დღეს „მზის კაცის “ – მირზა გელოვანის დაბადების დღეა

„მზის კაცი “ – მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას, გედეონს, იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი, შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.

მირზა მისი ლიტერატურული ფსევდონიმია. მას რეზო ერქვა. თავის პირველ ლექსებს კი „მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა.

მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა: „ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“

1936–39 წლებში იგი  თბილისში ცხოვრობდა, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში.

1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. ფრონტიდან  წერილებს უგზავნიდა მშობლებს:

ძვირფასო მშობლებო!

მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.

დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.

ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ.

ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს.

მჯერა , მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად.

მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”

1941წელი

ჯარში გაწვევიდან ორიოდე წელში კაპიტნის ჩინს მიაღწია. მისმა თანამებრძოლებმა არც კი იცოდნენ, რომ მათი კაპიტანი საქართველოში ცნობილი პოეტი იყო.

„ვიდრე რამეს მოგწერდეთ, მინდა მოგთხოვოთ პატიება ყველა მწუხარებისათვის, რომელნიც ჩემგან გრგებიათ. ყველა შეცდომისათვის, რომლებიც ასე განუყრელნი იყვნენ ჩემი ცხოვრებისაგან. მე მინდა ისე უყურებდეთ ამ ომს, როგორც მე ვუცქერი: უშიშრად, უმწუხროდ.

გჯეროდეთ, ჩემო ძვირფასებო, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ სიკვდილი მეწერება ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს სიცოცხლეს ჩემსას. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.“

მირზა გელოვანის 27 წლის ასაკში დაიღუპა. იგი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას, 1944 წელს მოკლეს. ქართველი მეომარი ტყეში დაასაფლავეს, სოფელ ნიჟნეე კრივინოს მახლობლად. საფლავზე ობელისკი იდგა, რომელზეც მისი გვარი იყო ამოტვიფრული. 1952 წელს პოეტის ნეშტი სოფელ სანიკის ძმათა სასაფლაოზე გადაუსვენებიათ ვიტებსკის ოლქში.

დედას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სჯეროდა, რომ შვილი დაუბრუნდებოდა. 1963 წელს წერილი მოვიდა მის სახელზე, რომლითაც პიონერები ქალს შვილის საფლავის ადგილმდებარეობას ატყობინებდნენ  – „ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“, მაგრამ ამ დროს დედა ცოცხალი აღარ იყო…

მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც დაგვიტოვა ჩვენთვის ძვირფასი ლექსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები