გიორგი მაზნიაშვილი – „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!”
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც სამი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და სამივემ საკუთარ მტრად გამოაცხადა.
დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მშობლებმა იგი თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან მეფის არმიაში დაიწყო სამსახური.
მაზნიაშვილმა თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, სადაც კიდევ ერთხელ დაიჭრა. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.
1918 წელს გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან შემოჭრილ ძალებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.
1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. ამის საპასუხოდ გიორგი მაზნიაშვილმა, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სახალხო ლაშქარი შექმნა და არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ ჩოლოქის ბრძოლაში მტერი დაამარცხა და ბათუმიც გაათავისუფლა. სწორედ ამ გამარჯვებით შეხვდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას.
1919 წელს გენერალი მაზნიაშვილი იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1920 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 18–24 თებერვალს იგი იყო თბილისის დაცვის ცენტრალური – სოღანლუღი–შავნაბადას მიმართულების სარდალი.
როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან მას საკმაოდ დიდი წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 არმია იძულებული გამხდარა, უკან დაეხია. მოულოდნელად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას უცნაური გადაწყვეტილება მიუღია და მაზნიაშვილისთვის უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა იძულებული გამხდარა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა.
1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 17 მარტს მან ბათუმამდე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა. გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა, ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. გენერალ მაზნიაშვილის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”
თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1921 წლის 20 მარტს კი მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს.
მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი 1921 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. 1923 წელს “სამხედრო ცენტრის” წევრებთან ერთად მიუსაჯეს დახვრეტა, მაგრამ დამსახურებისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე (აჭარის განთავისუფლება) მას სიკვდილი შეუცვალეს ქვეყნიდან 5 წლით გაძევებით. იგი დიდხანს ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა.
სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მას, როგორც “მოღალატესა” და “სამშობლოს მტერს” ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია,
1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დააპატიმრეს და დახვრიტეს.
მისი საფლავი დღემდე უცნობია.
2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი “გენერალი მაზნიაშვილი”. სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი.