“ღვინო ჩვენი ეროვნული იდენტობის გამოხატულებაა”- სომელიე ზაზა გრიგალაშვილი ქართული ღვინის შესახებ
ქართული ღვინის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია ის მთავარი სავიზიტო ბარათია, რომლითაც ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებას ცდილობს – არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ ტურიზმის განხრითაც.
“გარდიანი”, ფრანგული “ELLE”, “New York Times”, „Lonely Planet“, გერმანული “Spielgel”… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მსოფლიოში ცნობილი იმ გამოცემებისა, რომლებიც პერიოდულად ვრცელ სტატიებს უძღვნიან ქართულ ღვინოს და საკუთარ მრავალმილიონიან აუდიტორიას ქვევრში ღვინის დაყენების ტექნიკას, ქართული ღვინის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობენ. საინტერესოა, როგორია ქართული ღვინის ბაზარი რეალურად, რა პოტენციალი აქვს მას და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა ამ პოტენციალის უკეთ ათვისებისათვის. ამ და სხვა თემებზე სომელიე ზაზა გრიგალაშვილთან ერთად ვსაუბრობთ.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო უნიკალური რელიეფის მქონე ქვეყანაა, სადაც ყველანაირი ადგილი საინტერესოა ყურძნის მოყვანისთავის. ამიტომაც აღარაა პარადოქსი, რომ ჩვენნაირი მცირე ფართობის მქონე ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია იდენტიფიცირებული. მაგალითად, რაჭაში თუ კარგად ხარობს ჯიშები, რომლისგანაც “ხვანჭკარა” მზადდება – ალექსანდროული და მუჯურეთული, კახეთში გვაქვს რქაწითელი, ასევე, ძველი, მაგრამ ახალაღმოჩენილი ჯიშები – ქისი და კახური მწვანე, ქართლში – გორული მწვანე, იმერეთში – ციცქა, ცოლიკაური და ა.შ საქართველოში თითქმის არ არის რეგიონი, რომელსაც საკუთარი ენდემური ჯიში არ გააჩნია. სამწუხაროდ, ამ რესურსის ათვისება აკადემიური ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარე, ძალიან გვიჭირს” – ამბობს ჩვენთან საუბარში ზაზა გრიგალაშვილი.
კვალიფიცირებული მეღვინეების ნაკლებობა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელის წინაშეც ეს სფერო დგას. მეღვინემ სრულად უნდა შეისწავლოს კონკრეტული ადგილის გეოგრაფიული მახასიათებლები, კლიმატი, ქანები, ნიადაგის სტრუქტურა – სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ჯერ ვაზის, შემდეგ კი ღვინის ხარისხს. რასაკვირველია, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა ღვინის დაყენების ტექნიკას ენიჭება. ქართულ ღვინოს, სწორი მიდგომების შემთხვევაში, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და ცნობილი უცხოური ღვინოების გვერდით დაიკავოს ადგილი.
“ღვინის ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ისეთების, როგორებიც არიან, მაგალითად, საფრანგეთი და იტალია და იქ ქართველი სტუდენტებისათვის კვალიფიციური განათლების მიცემა იქნება ის საშვილიშვილო საქმე, რომელიც ქართულ ღვინოს მოუტანს კუთვნილ, ღირსეულ ადგილს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი და სამწუხაროდ, გვაკლია განათლება. მსგავსი სიტუაციაა სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაშიც – ჭაჭის პოტენციალიც თითქმის გამოუყენებელია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბრენდის წარმოების კულტურაც, ჯერ კიდევ სარაჯიშვილის დროიდან მოყოლებული. ბუნებრივია, ჩვენს ნაწარმი კონიაკი ვერ იქნება, თუმცა ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ ხარისხიანი ბრენდის დამზადების, მუხის კასრებში დაძველების ტექნიკას და საჭიროა ახალი ნიავი, რომელიც ამ სფეროს კიდევ უფრო გამოაცოცხლებს.”
შეიძლება ითქვას, მეღვინეობა გარკვეულწილად 2006 წლის რუსულმა ემბარგომაც გამოაცოცხლა და ღვინის წარმოება სულ სხვა კონდიციაში გადაიყვანა – აქცენტი ხარისხზე და არა რაოდენობაზე, რის შედეგადაც მცირე და საშუალო მარნებმა ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება დაიწყეს.
“ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინის ხარისხმა მნიშვნელოვნად დაიწია. პარადოქსია, მაგრამ მისი ხარისხის გაუმჯობესებაც რუსეთს უკავშირდება – როცა 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა და ჩაუკეტა ყველაზე მსხვილი სარეალიზაციო ბაზარი, მეღვინეებს მოუწიათ, უარი ეთქვათ დაბალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე და ადაპტირებულიყვნენ ევროპულ ბაზართან, რომელიც გაცილებით მაღალ ხარისხს ითხოვდა. გარდა ამისა, ისინი კონკურენტუნარიანები უნდა ყოფილიყვნენ ამ ბაზრებზე კარგად ცნობილი ღვინოებისათვის. შედეგად ასპარეზზე მცირე მეწარმეები გამოვიდნენ, რომლებიც არ იყვენენ ორიენტირებული მასობრივ წარმოებაზე, არამედ ხშირად მხოლოდ თავიანთთვის ან თავიანთი მეგობრებისათვის აწარმოებდნენ მაღალი ხარისხის ღვინოებს.”
სფეროს განვითარებამ სომელიეს პროფესიის პოპულარიზებასაც შეუწყო ხელი და სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს, ერთი მხრივ, ღვინის სიყვარული, მეორე მხრივ კი ცოდნა, რომელიც საუკეთესო ღვინის შერჩევაში გვეხმარება.
“ცუდი ღვინო არ არსებობს, არსებობს კარგი და საუკეთესო ღვინო. კარგი ღვინოა ის, რაც მოსწონს მომხმარებელს, რაც ერგება მის სურვილებს, მცდარია შეხედულება, რომ არსებობს განზოგადებული დეფინიცია კარგი ღვინისა. ღვინოში ინდივიდუალიზმი უნდა ვეძებოთ, მოვარგოთ ჩვენს გემოვნებას. სომელიე კი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ინდივიდუალური ღვინის აღმოჩენაში გეხმარებათ. იგი ღვინის მრჩეველი, გარკვეულწილად, ღვინის ექსპერტი და მომსახურეა. კარგი სომელიეობისათვის უმთავრესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სიყვარულია, მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობაც. ეს ერთგვარად კომპლექსური სფეროა, რომელიც საჭიროებს, მათ შორის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნასაც კი. სომელიე მთელ ინდუსტრიას უნდა აკვირდებოდეს, თავად უნდა ნახოს ვაზიც, მოსავალიც, ესაუბროს მეღვინეებს და იყოს მათთან მუდმივ კომუნიკაციაში, სხვა შემთხვევაში, სრულყოფილი შეთავაზება თითქმის წარმოუდგენელია. “სომელიეს პროფესიული ფიცია” იყოს პატიოსანი და ობიექტური მრჩეველი.”
კარგი ღვინის წარმოებაში კი ძალიან მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს ეკისრება, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა წაახალისოს მცირე და საშუალო მარნების საქმიანობა, მეორე მხრივ კი, იზრუნოს სფეროს კვალიფიციური კადრებით მომარაგებაზე და მეღვინეობისა თუ სომელიეს პროფესიის დაუფლების მსურველებს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს.
“ბუნებრივია, სახელმწიფოც, ფონდების პარალელურად, ჩართულია მეღვინეების დაფინანსების პროცესში, იქნება ეს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” თუ სხვა. შეიძლება ითქვას, რომ კახეთი არის თვითკმარი რეგიონი, რომელიც აღარ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას და თავად ბიზნესია დაინტერესებული ამ რეგიონში ინვესტირებით, შესაბამისად, ახლა გრანტების დიდი ნაწილი მიმართულია ქართლის, იმერეთისა და რაჭისკენ, რომლებსაც არანაკლები პოტენციალი გააჩნიათ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორად წარმოებული ღვინისა და სათანადო მარკეტინგის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავალიც. მთავარია, მოტივაცია და შრომისმოყვარეობა.
პირადად ჩემთვის კი ამ სფეროში ყოფნის ამოსავალი წერტილი არის სიყვარული ღვინისა, როგორც პროდუქტის და როგორც ჩვენი კულტურული იდენტიფიკატორის, რომელიც ერთგვარი ამბავია ჩვენი ქვეყნისა და მისი ტრადიციების შესახებ – იქნება ეს სუფრისა თუ თამადის ტრადიცია, რელიგიური თუ საერო დღესასწაულები, რომელშიც ღვინოს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ღვინო ჩვენი ეროვნული იდენტობის გამოხატულებაა” – ზაზა გრიგალაშვილი.
ავტორი: თამუნა ზარანდია