25-28 თებერვალს ქართული ლიტერატურის ონლაინ ფესტივალი გაიმართება

25-28 თებერვალს, მწერალთა სახლის ორგანიზებით და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება ქართული ლიტერატურული ონლაინ ფესტივალი – “Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia”, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის გასვლასთან დაკავშირებით და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები და სხვ.

ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 11 სხვადასხვა ღონისძიება, სადაც მონაწილეები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე და ქართულ სამზარეულოზე.

ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან: ნინო ხარატიშვილი, ბორის აკუნინი, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილი, თამთა მელაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბექა ადამაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე, ლუკა ნაჭყებია, მთარგმნელები – ლინ კოფინი და თამარ ჯაფარიძე, ასევე, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც სპეციალურად მაყურებლისთვის შეასრულებს მუსიკალურ ნომერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.