როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ის 58 წლის იყო, მე -29, თუმცა, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს ასახულა – ვახუშტი კოტეტიშვილისა და მზეო გოგოჭურის სიყვარულის ისტორია 

 “ლექციაზე დაგვიანებით შევედი. ზეპირსიტყვიერებას გვასწავლიდა ვახუშტი. ამიტომ, ჩვენი დიალოგი მაშინვე ფოლკლორში გადაიზარდა. მე აღტაცებული ვიყავი ვახუშტის ლექციით. ვახუშტი კი იჯდა, მაშინ სახლი ახალი დამწვარი ჰქონდა, ერთი ქურთუკის ანაბარა, თავისი განუყრელი ბერეტით. თითები გადაყვითლებული ჰქონდა ასტრათი. იყო გამხდარი, თვალების გამომეტყველება ჰქონდა საოცრად ნიჭიერი. იყო მატერიალურად აბსოლუტურად გაძარცვული პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება თავისი ქვეყნის სამსახურს შეალია და ასეთი სამაგიერო მიიღო.

ჩემთვის ის უაღრესად ტრაგიკული და საინტერესო ადამიანი იყო, რომელსაც არაფერი დააკლო ცხოვრებამ. მამამისი თავის ქვეყანას შეეწირა. დედა – ვახუშტიზე მშობიარობას გადაჰყვა, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, და ზრდიდა… და ის იჯდა ასე უტეხად, ბავშვებს ელაპარაკებოდა ფოლკლორზე. თუ რა მაგარია ქართველი ხალხი და ქართული ზეპირსიტყვიერება.

გაუკვირდა, ფოლკლორში რომ ავყევი. მაშინვე გამომკითხა, რა გქვიაო, ვისი ხარო… მამაჩემის კურსელი აღმოჩნდა. მერე ამაზე ჟარგონით ამბობდა ხოლმე: ეს რომ გავიგე, აუ, რა მაგრა გამიტყდა – ძმაკაცის შვილიაო. ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა იყო ამაღლებული და ლამაზი. ოღონდ ისე არ გაიგოთ… პეპელასავით ფარფატაკაცი არ ყოფილა. მაგარი კაცი იყო ვახუშტი – ჩვეულებრივი, თავისი უხეში მოძრაობებითაც. ერთი ქართველი და არც ისე ენამოჩლექით ლაპარაკი იცოდა წარა-მარა. კაი ღრიალიც იცოდა, ჭიქასაც ამტვრევდა და თეფშსაც. ჩვეულებრივი კაცი იყო. ამავე დროს, უბრალოდ, როცა სიყვარულთან დაკავშირებით ნაზი გრძნობები უჩნდებოდა, ჰქონდა ზრუნვის, განებივრების სურვილი. რასაკვირველია, ძალიან მანებივრებდა თავისი სიყვარულით. მე ვგრძნობდი მასში არა მარტო მეუღლეს, არამედ უდიდეს მეგობარს, რომლის მსგავსი არც მყოლია და არც მეყოლება.

15 წელი ვიყავით ერთად და ჩვენი ურთიერთობა იყო სამოთხე დედამიწაზე. მის არსებობას, ჩემს გვერდით დღესაც ვგრძნობ. ეს ინტიმური, მისტიკური კავშირია. მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ვახუშტისა და ჩემ შორის ამქვეყნიური და იმქვეყნიური გაყრა, არ არსებობს. ის იმქვეყნიდან ყოველთვის მიგზავნის შეტყობინებას, მაძლევს რჩევას, მამხნევებს, მიწერს ლექსებს და ამ ყველაფერს სიზმრის თუ ხილვის სახით მაწვდის. ასე მეხმარება. ისე არაფრის მეშინოდა, როგორც მისი დაკარგვის და ქვეცნობიერად, ორივე ვგრძნობდით, რომ დიდხანს არ გვეწერა ერთად ყოფნა ამქვეყნად.

ვახუშტი, 73 წლის გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო, მე – 29, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება. თუმცა, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არასდროს ასახულა. იმ მეგობრობას, ურთიერთობას და განცდებს ვერაფერს შევადარებ. არასდროს მიმიქცევია ყურადღება, ვინ რას ამბობდა. ვახუშტის ჩემდამი დაწერილი ერთი ლექსი გადაწონის იმ ჭორებს, რასაც ჩვენზე ვიგებდით. ამ სიყვარულის ფასი, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და ესეც საკმარისი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვუყვარდი და მაფასებდა, დანარჩენი არ მაინტერესებდა. ის ჩემთვის მთელი სამყარო, დასაყრდენი და ბედნიერება იყო. დღესაც ასეა და, ამას ვერც ვერანაირი ჭორი და ვერც ვერანაირი ნეგატიური ძალა ვერ დაანგრევს. სიზმარში ხშირად ჩამესმის მისი ხმა, ცოცხლად ვხედავ, ვეკითხები რაზეც მაინტერესებს პასუხი და ისიც მპასუხობს.

ეს ძალიან საკრალურია და ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ასე ხდება. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს და ზუსტად ვიცი, სიკვდილის მერე, სიცოცხლე იმქვეყნად გრძელდება. გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, რომ დამესიზმრა და მითხრა, გრძელი რიგია და ჯერ არ მიშვებენ, ჩემს რიგს ველოდები, ალბათ მალე გამიღებენკარს და შევალო. თითქოს იმქვეყნიური საიდუმლო გამიმხილა. დამამშვიდა, დამაწყნარა, ნუ გეშინიაო, ამით მითხრა.

სხვათა შორის, ვახუშტი ხშირად მიწერს და მიკითხავს ლექსებს სიზმარში და ამით მიმტკიცებს, რომ ჩვენი სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში აღარ არის, მაინც გრძელდება.”

დოდო ჭელიძე , ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.