„რას ვსწერო და რად ვსწერო?… მომწყინდა თაგვად ყოფნა…“ ვაჟას წერილი პეტრე უმიკაშვილისადმი

ვაჟა – ფშაველას წერილი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ლიტერატორის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, თეატრალის, თერგდალეულთა მოდასეს,  ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის პეტრე უმიკაშვილისადმი:

„ძვირფასო პეტრე!

თქვენი წერილი მივიღე და დიდად ვისიამოვნე. მადლობა ღმერთს, თუ ერთს ადამიანს მაინც ვახსონვარ. დიდად გმადლობ, ძვირფასო პეტრე რომ გადარდებსთ ჩემი ყოფა-მდგომარეობა, ნეტავი ისე სხვას ადარდებდეს. ვისთვის რა საჭირო და მოსაგონებელი ვარ, ხაშზე და არტალაზე ვერავის დავპატიჟებ.

მკითხავთ, როგორა ვარ, რას ვფიქრობ, რას ვწერ. უნდა გატეხილი გითხრა, ვერა ვარ კარგად ვერც ერთის მხრით, უფრო კი ზნეობრივის მხრით; ხანდახან ჩემს თავს ვგმობ, რატომ მეც, როგორც სხვებმა, არ ვიფიქრე ცხოვრებაზე, არ უგორდი ლეკვივით დიდთა ამა ქვეყნისათ, არ ულოკე ფეხები, არ ველაქუცე, მაგრამ თავს იმით ვმართლულობ, არ შემეძლო მე ასე თავის დამდაბლება და არც ეხლა შემიძლიან, თუნდა რომ პირში ბალახი ამომივიდეს.

ხოლო ჩემი სადარდო შვილებია: იმათი დაბინავება, იმათი აღზრდა, შიში უსწავლელები, ხეპრეებად არ დამრჩნენ-მეთქი.

რას ვსწერო და რად ვსწერო? განა იქ წერა და მოღვაწეობა შეიძლება, სადაც მწერალს ისე ეპყრობიან, როგორც კატა თაგვს ეპყრობა, როცა თაგვი მის ბრჭყალებშია? მომწყინდა თაგვად ყოფნა, მომწყინდა იმათთვის ხელებში ცქერა ერთის ბისტის გულისათვის. ზოგს ჩვენებურს ჩერჩეტს თუ ჰკითხე, კი გეტყვის, რომ “ივერიას” თითქოს დიდად გაფარფაშებულად ვყვანდი. “კვალში” წაიკითხავდი მიხა ცხაკაიას წერილს, რომელიც ნინოშვილის სიკვდილისა გამო იყო დაწერილი.

ნეტავი ეს ოხერი ჭორიკანობა და “კლიაუზნიკობა” მაინც მიყვარდეს და არ მეჯავრებოდეს, რომ ხელდახელ მოვსთხოვო “ივერიის”-ს რედაქციას ის ჟურნალები, სადაც მე ხელი მიწერია მიღებულს ფულზე, რომ პირში ბურთი ჩავჩარო იმ მეტიკვნიტა ადამიანს… დღეს, ვგონებ, ყველამ კარგად უწყით, მე არსაიდამ არაფერს ვიღებ და ჩემის მარჯვენის, მიწის და ოფლის ინაბარადა ვარ დარჩენილი. რაც მომივა, მომივა, მადლობა ღმერთს! დიაღ, მადლობა ღმერთს, რომ ფიზიკურად შრომა მაინც შემიძლიან. აქ მე ვეღარ გადამეღობება ვერავინ წინ.

ჩემის შვილების დაბინავებაზე სცდილხართ, დიდად მადლობელი ვარ. არ ვიცი, თქვენი სიკეთე როგორ გადავიხადო, მაგრამ ეს მაწუხებს, საით და როგორ ვნახო ცხვედაძე. ჩვენში გახურებული მუშაობაა ეხლა და მეორეც ჯიბესთან მწყრალად გახლავარ. გზის ფული არა მაქვს. მინდა ლიტერატურული  ფონდიდამ ვისესხო და, თუ ხელი გამიმართეს, პირდაპირ ქალაქში ჩამოვალ ცხვედაძესთან. უფულოდ კი ფეხსაც ვერსდ გადავსდგამ.

თავართქილაძესთან ლაპარაკი გქონიათ ჩემი ნაწერების გამოცემაზე; მაგ პირობებით არ შემიძლიან ნაწერების დათმობა, ჩემთვის ფულია დღეს საჭირო, ვაჟიც მომესწრო, ეხლა დრო აქვს იმასაც სწავლისა და, თუ უნდა ნამდვილად გულით, მე დავუთმობ ყველა ჩემს ნაწერებს ას თუმნდაც (1000 მ.) ჩემი ნაწერებისა ოთხი სრული ტომი შესდგება, ყველა ისინი შეკრებილი მაქვს, ბევრიც აღარ დამაკლდება. ნახევარი ამთავით მომცეს და ნახევარიც ერთის წლის შემდეგ, როცა წიგნი დაიბეჭდება. შეატყობინეთ ეს პირობა. დაგთანხმდათ, კარგია. არა და რა იქნება?!

ცხვედაძეს კიდევ წერილი მოსწერეთ, იქნება მომიხდეს ქალაქში ქალის წაყვანა, რომ შემეწიოს, რაკი ნაცნობები ჰყავს და, როგორც თქვენა მწერთ, თავგამოდებული და პატიოსანი კაცია.

ჩემი დრამა არ მოგწონებია. არა მწყინს, ხოლო ამას კი გეტყვი, რომ არც დასაწუნია, რადგან არა ჰგავს მაინც იმ დრამებს, ერთს შაბლონზე რომლებიც იწერება ამ ბოლო დროს.

წერილი მომწერეთ კიდევ, ჩემთვისაც დიდად სასიამოვნოა თქვენთან გამოლაპარაკება, ჩემო ძვირფასო პეტრე!

უთარიღო (1894-1898წწ.)“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები