21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი პროდუქტი – პრაქტიკული ფსიქოლოგია

ყველა ჩვენგანი უფრო მეტ ისეთ ადამიანს ვიცნობთ, რომელიც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა, ვიდრე ისეთს, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს. დიდი ალბათობით, თავად ჩვენც ასეთი ვართ. გვინდა, გვქონდეს უკეთესი სამსახური, თავი დავაღწიოთ ოჯახურ პრობლემებს, მივაღწიოთ წარმატებას ან, უბრალოდ, ვიპოვოთ ჩვენი სიმშვიდე. ეს ერთი დიდი ჯაჭვია, რომელსაც ვერ ვწყვეტთ და თანდათან ყველაფერი უფრო რთულდება. ახლა, როცა ეს პრობლემები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ამძიმებს, გამოსავალიც ბუნდოვანია. ირგვლივ არც არავის ვენდობით. ჩვენ ჩვენი ცხოვრების ჭაობში ვდგავართ და ვგრძნობთ, როგორ ვეშვებით ქვევით.

ასეთ დროს არსებობს ერთი პოპულარული რჩევა – „მიმართეთ ქოუჩს“. რა თქმა უნდა, ჩვენ არც მას ვენდობით. ქოუჩების შესახებ რაღაც კი გაგვიგია, მაგრამ როგორ შეიძლება, არსებობდეს უცნობი ადამიანი, რომელიც ჩვენს პრობლემებს მოგვაგვარებინებს… მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ამ დროს ხომ ყველა დახმარების ხელს ვეძებთ?

ხომ არ გვეცადა? ან, იქნებ, ის მაინც გავარკვიოთ, ცდად ღირს თუ არა? არსებობს თუ არა რეალური ხელჩასაჭიდი ზოგადი ქოუჩინგური ლოზუნგების მიღმა და სინამდვილეში, რა შეუძლია პრაქტიკულ ფსიქოლოგიას?

რას ნიშნავს, იყო ქოუჩი თანამედროვე სამყაროში?

(ხათუნა მუზაშვილი – ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი, ქოუჩი)

-ეს შეიძლება, ორგვარად აღვიქვათ. ერთია, იყო ქოუჩი და დაეუფლო ახალ პროფესიას და მეორე – ვფიქრობ, ეს არის თითოეული ადამიანის მისია და სურვილი. დღეს ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ პრაქტიკული ფსიქოლოგია ყოველდღიური გამოყენების საგანია. იყო ქოუჩი, ნიშნავს, შეგეძლოს მოვლენების პოზიტიურ ჭრილში დანახვა და ამაში შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც დაეხმარო.

ვის სჭირდება ქოუჩი? რა შეუძლია ქოუჩს ადამიანისთვის, რომელიც საშუალო სტატისტიკური ცხოვრებით ცხოვრობს: მუშაობს, ჰყავს ოჯახი, აქვს ფინანსური ვალდებულებები, საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება, არ არის კმაყოფილი საკუთარი შემოსავლით და უნდა, ყოფითი პირობები გაიუმჯობესოს?

-არ გეტყვით, რომ ქოუჩი ყველას სჭირდება. ყველას ბედნიერებაც კი არ სჭირდება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბედნიერების ეშინიათ. ზოგსაც, მაგალითად, სიმდიდრის ეშინია.

ადამიანის განვითარება აღწევს გარკვეულ ნიშნულს, როცა ის ხვდება, რომ არ არის კმაყოფილი საკუთარი თავით, მიღწევებითა თუ ფინანსური მდგომარეობით. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც მას საკუთარ ცხოვრებაში არაფერი მოსწონს ან შემთხვევა, როდესაც, წესით, უნდა მოსწონდეს, მაგრამ არ მოსწონს. ამ დროს ადამიანები იწყებენ ან იმ გზების ძიებას, თუ როგორ გაუგონ საკუთარ თავს და ეს უკმაყოფილება დაძლიონ ან მეორე – როგორ გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრების პირობები.

დღეს, როცა ამაზე ძალიან ბევრი კვლევა, წიგნი თუ სხვა ტიპის მასალა არსებობს, ადამიანებმა იციან, რომ შეუძლიათ, იმუშაონ საკუთარ თავზე და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები, იმუშაონ საკუთარ უნარებზე და გახდნენ მეტად კმაყოფილნი. აქედან გამომდინარე, ქოუჩის მომსახურება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი საკუთარ თავთან, აცნობიერებენ, რომ ამის რესურსი აქვთ, მაგრამ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ.

ხშირად ქოუჩინგ სესიაზე მოდიან ადამიანები, რომლებიც, თითქოს, არ არიან ამისთვის მზად, მაგრამ სურთ, რომ „მოსინჯონ“. ამ „მოსინჯვის“ უკან, ძირითადად, მზაობა იმალება. „მოსინჯვა“ ერთგვარი გამართლებაა იმ შეცდომის, რომელსაც, მათი აზრით, შესაძლოა სესიაზე მოსვლით უშვებდნენ. ადამიანებს ძალიან ეშინიათ შეცდომის დაშვების… ასე რომ, უმრავლესობა ასე იწყებს და შემდეგ ერთვება ძალიან საინტერესო პროცესში, რომელსაც საკუთარი თავის ამოცნობა, საკუთარი სურვილების გაცნობიერება და საკუთარი მიზნებისაკენ სვლა ჰქვია. ყველა ადამიანი, ვინც ეს გზა გაიარა, დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში ამაზე საინტერესო პროცესი არ არსებობს.

კითხვის პასუხი რო შევაჯამოთ, ასე ვიტყვი: ქოუჩს შეუძლია, დაგანახოს, რა შეგიძლია შენ! და ყველაფერს, რაც შენ, პრინციპში, შეგიძლია, მაგრამ არ იცი, როგორ მიაღწიო, ის შეგაძლებინებს.

თქვენ საუბრობდით ქოუჩინგზე, როგორც პრაქტიკულ, გამოყენებით ფსიქოლოგიაზე. საინტერესო იქნება იმის მოსმენაც, თუ რით განსხვავდება ქოუჩინგი ფსიქოლოგიის კლასიკური გაგებისგან?

-პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში, ისევე, როგორც პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, მოვიაზრებ ფსიქოლოგიიდან ამოღებულ იმ ცოდნას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ და გადმოვთარგმნოთ პოპულარულ ენაზე, რომელიც მარტივად გასაგები იქნება ადამიანებისთვის. მაგალითად: როგორ ვამეცადინოთ ბავშვი – რა მეთოდებს მივმართო, რათა, ყვირილის გარეშე, ეფექტური გავხადო მისი მეცადინეობის პროცესი; როგორ დავალაგოთ მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობა; როგორ ვპოზიციონირდეთ სამსახურში; როგორ წარვდგეთ უკეთ აუდიტორიის წინაშე; როგორ შევთავაზოთ პროდუქტი მომხმარებელს და ა.შ. ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული ფსიქოლოგიური ცოდნა, ასე ვთქვათ, გამოყენებითი ფსიქოლოგია.

რატომ გახდა ქოუჩინგი დღეს ასეთი აქტუალური?

-ბოლო წლებში არა მხოლოდ ქოუჩინგის, არამედ, ზოგადად, ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა თუ პოზიტიური ფსიქოლოგიის მოთხოვნილება გაიზარდა. ეს იმ გარემო პირობების დამსახურებაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

