დღეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ პირველი კონსტიტუცია მიიღო და საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ დაიმკვიდრა მსოფლიო თანამეგობრობაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.
1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობისგანვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
“ევროპის უნივერსიტეტმა” და “ქუთაისის უნივერსიტეტმა” პირველი კონსტიტუციის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 2021 წელი საკონსტიტუციო წლად გამოაცხადეს, გაიხსნა კონსტიტუციის სახელობის დარბაზი, მომზადდა არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეო პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე საინტერესო რესპოდენტებთან ერთად, დაიგეგმა თემატური ესსეების კონკურსი, საჯარო ლექციების, პოდკასტების და ვებინარების ციკლი.
კონსტიტუციის პოპულარიზაცია ამ წლის მთავარი გამოწვევაა “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ქუთაისის უნივერსიტეტისთვის”, რომელიც აუცილებლად გახდება მაღალი სამოქალაქო ხარისხის მაგალითი.