როგორ მართავენ წარმატებული ადამიანები საკუთარ ემოციებს

ყველას გვიფიქრია, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს, მივაღწიოთ წარმატებას კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში და ჩვენი ყოველდღიური მარცხები გამარჯვებებით შევცვალოთ. ასეთ დროს წარმატებული ადამიანების პირადი მაგალითები საზოგადოებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე – ზოგი მათში პოულობს შთაგონებას და ცდილობს, იმ გზას დაადგეს, რომელიც ცნობილმა წარმატებულმა ადამიანმა გაიარა.

თუმცა, ყველას საკუთარი გზა გვაქვს და აუცილებელია, რომ ის თავად გავიკვალოთ. ამისათვის, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაა საჭირო, თუ რომელი გზაა ჩვენი. წარმატებული ადამიანების ცხოვრებაშიც იყო მომენტები, როდესაც ამ გზაგასაყარზე იდგნენ და ან უნდა გაეკეთებინათ სწორი არჩევანი, ან დაბრუნებულიყვნენ უკან, რეგრესისკენ.

ყველაზე მთავარი, რაც მათი მაგალითებით შეგვიძლია ვისწავლოთ, ისაა, თუ როგორ გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი და ჩვენი რესურსები სწორი მიმართულებით მივმართოთ. ზოგი მათგანი საკუთარი ძალებით ცდილობს რესურსების მობილიზებას, ზოგიც ფსიქოლოგებსა და ქოუჩებს მიმართავს, პროფესიონალებს, რომლებიც მათ მოტივაციას უღვივებენ, ძლიერი მხარეების გამოკვეთაში ეხმარებიან, საკუთარი სურვილების ამოცნობას, მიზნების დასახვასა და მათ ეფექტურად შესრულებას ასწავლიან, საბოლოოდ კი, წარმატების მიღწევასა და ცხოვრების გაუმჯობესებაში უწყობენ ხელს. ყველას საკუთარი სტილი აქვს დატვირთული გრაფიკის დასაძლევად, ცხოვრებისეული ბარიერების გადასალახად, ემოციების სამართავად თუ უბრალოდ, უკეთ ყოფნისთვის. ფაქტი ერთია, რა მეთოდებითაც არ უნდა ეცადოთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ, რომ ეფექტურად მართოთ საკუთარი ცხოვრება და მიიღოთ საასურველი შედეგი – ანუ მიაღწიოთ წარმატებას.


საზოგადოებასთან ურთიერთობის და  სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტის, პროფესორ ელდარ პირმისაშვილის, ისევე, როგორც ყველა საქმიანი ადამიანის, ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. მისი კარიერა ორ მიმართულებას უკავშირდება: წლებია, პიარსაკომუნიკაციო სფეროში მუშაობს, თავად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას და ასევე, არის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩეველი. პარალელურად, სამი უნივერსიტეტის პროფესორია და კომუნიკაციის მიმართულებით, საგანმანათლებლო პროცესშია აქტიურად ჩართული. შესაბამისად, მისთვის მთავარი გამოწვევა დროისა და რესურსების სათანადო გადანაწილებაა. მის აზრით, ფსიქოლოგთან და ქოუჩთან მუშაობა ადამიანის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ფაქტობრივად, თავადაც ქოუჩია, ოღონდ ორგანიზაციების…

„დროის გადანაწილების პროცესს სერიოზულად ვუდგები. საქმეებს პრიორიტეტებად ვყოფ და კვირა დღეს მთელი მომდევნო კვირის გრაფიკს წინასწარ ვწერ. მართალია, რობოტივით ვერ იმუშვებ და მეც ჩემს გრაფიკში რაღაც-რაღაცების გადახედვა მიწევს, თუმცა გეგმის არსებობა აუცილებელია. ადამიანებისა და ეთნოფსიქიკის თვალსაზრისით, საქართველო არასდროს ყოფილა, მაგალითად, გერმანიის მსგავსი ქვეყანა, სადაც გასაკეთებელ საქმეებს ძალიან ეფექტურად და სწრაფად დაგეგმავდნენ, თუცა დრომ ჩვენ თავად გვიკარნახა, რომ თუ არაფერს დავგეგავთ, ძალიან ცუდი შედეგები გვექნება.

ადრე ყოველ შაბათ-კვირას ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ მნიშველოვანია, ეს დრო საკუთარ თავს, ოჯახს, მეგობრებს, ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე გასეირნებს და მსგავს აქტივობებს დაუთმო. ამას მე „გონების განიავებას“ ვეძახი. ეს აუცილებელია, რადგან მთელი კვირის განმავლობაში ძალიან სტრესული გარემო გვაქვს და განტვირთვა გვჭირდება.

მართალია, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგში ვერკვევი. ბიზნესის კუთხით, ჩემი საქმიანობაც, პრაქტიკულად, იგივეა, ოღონდ მე ორგანიზაციებს ვუწევ კონსულტაციას. მიმაჩნია, რომ ქოუჩების როლი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე ადამიანებს მეტი დრო ჰქონდათ და ამ სივრცეს მეგობრები ავსებდნენ. დღევანდელი დაკავებულობის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს სივრცე ცარიელია. შენს პრობლემებს ადამიანებს თავს ვერ მოახვევ, თანაც ყველაფერს ხომ პროფესიონალი სჭირდება… ამიტომ მიხარია, რომ ქოუჩინგის ტენდენცია საქართველოშიც შემოვიდა, რადგან ამ ყველაფერს ძალიან კარგი შედეგი აქვს. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ფსიქოლოგისა თუ ქოუჩის დახმარებით, წარმატებას მიაღწია. ეს პროფესიაც, დაახლოებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიას ჰგავდა, რომელსაც თავიდან არასერიოზულად აღიქვამდნენ, მაგრამ მერე ადამიანებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ის.“


მუსიკოსი სალიო ერთ-ერთი უძველესი მედიტაციის, Vipassana-ს 10-დღიან კურსზე გაემგზავრა. Vipassana-ს შესწავლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია შესაძლებელია, თუმცა სალიომ არჩევანი ბალიზე შეაჩერა. მისთვის მთელი პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და რაც მთავარია, საოცარი შედეგი მიიღო.

„ამ კურსს სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პროფესიის 40 ქალი და 40 კაცი ვესწრებოდით. დღეში 9 საათის განმავლობაში, უბრალოდ, ვიჯექით და ვმედიტირებდით. გვქონდა სპეციალური საჭმელი და შეგვეძლო, მხოლოდ ხილი მიგვერთვა. მართალია, ყველამ ბოლომდე ვერ გაუძლო, რადგან რთულია, 9 საათის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა და ისე სუნთქვა, როგორც გასწავლიან, თუმცა რაც მეტად მოინდომებ, შედეგიც მით უფრო კარგი გექნება.

ამ კურსმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ვისწავლე კონკრეტული სუნთქვითი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც, შემიძლია, პრობლემებს, დაძაბულობას, სევდას, დეპრესიას ან თუნდაც, სიხარულს სულ სხვანაირად დავხდე და უკეთ ვმართო ჩემი შეგძნებები. შეგიძლია, მიიღო ეს ემოციები და შემდეგ, თითქოს, გაუშვა… მე-9 დღეს, როცა სარკეში ჩავიხედე, სხვა ადამიანი ვიყავი: თვალები მიბრწყინავდა და თავს ბენდიერად ვგრძნობდი.

ამ კონკრეტული კურსის გარდა, სხვადასხვა კურსი არსებობს, რომლებიც ჩემმა მეგობრებმაც გაიარეს. მე ყველას ვურჩევ, რომ გამოსცადონ. როგორც ბუდისტი ბერები ამბობენ, მედიტაცია დიდი ძალა და სიბრძნეა. თუ ადამიანები სხვა გზით ახერხებენ მედიტაციას, ესეც კარგია: ზოგი ცეკვავს, ზოგი ლექსს წერს, ზოგიც – მუსიკას, მაგრამ ჩემთვის ეს აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც ყველაზე მეტად დამამშვიდა.“


პიარმენეჯერი ანა ჩანგიანი ქოუჩსა და ფსიქოლოგს უკვე 3 წელია, რეგულარულად სტუმრობს. სწორედ იქ, იმ სივრცეში ხდება მის საქმიან თუ პირად ცხოვრებაში ის მნიშვნელოვანი გარდატეხები, რომლებიც შემდგომ მის წარმატებას განაპირობებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ აქ ისწავლა მთავარი – როგორ გამოეყენებინა სწორად საკუთარი უნარები და მისი პრობლემური თვისებები მისივე ძლიერ მხარედ ექცია.

„ბავშვობიდან ძალინ მოწერგიებული ვარ და გრაფიკით მუშაობა მიყვარს. გარშემო მყოფ ადამიანებთან ძალიან რთული იყო იმის მიღწევა, რომ ისინი ჩემს რეჟიმს მორგებოდნენ. როგორც წესი, ადამიანებს უყვართ თავისუფლება და არ უყვართ გეგმები. ჩემი პრობლემა კი ის იყო, რომ მე, როგორც მოწესრიგებულ ადამიანს, მიჩნდებოდა მათ მიმართ პროტესტი, რომელიც ხშირად კონფლიქტურად იყო გამოხატული. ფაქტობრივად, ადამიანებს ვაიძულებდი, აჰყოლოდნენ ჩემს ტემპს. ეს ჩემი კომფორტის ზონა იყო და ვცდილობდი, ისინი თავიანთი კომპფორტის ზონიდან ჩემსაში გადმომეყვანა.

როცა ქოუჩთან ზიხარ და კონკრეტულ კითხვებს გისვამს, შენი გონება ყველაფერს სხვანაირად ხედავს. ქოუჩინგის პროცესმა დამანახა, რომ ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია და რეალურად, ხელის შემშლელი ფაქტორებიც არ არსებობს. მარტივადაა შესაძლებელი მიაღწიო დასახულ მიზანს, თუკი სწორად გააანალიზებ ვითარებას, სწორ გეგმებს დასახავ და სწორ ნაბიჯებს გადადგამ. ერთ-ერთი მთავარი, რაც აქტიური ქოუჩინგთერაპიისას ვისწავლე, საკუთარი მოლოდინების მართვაა – თუ რას ელოდები სამყაროსგან და ადამიანებისგან. თუ ადამიანს სურს, გახდეს შენი მიზნების, ოცნებებისა და გეგმების ნაწილი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალემებელია, თუმცა არცერთ შემთხვევაში – სავალდებულო. ჩვენი სურვილები მხოლოდ თავად უნდა შევასრულოთ და არ ვაიძულოთ სხვები, გახდნენ ჩვენი ოცნებების ამსრულებლები.

ხშირად ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას სხვებს აბრალებენ: „არა დამეხმარა“, „არ გამიკეთა, „ჩემზე არ იფიქრა“… სინამდვილეში, აქ მათი ეგოიზმი იკვეთება. აუცილებელია, სურვილები და ვალდებულებები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. თავად უნდა ვიმუშაოთ საკუთარი გეგმების შესრულებაზე. სწორედ ეს არის წარმატების მიღწევის ყველაზე ეფექტური და მარტივი გზა, რისი გაცნობიერებაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. ჩემი უნარები სხვა მხარეს მივმართე და შედეგიც უკეთესი მივიღე.

მე გავხდი ადამიანი, რომელმაც შევძელი ჩემი კონკრეტული მიზნების მიღწევა და აღმოვჩნდი მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვისა და მეგორებისთვის. ამის გაკეთება ყველას შეუძლია, თუ სწორად ვიფიქრებთ, სამოქმედო გეგმას ჩვენი უნარების მიხედვით შევადგენთ და განვსაზღვრავთ, რა გვსურს და რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ საწადელს მივაღწიოთ.

ქოუჩინგი – ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დროის, როცა არ არსებობს გარანტიები, ყველაფერი ხშირად იცვლება და ვითარდება. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ მიმდინარე პროცესებს და ვიყოთ მაქსიმალურად პრაქტიკულები. ამისათვის კი გეგმების შედგენა გვჭირდება.“


ნინა პერტენავას სტრატეგიული მარკეტინგისა PR-ის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ქოუჩის დახმარებით, მან საკუთარ თავში არსებული ხელის შემშლელი ფაქტორების გარდაქმნა შეძლო და გამოიმუშავა ის უნარები, რომლებიც პროფესიული წარმატებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

„ჩემი ყოველდღიური გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. არ აქვს მნიშვნელობა, სამუშაო დღეა თუ დასვენების. წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩამომეყალიბებინა დროის განაწილების ჩვევა, რათა საქმისთვისაც დამეთმო დრო და საკუთარი თავისთვისაც. ყველაზე დიდი ვალუტა მაინც დროა, დროის ფაქტორი კი, ადვილად არ იმართება.

ჯერ დროის მართვისა და თვითდისციპლინის ტრენინგებს დავესწარი, შემდეგ უკვე ქოუჩსაც მივმართე. ქოუჩმა ჩემი სპეციფიკა ამიხსნა – რომ მე ვარ ირაციო, ადამიანი, რომელიც არ არის მიდრეკილი წესრიგისკენ და პროდუქტიულობის მისაღწევად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მასწავლეს ტექნიკები, რომელთა დახმარებითაც შევძელი, რომ სრულიად ირაციო ადამიანისგან სრულიად მოწესრიგებულ ადამიანად ვქცეულიყავი.

ფსიქოლოგის, ქოუჩისა და მსგავსი პროფესიის ადამიანების დახმარება ამ დროს ძალიან ეფექტურია. მე არ ვიცი, სად ვიქნებოდი ახლა ამ ყველაფრის გარეშე. ეს მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ, რადგან ამაზე დგას ადამიანის კარიერაც, წარმატებაც, პირადი ურთიერთობებიც და ყველაფერი დანარჩენი.“


ჟურნალისტი ნინო დარასელი, ყველასათვის ცნობილი როგორც „დარსო“, განვითარების მნიშვნელოვან საფეხურად მიიჩნევს ფსიქოლოგთან და მსგავსი პროფესიის ადამიანთან ურთიერთობის კულტურის შემოსვლას საქართველოში. იყო დრო, როცა იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, რომლებიც სპეციალისტს კონსულტაციისთვის მიმართავდნენ, რბილად რომ ვთქვათ, შეუსაბამო იყო და საზოგადოებრივი აზრიც ამ ყველაფრის შესახებ მცდარი გახლდათ.

„იყო დრო, როცა მენტალურ პრობლემებზე საუბარი უხერხულობას იწვევდა. სულ რამდენიმე ადამიანი იცოდი, ვისაც მენტალური პრობლემა ჰქონდა და ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდა.

მიხარია, რომ დღეს საზოგადოების ცნობიერება უფრო ამაღლდა და ადამიანები უკვე პრობლემის გაჩენისთანავე აკითხავენ ექიმს. მეც რამდენიმე წლის წინ მივედი ფსიქიატრთან და კონსულტაცია გავიარე, რადგანაც ვატყობდი, რომ არსებულ ნერვულ დაძაბულობას მე თვითონ ვეღარ ვერეოდი. დახმარება, რომელიც მაშინ მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მას მერე ყველას ვურჩევ, ყოველთვის დროულად მიმართონ სპეციალისტს.

ჩემმა ექიმმა მაშინ მითხრა, რომ ეს ყველაფერი ანგინის საწყის პერიოდს ჰგავს. როცა ყელის ტკივილი გეწყება, სოდიანი წყლის გამოვლებას იწყებ. ზუსტად ასე სჭირდება ადამიანის ნერვებს მკურნალობა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.