ლადო ასათიანის წერილი მირზა გელოვანს
“მირზა, მომწერე წერილი, წერილებით მაინც ვიბაასოთ” – ლადო ასათიანის წერილი მირზა გელოვანს:
“საყვარელო ძმაო მირზა!
გაგიკვირდება, ალბათ, თბილისიდან წერილს რომ გწერ, მაგრამ წუთისოფლის ბრუნვამ ასე ისურვა, და მე, სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული, ისევ დავბრუნდი ტფილისს, ვარ ისე, საშუალოდ.
არა მიშავს რა, დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი სხვა საქართველო სად არის…
საინტერესოა შენი ამბავი. როგორ შეეთვისე, გედევანოვიჩ, ჯარსა, ლეიტენანტობა ხომ არმიგიღია მეყვსეულად, ახლა „მნათობში“ ვზივარ და ვწერ წერილს. ჩემს ირგვლივ მთელი გალერეაა შესანიშნავი ადამიანებისა.
კონსტანტინე ლორთქიფანიძე და დემნა შენგელაია რაღაც მოთხრობას ჩაჰკირკიტებენ. კარლო კალაძე ახლა შემოვიდა, გორში იყო („ნაგორალია“), „მნათობის“ მე-9 ნომრის ჰონორარს წერს.
ასე რონ _ ჩაიბარა ჟურნალი, რომელიც ახლახან მოიტანა შაოსანმა შიკრიკმა. ნიკა აგიაშვილი დივანზე ზის და იოსებ ნონეშვილს ელაპარაკება ჰომეროსზე, გაბრიელ ჯაბუშანური „მნათობს“ კითხულობს.
ალეკო შენგელაია დნება ჰონორარის გამოწერის მოლოდინში და ასე, ამგვარად, არის დაუსრულებელი მოძრაობა და წვა პოეტთა, პროზაიკოსთა, კრიტიკოსთა, პოეზიის მოყვარულთა, მემანქნეთა და აწი მრავალთა…
მირზაჯან, რა კარგი იქნებოდა, რომ შენც მოხვიდე ახლა აქ. ძველებურად ავივლიდეთ, ჩავივლიდეთ… ყოჩაღად იყავი, ყოჩაღად! ლექსები დაწერე და გამოგზავნე.
მე აქ ვარ, იცოდე, ყოველ წუთს გავახსენებ შენს თავს ყველას. ჩვენი ლექსები მე-10 ნომერში უნდა დაბეჭდილიყო. ხომ იცი, გადაუდვიათ მე-11-ში…
ამაზე მე ავტეხე ერთი ამბავი აწი აღარ განმეორდება ესეთები.
სხვა შენ, ალბათ, წერილს იქ გამოგზავნიდი, სადაც ვიყავი. გამოვასწარი იმ წერილს.
ახლა, მირზა, მომწერე წერილი, წერილებით მაინც ვიბაასოთ და ამასობაში ეს დროც მალე გაიარს. დღეს მივდივარ დედაშენთან მე და ნიკა აგიაშვილი, მიმაქვს შენი სურათი და გვინდა, გავახაროთ მშობელი შენი.
იყავი რკინასავით.
გკოცნის შენი ძმა, ლადო ასათიანი
22.12.1939. თბილისი.”