ იცოდა სად, ვინ, როდის და რატომ დაიჭირეს და დაიჭირეს თუ არა საერთოდ.

1956 წელს კი, უკვე სულ ახალ თაობას კი არაფრით ეგონა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი განურჩეველი ტოტალური ხოცვა ჟლეტა პირდაპირ ქუჩებში.

მათთვის ეს დაუჯერებელი იყო. მართალია, უფროსები აფრთხილებდნენ ახალგაზრდებს, უხსნიდნენ, რომ ბოლშევიკებისაგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, რომ ამ აქციებს აუცილებლად მოყვებოდა სისიხლისღვრა – მაგრამ უფროსებს ვინ უსმენდა.

ახალგაზრდობა მიტინგების აზარტში იყო შესული:

„ვერ გაბედავენ“,

„ახლა სხვა დროა“,

„თქვენ, ბებრები, მშიშრები ხართ, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს, ახალგაზრდა ქართველები!“,

„სიმართლეს ვერ შებოჭავ!“,

„სოსო ჯუღაშვილს გაუმარჯოს, მსოფლიო ომის მომგებს!“,

„თავისუფლებას გაუმარჯოს!“,

„დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარ-რ-ჯოს, ჯოს, ჯოს!“.

სწორედ ამ ბოლო ლოზუნგმა გამოიწვია კრემლის ასეთი გახელება, ასეთი პათოლოგიური სისასტიკე…

იმავე ღამეს საქართველოში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქი აივსო სამხედროებით.

დაღუპულების მშობლებს აუკრძალეს პანაშვიდების გამართვა – ოჯახის სხვა წევრების ადგილზე დახვრეტის შიშით. დაკრძალვებს ახდენდნენ საჩქაროდ, საიდუმლოდ, ერთ-ორ ღამეში. სამძიმარზე მისულებს უკან აბრუნებდნენ ხიშტით, აღშფოთებულებს საერთოდ აპატიმრებდნენ.

ისევ დაიწყო ადამიანების გაქრობა.

საქართველოს თავზარი დაეცა.

გაოგნებული ადამიანები თავჩაქინდრულნი დადიოდნენ, ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ. კაცები წვერს აღარ იპარსავდნენ. გლოვის ნიშნად ყველა ქალმა შავების ჩაცმა დაიწყო. მაგრამ, ვინც შავს ჩაიცვამდა, ოჯახში უვარდებოდნენ და დაჭერის შიშით ჭრელა-ჭრულის ჩაცმას აიძულებდნენ.

ყვებოდნენ, რომ ფიქრის გორასთან შავებში ჩაცმული ერთი გოგონა შეიარაღებულმა პატრულმა გააჩერა, ორმა რიგითმა გააკავა და ღაჟღაჟა ოფიცერმა ქალმა დანით აახია კაბა. იქ მყოფი ორი-სამი გამვლელი კაცი აყვირდა და სამხედრო მანქანისკენ დაიძრა, მაგრამ რიგითებმა სროლა ატეხეს, არ მოგვეკაროთო. ვინ მიეკარებოდა! გოგონა სულ შიშველი დაუგდიათ გზაზე, მაგრამ ქალები მიცვივდნენ, წრე შეკრეს და სადღაც გააცილეს.

უნდა გენახათ კაცების სახეებიო, გვიყვებოდა ჩურჩულით ჩვენი ახლობელი ჯიმი ბოჯგუა – უსუსურობისა და უძლურებისაგან ყველას ცრემლი ედგა თვალებშიო, ასეთი დაგუბებული ბოღმა არც მანამდე მინახავს, არც მერეო.

რადიოებიდან კი, რომელთა ხმაც მთელს ქალაქში ისმოდა სხვადასხვა წერტილებიდან, განუწყვეტლივ მოისმოდა მხიარული სიმღერები. უცბად სიმღერა შეწყდებოდა ხოლმე და დიქტორი შემაძრწუნებელი მაღალი ფალცეტით გვიყვებოდა საქართველოში მსოფლიო იმპერიალიზმის აგენტების მომრავლებისა და მათი განადგურების აუცილებლობის შესახებ. შემდეგ მხიარული სიმღერა გრძელდებოდა იმავე ადგილიდან. ისიც უცბად შეწყდებოდა და სამგლოვიაროომარშში გადადიოდა. მერე ისევ იწყებოდა ან „კეკელა და მარო“, ან მხიარული ჩასტუშკა…

დაითრგუნა მთელი საქართველო. გაითელა ქართველი კაცის თავმოყვარეობა. ქუჩაში გაღიმებულ ადამიანს ვერ შეხვდებოდი. სკოლაში  ხმადაბლა ვლაპარაკობდით, ბავშვების ყიჟინას ვერ გაიგონებდით. დედაჩემი, დეიდაჩემი, ქალები საღამოობით იკრიბებოდნენ და ჩუმად იჯდნენ. ხალხში დაისადგურა უსაზღვრო პესიმიზმმა, ისეთმა, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე: მოგვსპეს, დაგვხოცეს, დაგვიხვრიტეს ბავშვები, ჩვენ კი ვერაფერი გავაწყვეთ მეტის მსხვერპლის შიშით… საქართველო მალე აღარ იქნება, აუცილებლად მოხდება იმპერიასთან (რუსებთან) ასიმილაცია, ნუ ვჯიუტობთ, იმპერია მალე წელში გადატეხავს საქართველოს – ამ აზრებს დღედაღამ და დიდის სინანულით ავრცელებდნენ თვალცრემლიანი პროვოკატორებიც. დაირხა ხმები, რომ ხრუშჩოვი ქართველებს ციმბირში გადასახლებას უპირებსო, ვინც უარზე დადგება, ადგილზე ჩახოცავენ ოჯახიანადო.

სწორედ ამ დროს შეიქმნა საქართველოში საიდუმლო პატრიოტული ორგანიზაციები, მათ შორის უპირველესი – „გორგასლიანი“, მაგრამ მათი არსებობის შესახებ არავინ იცოდა…

ქართველებში სიხარული გაქრა. დადგა უიმედობის ხანა – ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში.

თეატრები ფუნქციონირებდნენ (გაებედათ და არ ემუშავათ), მაგრამ ხალხი იყო კანტი-კუნტად, ბავშვები კინოში აღარ დავდიოდით, ფეხბურთს აღარ ვთამაშობდით, ავტობუსებიც თითქოს ნელა მოძრაობდნენ, რესტორნები სრულიად დაცარიელდნენ, ქუჩაში ნასვამს ვეღარ შეხვდებოდი (ჩემმა მეგობარმა გოგია სხირტლაძემ ერთხელ ყურში ჩამჩურჩულა, ნახე, ის ტიპი – თან მთვრალია, თან იცინის, თან მღერის, ქართველი არ იქნებაო).

ხალხს სასიცოცხლე ენერგია თითქოს წაერთვაო – არსაიდამ ხმა, არსით ძახილი. გამოსავალი აღარ ჩანდა.

და უცბად… ამ სცენას მოვყვები ისე, როგორც იყო. ოღონდ დამიჯერეთ, არაფერს ვამატებ.

კლასის სრულ სიჩუმეში გოგია სხირტლაძე დაფასთან იდგა და არითმეტიკას პასუხობდა. უცბად ეზოში ისეთი ხმაური ატყდა, რომ კატუშა სიხარულიძე დაფეთებული გავარდა სკოლის საერთო აივანზე. ვხედავდით – იქ დახვდა ალისა ფრუიძე, რომელმაც მას რაღაც უთხრა ისეთი, რაზეც ჩვენმა მასწავლებლებმა გაიცინეს, ერთმანეთს ჩაეხუტნენ… და ატირდნენ.

მესამეკლასელებმა პირი დავაღეთ – ჩვენი სათნო და კეთილი მასწავლებლები სიხარულისგან ტიროდნენ.

რა მოხდა ასეთი?

ქვემოთ ბავშვების გამარჯვების ყიჟინა მატულობდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ყიჟინა ჩვენც ავტეხეთ და გავვარდით ქუჩაში. არც კი ვიცოდით, რა მოხდა. ქუჩაში კი დავინახეთ მოზეიმე ბავშვების ჯგუფები და გაღიმებული ადამიანები, რომელიც ერთმანეთს სიხარულით რაღაცას ულოცავდნენ.

რას ულოცავდა ასეთს? რაღაცას კი მპასუხობდნენ – საფრანგეთშიო, პრიზიო… ვერა ვხვდებოდი.

მხოლოდ სახლში მისვლისას დავაზუსტე რაც მოხდა.

რა მოხდა და… დამიჯერეთ და არ გაგეცინოთ, გთხოვთ!

არ გაგეცინოთ, სიხარულის საყოველთაო მიზეზს როცა დავასახელებ – საფრანგეთში, კანის ფესტივალზე რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის ფილმს „მაგდანას ლურჯა“ მთავარი პრიზი აუღია.

ხომ გთხოვეთ, არ გაიცინოთ და დამიჯერეთ-მეთქი! სიტყვას არ ვამატებ, – საყოველთაო დღესასწაული გამოიწვია „მაგდანას ლურჯას“ კანის ფესტივალზე გამარჯვებამ!

როგორ აგიხსნათ ზუსტად, არც კი ვიცი, თქვენ თვითონ უნდა იგრძნოთ ამ სიტუაციის მისტიკა.

ქართულ ფილმებს მანამდე საზღვარგარეთ მოსკოვი არც კი უშვებდა. იმ ჩაკეტილ სამყაროში პრიზი რას ნიშნავდა, ხალხმა ხეირიანად არც კი იცოდა. მაგრამ მოხდა უცნაური რამ – ჩვენი ფილმის მიერ საერთაშორისო ჯილდოს მიღება, მსოფლიოში საქართველოს აღიარებასთან გაიგივდა.

ამ პატარა ფილმის გამარჯვებამ უცბად გაარღვია ჩუმი ბოროტების ბარიერი: თითქოს მიზეზს ეძებდაო, ქართველებიდან ამოიფრქვა დაგუბებული, ხელოვნურად დათრგუნული სიხარული. თან ისეთი ძალით, თითქოს ცა და მიწა შეაზანზარაო.

მეც მეღიმება, ახლა რომ ვიხსენებ, მაგრამ მაშინ ნამდვილად ამოხეთქა ჩვენი ხალხის ოპტიმიზმმა. ვერჩაკლულმა, ძალად შეკავებულმა სიცოცხლისმოყვარეობამ, ღმერთისა და საკუთარი თავის თურმე ურყევმა რწმენამ.

ასე იყო ეს. ასე, და არა სხვანაირად!

ვერ წარმოიდგენთ, როგორ იმოქმედა ხალხზე ამ ფილმის გამარჯვებამ. ფილმშიც არ იყო საქმე. უბრალოდ, ქართველმა იგრძნო საკუთარი არსებობის დადასტურება, კეთილი მომავლის გარდაუვალობა. იგრძნო, რომ ცოცხალია, რომ ისევ მოქმედებს, რომ ღვთისმშობელი მართლა იცავს და ფარავს მას.

ამინდიც გამოვიდა – ეს იყო მაისის თვე. მთელი საქართველო უცებ შეიცვალა. ყველაფერი ამოქმედდა. ხალხით გაივსო ქუჩები, – მართლაც დღესასწაული გეგონებოდა. იყო კიდევაც!

მაშინ ვიგრძენი, რეალურად რა ძალა ჰქონია ხელოვნებას. ჯადო მოიხსნაო თითქოს, თითქოს შავი ლიბრი ჩამოიცილა თვალებიდანო – ერმა გამოიხედა და დაიწყო ორთვიანი პროსტრაციიდან თანდათანობით გამოსვლა. გაჩნდა ენთუზიაზმი – სიცოცხლის, ბრძოლის, გადარჩენის სურვილი. თბილისის „დინამომაც“, რომელიც იმ სეზონში ვერა და ვერ იგებდა, ზედიზედ სამი თამაში მოიგო! ზედიზედ სამი – სსრკ პირველობაზე!

ქართველმა იგრძნო აგრეთვე ისიც, რომ სხვაც აფასებს მას, იგრძნო, რომ არ არის მარტო ბოროტებასთან ჭიდილში. კრემლის ხახაში მყოფთათვის, ყველასგან მიტოვებულთათვის ესეც რაღაცნაირი ნუგეში იყო…

ბოლოსდაბოლოს, ასეთი რა პრიზი იყო, ასე რომ შეიშალა ხალხი?

არაფერი განსაკუთრებული. ეს არ იყო გრან-პრი, მაგრამ ეს იყო კარგი პრიზი:

„საუკეთესო მხატვრული ფილმი, გადაღებული ორიგინალური სიუჟეტის მიხედვით“. იმ წლებში არსებობდა პრიზების ასეთი თავისებური დასახელებები.

პრესა ფილმს ქონდა ძალიან კარგი. ყველგან აღნიშნავდნენ, რომ ფილმი გადაიღო ორმა ძალზედ ნიჭიერმა ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა, რომ ფილმი წარმოებულია საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც დაიპყრო რუსეთმა, რომელიც განუწყვეტლივ იბრძვის თავისუფლებისათვის და რომ ამიტომაც დასაჯა კრემლმა ამ ორი თვის წინ, 1956 წლის 9 მარტს…

უცხოური პრესა ჩვენამდე არ მოდიოდა, რადიო „ამერიკის ხმას“ კი სსრკ-ში ახშობდნენ ტალღური შიშინით – არაფერი რომ არ გაგვეგო და ჭურში ვმჯდარიყავით მარადჟამს.

მაგრამ მაინც აქა-იქიდან მაინც მოდიოდა „ნაღდად დადასტურებული ინფორმაციების“ ნიაღვარი.

აი, ერთი ასეთი, რომელიც ნამდვილად მოუსმენია „იმათ რადიოში“ ცალყურა კაკოს თავისი ცალი ყურით (მეორე ყური კონტუზიისას დაუკარგავს ჰიტლერთან ომში):

„პრიზის გადაცემის დროს დიდი გენერალისიმუსის სტალინის გულითადმა მეგობარმა გენერალმა დე გოლმა პირდაპირ განუცხადა თურმე კანის ფესტივალის ჟიურის წევრს სსრკ-დან სერგეი ვასილიევს (ორი სტალინური პრემიის ლაურეატს): „მაგდანას ლურჯა“ ისეთი ფილმია, თუ საქართველოდან, ჯარებს დაუყოვნებლად არ გაიყვანთ და საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებთ, ცუდად იქნება თქვენი საქმეო – ჩვენი ჯარი შევა საქართველოშიო. იქვე მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტს ჟიულ კოტის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ გი მოლეს თავის დაქნევით დაუდასტურებიათ თურმე დე გოლის ნათქვამი. (იმ სერგეი ვასილიევს კი ქართველები ძალიან უყვარსო, მელიტონ ქანთარიასთან ერთად უბრძოლია თურმე და რაიხსტაგზე დროშის ატანისას მელიტონის უკან იდგაო). ვასილიევს დე გოლის წინაშე საჯარო პირობა დაუდია – კრემლში დავაყენებ საქართველოს თავისუფლებაზე გაშვების საკითხს და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევო“.

მოყოლისას ცალყურა კაკო ცრემლებს იწმენდდა და იფიცებოდა, ასე იყო ნაღდად, ამ ჩემი ყურით მოვისმინეო, ვენაცვალე ჩვენს მაგდანას თავისი ლურჯათი, მაგათმა გადაარჩინეს საქართველოო… მალე გამოაცხადებენ რადიოში საქართველოს დამოუკიდებლობასო… და საერთოდ, სიმართლეს რას დამალავო…

რას დამალავ, მართლაც…

ღმერთი გფარავდეთ, მეგობრებო!

რამაზ ბუბა ხოტივარი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები