იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის (ალადაშვილი) წერილი აკაკი წერეთელს
იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის (ალადაშვილი) წერილი აკაკი წერეთელს:
“დიდებულო მამულიშვილო, ბატონო აკაკი!
ჩემი და ჩემდამი რწმუნებული სამღვდელოების სახელით მოგილოცავთ თქვენს ბრწყინვალე დღესასწაულს. დღე ესე ქმნა ღმერთმან თქვენდა სადიდებლად და მშობელი ერის ჭკუის მასწავლებლად. ორმოცდაათი წელი აღვიძებდი შენს სატრფო სამშობლოს, იქნება ეჭვიც შეგეპარა მის გაღვიძებაში. და იგი წარმოიდგინე მომაკვდავათ. არა, თქვენ ამას ვერ იფიქრებდით, რადგან თქვენ სამშობლოს მომავალს ამყარებთ დიდებულ წარსულზედ. რაც უნდა გავკაფოთ ხე, იგი იშოვის დროს და გამოიღებს ახალ შტოებს, რადგან ფესვები თავიდანვე საღი და მაგრად გაბმული აქვს. ღმერთმა შენ თვითონ გაგხადა იმის ღირსი, შენი თვალით დაგენახა და შენი ყურით გაგეგონა ბრწყინვალე შედეგი შენი ორმოცდაათი წლის მოღვაწეობისა. ბედნიერი ხარ შენ უკუნისამდე, უფრო კი ბედნიერია შენი ერი, რომელმაც ისმინა შენი და მოგდევს უკან, როგორც გონიერი შვილი თავის მასწავლებელს და მამას. დიდებულო ადამიანო, შენ შეგიძლიან უშიშრად მიუგო შენი ერის ძველ გმირთა სახარების სიტყვებით: აი მე და ისინი, ვინც მე ჩამაბარეთ არც ერთი მათგანი არ დამიღუპნია – შეხედე შენი შორს გამჭვრეტელის თვალით ამ წმიდა ტაძრის კედლებს, აქ არიან ჩვენდა მასწავლებლად ხატები ჩვენთა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამა ჩვენთა. დიდი და ურიცხვია გუნდი მათი. მწამს და ვაღიარებ, რომ ამ წუთში იგინი ნეტარების სიხარულით აღტაცებულნი დაგყურებენ ზეციდან და უხილავად გადგამენ თავზედ ზეციურ დაფნის გვირგვინს, როგორც მათ მისაბაძ ერის შვილს. ბედნიერი ვარ დღეს მეც, რომელსაც, განგებით ღვთისა, მხვდა წილად მოგილოცოთ დიდებული დღესასწაული. არა თუ მე, უღირსი მღვდელმთავარი, არამედ დიდებულნი გაენათელნი და ქუთათელნიც დიდ ჯილდოდ ჩათვლიდნენ თავიანთ თავს, რომ შეეძლოთ ამ წუთში ჩემი ადგილის დაჭერა, ლოცვითა მათითა გლოცავ, სამშობლოს საყვარელო შვილო და დიდებავ, ხატით მაცხოვრისა ჩვენის იესო ქრისტესითა, რომლის სიყვარული შენ შთაგინერგა ნეტარმა მშობელმა შენმა და რომლის იდეალებით ბავშობიდანვე განმსჭვალული ხარ.” 1908 წ.