20-25 წლის წინ ჩვენ ინდუსტრიულ საუკუნეში ვცხოვრობდით. ეს იყო დრო, როდესაც მეგობარს ვუგზავნიდი წერილს, რომელზე პასუხსაც 3 კვირაში მივიღებდი. წარმოიდგინეთ, ადამიანებს დრო ჰქონდათ 3-კვირიანი ლოდინისთვის. მაშინდელი ცხოვრების ტემპი იძლეოდა ამის საშუალებას. დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ინდუსტრიულ საუკუნეში, დღეს ინფორმაციული საუკუნეა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი ინფორმაციის სწრაფად გაცვლაზეა დამოკიდებული. დღეს ყოველწამიერად უნდა შეძლო რეაგირება, თორემ ცხოვრების ტემპს ჩამორჩები. თუნდაც, 20 წლის წინ ან, მით უმეტეს, კიდევ უფრო ადრე, ადამიანს და შესაბამისად, მის გონებას ჰქონდა მეტი დრო, რათა გაეანალიზებინა პროცესები.

ის ინფორმაციული იერიში, რომელიც ჩვენს გონებაზე ყოველდღიურად მიმდინარეობს, უკვე იმხელა სტრესს წარმოადგენს, რომ გონებას მასთან გასამკლავებლად მთელი რესურსის დახარჯვა უწევს. სტრესის მოსახსნელად ადამიანებს ისევე სჭირდებათ დრო, როგორც ჭრილობას- შესახორცებლად, მაგრამ ჩვენ დღეს ამის დრო აღარ გვაქვს. ეს დიდი რაოდენობის ინფორმაცია არასაჭირო ფაილებით გავსებულ კომპიუტერს ჰგავს, რომელიც გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს და ჭედვას იწყებს. ჩვენი გონებიდან ამ არასაჭირო ფაილებს პერიოდულად წაშლა სჭირდება. ადამიანის გონების განთავისუფლების, ქვეცნობიერის განახლების ასეთი აუცილებლობა ბოლო დროს იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ ინფორმაციულ საუკუნეში ვცხოვრობთ.

ამ დროს უკვე გვჭირდება ვიღაც, ვინც ამაში დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგიასთან ერთად, ქოუჩინგზე გადავედით. თუ მე არ მაქვს სასურველი შემოსავალი, წონაში ვერ ვიკლებ ან სხვა რამ მაწუხებს, კლასიკური ფსიქოლოგია მეხმარება, იმ კუთხით შევხედო საკითხს, რომ ეს პრობლემად აღარ მივიჩნიო და მივიღო, როგორც მოცემულობა. ქოუჩინგი კი მეხმარება, კიარ შევეგუო, არამედ შევცვალო და მივაღწიო იმას, რაც მინდა. ამიტომ გახდა ქოუჩინგი დღეს ასეთი მოთხოვნადი.

საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ზოგჯერ საკმაოდ უარყოფითია. როგორია ქოუჩინგის კულტურა უცხოეთში?

-საზღვარგარეთ ადამიანთა უმეტესობას აუცილებლად ჰყავს საკუთარი ტრენერი, ქოუჩი, მენტორი ან ფსიქოლოგი. ამის გარეშე ადამიანი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ადრე საქართველოში ქოუჩინგის მიმართ ირონიული დამოკიდებულება იყო და ხშირად გამიგია, რომ თუ მეგობარი გყავს, თითქოს, ქოუჩი აღარ გჭირდება, თუმცა მეგობარი არ არის ექსპერტი წარმატების მიღწევის საკითხებში.

სიმართლე გითხრათ, მე ვერ ავუდივარ ადამიანების იმ რაოდენობას, რომელიც ქოუჩინგისთვის მომმართავს. ასევე, მე ვიცნობ ჩვენი ქოუჩინგის სკოლადამთავრებულებს, რომელთაც, ასევე, ჰყავთ კლიენტების საკმაო რაოდენობა.

ქოუჩინგის ერთ-ერთ უპირატესობად სახელდება ის ფაქტი, რომ მის დაუფლებას და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობას არ სჭირდება წლობით სწავლა, დიპლომი, სამეცნიერო ხარისხი და ა.შ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ეს საქმე, ასე ვთქვათ, არ არის სერიოზული და ხომ არ აკნინებს ეს სიმარტივე ამ პროფესიის მნიშვნელობას?

-არსებობს 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ თავიანთი საუნივერსიტეტო პროგრამა. ეს პროფესიები იმდენად სწრაფად წამოგვეწია, რომ მათ გარეშე დღევანდელი ბიზნესი წარმოუდგენელია. მაგალითად, სოციალური მედიამარკეტინგის მენეჯერი, რომლის გარეშეც პანდემიის პერიოდში ბიზნესი, ფაქტობრივად, ვერ იმუშავებდა. ბიზნესმენები, რომელთაც დამთავრებული აქვთ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და ამ ბიზნესს მართავენ, აღმოჩნდებოდნენ ფსკერზე, რომ არ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გავლილი აქვს 3-თვიანი კურსი.

ადრე გაყიდვების სფეროში, ძირითადად, ისინი მუშაობდნენ, ვისაც სხვა სამსახური არ ჰქონდა და შემოსავალი სჭირდებოდა. ეს არის პროფესია, რომელსაც დღეს ადამიანები უკვე თავად ეუფლებიან რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეკვირიანი ტრენინგის შედეგად. მაგალითად, მე ვატარებ 6 ან 8-შეხვედრიან გაყიდვების კურსს, რომლის გავლის შემდეგაც ადამიანები ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომელზეც კვლავ დგას ბიზნესი.

ასე რომ, უამრავი ბიზნესი დღეს არ იარსებებდა, რომ არ იყვნენ ადამიანები, რომელთა განათლებაც არის რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეკვირიანი.

რაც შეეხება ქოუჩინგს, ადრე ეს სფერო სრულიად არარეგულირებადი იყო, თუმცა ესეც ძალიან სწრაფად განვითარდა. არსებობს ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაცია, რომელსაც აქვს გარკვეული ნორმები და არა სრულიად, თუმცა ნაწილობრივ არეგულირებს გარკვეულ საკითხებს. უახლოეს 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი უფრო კარგად იქნება ჩამოყალიბებული.

ქოუჩინგის პრინციპების თანახმად, ქოუჩი არ იძლევა რჩევებს და ადამიანს თავად უწევს გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. მაშინ რატომ გვჭირდება ქოუჩი? რა მექანიზმით აღწევს ის მიზანს, რომელსაც კლიენტი დამოუკიდებლად ვერ მიაღწევს?

-მართალია, კლასიკური ქოუჩინგი რჩევებს არ იძლევა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი გარკვეული კითხვებით მივა ქოუჩთან, ის ამაზე პასუხს ვერ მიიღებს. თუმცა, ქოუჩინგში ყველაზე საინტერესო ისაა, როცა ადამიანი რაიმეს აცნობიერებს და შესაბამისი სავარჯიშოებისა თუ ქოუჩის მიერ დასმული გარკვეული კითხვების მეშვეობით, საკუთარი თავის აღმოჩენას იწყებს. ჩვენ ხშირად არ ვიცით, რა გვინდა. ვშრომობთ, ვაღწევთ მიზნებს და შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ჩვენი არ არის.

ჩვენ საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე ვსაუბრობდით, რომელსაც არ ჰყოფნის ფული, არ ჰყოფნის განწყობა… ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ მოტივაცია არა გვაქვს ანუ არ გაგვაჩნია რაღაც, რისი გულისთვისაც მთებს გადავდგამთ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ქოუჩინგის ინსტრუმენტები არის დამატებითი საშუალებები, სათვალე, ლუპა, რომელიც დაგვანახებს, თუ ვინ ვართ ჩვენ რეალურად და რა გვინდა. როდესაც მოტივაცია სწორია, ადამიანი ყოველთვის იპოვის მიზნის მისაღწევ გზას. შეიძლება, ბევრჯერ შეეშალოს, მაგრამ აუცილებლად მივა ბოლომდე. როდესაც ზუსტად იცი, სად ხარ, სად უნდა წახვიდე და რა დრო გჭირდება, მიზნისკენ სვლას იწყებ და ამ გზაზე არსებული დაბრკოლებების გადალახვის სხვდასხვა მეთოდს ეძებ, რათა ბოლოს საწადელს მიაღწიო. არ ჩერდები.

დავუშვათ, მე მინდა ბევრი ფული იმისათვის, რომ ვიყიდო ბევრი ტანსაცმელი. სინამდვილეში, შესაძლოა, ბევრი ტანსაცმელი კი არ მინდოდეს, არამედ მინდოდეს, რომ ვინმეს მოვეწონო. ჩვენ ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, რომლებიც მიზნამდე არ მიგვიყვანს. საკუთარ მიზნებში გარკვევა საქმის 80 პროცენტს აგვარებს და დამიჯერეთ, მაშინ ისეთი მარტივია ყველაფერი, როგორც ამაზე საუბარი. სხვა შემთხვევაში, ამ 16 წლის მანძილზე არ მეყოლებოდა არმია ადამიანებისა, რომლებიც ფანტასტიკურ შედეგებს აღწევენ.

რას აძლევს ქოუჩინგი თავად ქოუჩს?

-ქოუჩები, ტრენერები, მენტორები და პრაქტიკული ფსიქოლოგები არიან ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში, პირველ რიგში, საკუთარი თავის დასახმარებლად მოვიდნენ. აქ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული პრინციპი მუშაობს – რასაც გასცემ, იმას იღებ. ჩვენ ვირჩევთ იმ პროფესიას, რომლის მეშვეობითაც, იმას ვაკეთებთ, რისი მიღებაც გვსურს. როდესაც შენ ადამიანებს ამ ყველაფრის გაცნობიერებაში ეხმარები, შენი გონება სულ ამ რეჟიმში მუშაობს და ავტომატურად, შენც წარმატებული ხარ. იმდენი სწორი კითხვის დასმა და იმდენი შემთხვევის გაანალიზება გიწევს, რომ ამ პროცესში საკუთარსაც აანალიზებ. ქოუჩები სწავლობენ, თუ როგორ მართონ საკუთარი თავი. ვიტყოდი, რომ ეს პიროვნებად შედგომის პროცესია.

სად შეგვიძლია შევისწავლოთ ქოუჩინგი და რას გვეტყვის უშუალოდ თქვენს სკოლაზე?

-საქართველოში ქოუჩინგის შესასწავლი არაერთი კურსი არსებობს, ერთ-ერთი ასეთი ჩვენი სკოლაა. ის, რაც ყველასგან განგვასხვავებს, ჩვენი პროგრამა და სასწავლო პროცესისადმი უფრო სიღრმისეული მიდგომაა. ჩვენთან არ ისწავლება მხოლოდ ის, თუ როგორ ჩაატარო ქოუჩინგ სესია. ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის სკოლაში უფრო მეტი მუშაობა მიმდინარეობს პიროვნებაზე, იმიჯზე, მეტყველებაზე… გარდა ამისა, ადამიანებს ვასწავლით, როგორ შეადგინონ მინიტრენინგი და წარდგნენ საზოგადოების წინაშე. მოკლედ, ჩვენთან გაცილებით მეტი საგნის შესწავლა შეგიძლია.

უშუალოდ ჩვენი ქოუჩინგის სკოლა 3 წლისაა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ტრენინგცენტრი, რომელიც 16 წლის წინ შევქმენით, საქართველოში პირველი იყო. შესაბამისად, ქოუჩინგის სკოლას ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, ამ საქმეს აკეთებენ. ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული ლექტორები, რომელთაც აქვთ კლასიკური ფსიქოლოგიური განათლებაც და ასევე, არიან როგორც კლასიკური ქოუჩინგის, ასევე, NLP ქოუჩინგის მასტერ ტრენერები.

და კიდევ, ჩვენი სკოლა საქართველოში ერთადერთია, სადაც NLP ქოუჩინგი (ნეიროლინგვისტური პროგრამირება – კომუნიკაციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება) ისწავლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.