ორი კომპანია ერთი მიზნისთვის და ბიზნესლედი, რომლის სახელიც ხარისხთან ასოცირდება 

წლებია, თიკა სვანიძე ვენკოს სახელი ევროპაში (და არა მარტო) ხარისხთან ასოცირდება.  ბიზნესლედი, რომელმაც საქმიანობა წლების წინ ნიდერლანდებში დაიწყო, ამჟამად რამდენიმე კომპანიას ფლობს, მათ შორისაა 21-წლიანი ისტორიის მქონე ტურისტული კომპანია –  “Tika Tours Georgia” და პანდემიის პერიოდში ფეხადგმული “Tika Svanidze Vancko Estate Winery”. როგორც მისი სხვა მრავალი საქმიანობა, ორივე კომპანია მსოფლიოს მასშტაბით საქართველოსა და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

წლების წინ, როცა ნიდერლანდებში სასწავლებლად წავიდა, გრონინგენის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ადგილობრივ ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა და ევროპელი ვიზიტორები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსკურსიაზე მიჰყავდა.  

 

“როგორც არ უნდა დამეწყო მათთან საუბარი, რომელ ქალაქსა თუ მუზეუმშიც არ უნდა ვყოფილიყავით, რამდენიმე წინადადების შემდეგ აღმოვაჩენდი, რომ ჩემდაუნებურად საქართველოზე ვსაუბრობდი, გაუცნობიერებლად ვიწყებდი ტურისტებისათვის მათთვის უცნობი საოცარი ქვეყნის გაცნობას. პირველი დაინტერესებაც თავად ტურისტებისაგან წამოვიდა. მათ მითხრეს, რომ სიამოვნებით ნახავდნენ  და ახლოს გაიცნობდნენ საქართველოს ჩემთან ერთად, თუ ამის საშუალება მიეცემოდათ. შემდეგ თავადვე მოვამზადე სარეკლამო ბუკლეტები საქართველოს შესახებ და მათ ნაწილს გადავუგზავნე. გავოცდი, როცა 300-მდე ადამიანმა მომწერა, რომ მზად იყვნენ, ჩემთან ერთად სწვეოდნენ საქართველოს. წლები დასჭირდა მათ სრულად ჩამოყვანას. ძალიან მიხარია, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მაშინ ბევრ ადამიანს საქართველო გააცნო” – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში თიკა სვანიძე ვენკო. 

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ბევრი ხან რუსეთთან აიგივებდა, ხანაც, ახლაც გავრცელებული შეცდომის მსგავსად, ამერიკის შტატ ჯორჯიაში ეშლებოდა. მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა, Tika Tours Georgia-მ შეძლო, ევროპელებისათვის სულ სხვანაირი საქართველო ეჩვენებინა. კომპანია მხოლოდ ევროპას არ დასჯერდა და მალევე გახსნა წარმომადგენლობები ჩიკგოსა და სინგაპურში. ასევე, იყო პირველი კომპანია, რომელმაც აზიის ბაზარი გახსნა და 2003 წელს პირველი ტურისტები ჩამოიყვანა სინგაპურიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, ბრუნეიდან და ტაილანდიდან.  

 

21 წლის განმავლობაში Tika Tours Georgia-მ ათასობით ვიზიტორს მისცა საქართველოს ნახვის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და არც მეტი – არც ნაკლები, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტორები ჩამოიყვანა. 

“თავდაპირველად, როცა ეს საქმიანობა დავიწყე, ქართული ტურიზმის სფერო არ აღმოჩნდა მზად, მაღალბიუჯეტიანი სეგმენტის სტუმრისათვის შესაბამისი სერვისი შეეთავაზებინა. ვიზიტების დაგეგმვამდე ხშირად თავად ჩამოვდიოდი, ვათვალიერებდი  და ვარჩევდი ყველა იმ სასტუმროსა თუ რესტორანს, რომელიც სტუმრისათვის უნდა შემეთავაზებინა. ვიფიქრე, გაცილებით კარგი იქნებოდა მე თავად მქონოდა მათთვის ე.წ “ლაქშერი სერვისის” შეთავაზების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ შევიძინე უძველესი თბილისური აბანო და ჩემი რესტორანიც გავხსენი.” 

 

Tika Tours Georgia-ს აქტიური მუშაობის ტემპი პანდემიამ შეანელა, ყველაზე დიდი დარტყმა ამ პერიოდში სწორედ ტურიზმის სფერომ მიიღო და ფაქტობრივად, გაჩერდა. თიკა სვანიძე ვენკომ კი ბევრისთვის რთულად გადასატანი მოცემულობა სათავისოდ გამოიყენა და წლობით ნაფიქრმა იდეამაც რეალობის სახე მიიღო – ასე შეიქმნა “Tika Svanidze Vancko Estate Winery”. 

თუმცა, თიკასა და მეღვინეობის ურთიერთობა გასულ წელს ნამდვილად არ დაწყებულა – სვანიძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაცემულ და საუკუნობით შემონახულ ტრადიციას იგი Tika Tours Georgia-ს ვიზიტორებს შატოდ გადაკეთებულ წინაპრების სახლში უზიარებდა. ბევრ ტურისტს სწორედ აქ მიეცა პირველად საშუალება, საკუთარი ხელებით დაეკრიფა ყურძენი, თავადვე ჩამდგარიყო საწნახელში და ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე “სიცოცხლის ელექსირი” დაეწურა, შემდეგ ჩურჩხელაც ამოევლო და ნამდვილი საქართველოს კოლორიტსაც ზიარებოდა. 

 

კომპანიის შექმნა კი წლების წინ ბაბუისთვის მიცემული პირობის შესრულებაც გახლდათ – 

“სიღნაღის რაიონში ბებიასთან და ბაბუასთან ხშირად ჩავდიოდით, სადაც 150 წლის მარანი გვქონდა. ყოველთვის ჩართული ვიყავი რთველის პროცესშიც. ბაბუამ შემაყვარა ვაზიც –  მეუბნებოდა, რომ ვაზს ლაპარაკი უყვარს, მოფერება უყვარს და ხარობს მაშინ, როცა მასთან ხარ. მაშინ კომუნისტური წყობა იყო, ბაბუა კი სულ საკუთარ ბიზნესზე ოცნებობდა. უკვე საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, როცა საავადმყოფოში აღმოჩნდა, მახსოვს კიბეებზე ერთად ავდიოდით, როცა ჩამჭიდა ხელი და მითხრა – აი, უკვე საბჭოთა კავშირი აღარაა და მე რომ აქედან გამოვალ, როცა კარგად ვიქნები, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ჩვენი ღვინის ბიზნესიო. იმ ღამეს გარდაიცვალა – ფაქტობრივად, ეს მისი ბოლო სიტყვები და ბოლო ნატვრა იყო”.

 

ბაბუისათვის მიცემული პირობა 30 წლის შემდეგ რეალობად იქცა – თიკა სვანიძე ვენკოს ექსკლუზიური ღვინო 2020 წელს პირველად ჩამოისხა და დიდმა საქმემ სტარტი აიღო. 

“არ მინდოდა, ჩვენი ღვინო ყოფილიყო უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართული ღვინოების მორიგი ვარიაცია, სწორედ ამიტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად საფუძვლიანი კვლევები ჩავატარეთ და საინტერესო ღვინოს გადავაწყდით, რომელიც გარდა იმისა, რომ საოცრად გემრიელი და არომატულია, ძალიან დიდ ისტორიასაც ატარებს. 

ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეოდ, 2020 წელს ჩამოისხა ღვინო, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მეფეს ყველაზე მეტად უყვარდა. ყურძნის თითოეული მარცვალი რჩეულია, ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით და იგი გიამბობთ იმ ქვეყნის ისტორიას, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი, მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდა.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ინახავს მეფე ერეკლეს მიერ დამტკიცებულ და გაცემულ ასეულობით საბუთს, მათ შორის მისი ხელრთვის ნიმუშებსაც, რომელშიც ისე ბუნებრივადაა ჩაქსოვილი ორი ყანწი, როგორც ქართულ კულტურაში ღვინო და ვაზის ლერწები.” 

 

კომპანიამ ამ ხელრთვის გამოყენების უფლება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან მიიღო და ახლა “მეფის რჩეულს” მეფისავე ხელმოწერაც ამშვენებს.

“Tika Svanidze Vancko Estate Winery”-ში მომავალშიც ყველა ღვინო ისტორიას მოყვება. 

სამომავლოდ თიკა სვანიძე ვენკოს სახელის ქვეშ სხვა ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტის დამზადება და საექსპოროტოდ გატანა იგეგმება. მიზანი აქაც უცვლელია – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართული პროდუქტი, თავად ამ პროდუქტებმა კი მსოფლიოში ცნობილი და მიღებული სხვა ნაწარმის გვერდით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ.  

თიკა სვანიძე ვენკო არა მხოლოდ ბიზნესლედი, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ქართული კულტურის ნამდვილი ელჩი და სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტების დიდი იმედია, მისი დიასპორული  და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ “ქართული კვირის” მკითხველს აუცილებლად კიდევ ბევრჯერ მოვუყვებით.  

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები