ქალი, რომელიც მოწყალების თხოვნით ნაშოვნი ფულით ბავშვთა სახლს ეხმარებოდა – ვინ იყო “პლეხანოველი მარინა”

პლეხანოველი მარინა, ნამდვილი სახელი და გვარი მარინა გელაშვილი (დ. 25 მაისი, 1935 — გ. 24 თებერვალი, 2011, თბილისი) — თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი. დედაქალაქის მოსახლეობა მას „პლეხანოველ მარინად“ იცნობდა. ბოლო 17 წლის განმავლობაში „პლეხანოველი მარინა“ სოლოლაკში, დადიანის ქუჩის კუთხეში იჯდა და გამვლელი ავტომობილების მძღოლებს მოწყალებას სთხოვდა. თავდაპირველად პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა, შემდეგ კი — დადიანის ქუჩა №20-ში.

ახალგაზრდობაში მარინა ლამაზი ქალი იყო. თბილისში განსხვავებული ჩაცმულობითა და ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა და ბევრი მამაკაცის ყურადღებას იქცევდა. როგორც ამბობენ, ვიღაცას შეუცდენია და ტყუპი ბიჭებიც ჰყოლია მისგან, ამის მერე ფსიქიკა შელახვია. მისივე სიტყვებით კი, მას ერთი შვილი ჰყოლია, ლიანა, რომელიც 2 წლის ასაკში ბაღიდან მოუპარავთ, იმის მერე უძებნია, მაგრამ ვეღარ უპოვია. მანამდე კი ქმარი გარდაცვლია, სურამის უღელტეხილზე ავტოავარიაში. მისი თქმით, სწორედ „ამის შემდეგ გაუბედურდა“.

უყვარდა სტადიონზე სიარული, ფეხბურთის ყურება და ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრობა. ცნობილი იყო იმითაც, რომ ღვინით სავსე ჭიქას ორ თითზე დაიდებდა, ხან მაღლა აწევდა, ხან დაბლა — ისე რომ წვეთი არ იღვრებოდა და სადღეგრძელოებს ამბობდა ხოლმე. ზოგჯერ ჭიქას მკერდზე იდებდა და იქიდან სვამდა. პურის რიგში კაცებს გაყრიდა ხოლმე აქეთ-იქით და მოხუც ქალებს წინ გაუშვებდა.

ქუჩაში მათხოვრობით ნაშოვნი ფულით მარინა ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა — უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. თურმე მიდიოდა ბავშთა სახლში და ბოლო კაპიკამდე უდედმამო ბავშვებს აძლევდა ფულს. ასევე, მას რამდენიმე ოჯახი ჰყავს შიმშილს გადარჩენილი.

გარდაიცვალა თბილისში 2011 წლის 24 თებერვალს.

ინგა ყაველაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.