“რა ძალამ შეაყვარა ქვეყანა, რომელიც თვალითაც არ ენახა და მაინც ყოველ წამს მისი სიყვარულით სუნთქავდა”

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში ებრაელ ძია ისაკაზე წერს, მთელი თავისი დღე და მოსწრება რომ ისრაელში დაბრუნებაზე ოცნებობდა, ყოველ დღე მიდიოდა და თან ვერ მიდიოდა, ბოლოს კი ვინც დაუბრუნდა თავის აღთქმულ მიწას. ნეტავ, მართლა როგორ უყვარდებათ ასე თავდავიწყებით სამშობლო, რომელიც თვალითაც არასდროს უნახავთ?! 

“უთხარით, ყოველ დღე უთხარით შვილებს

მაგარი კაცი იყო ისაკა, როცა არ უნდა მივსულიყავი მათ ოჯახში, ჩემოდნებზე იჯდნენ

– მივდივართ სულას დავენაცვლე, მივდივართ…

– სად მიდიხარ, ისაკ ძია? – ვეკითხებოდი ღიმილით და ველოდებოდი ამ კითხვაზე, არაერთხელ გაცემულ პასუხს…

პასუხს, რომელშიც იგრძნობოდა სიმტკიცე, შორეული მონატრება, იმედი, სიყვარული –

და მაინც ვერ ვიჯერებდი, ვერ ვიჯერებდი რომ ეს, თბილისზე უგონოდ შეყვარებული კაცი, ოდესღაც თავის ნალოლიავებ ბუდეს აშლიდა და მართლა, წავიდოდა…

– სად და ისრაელში, აღთქმულ მიწაზე – მეტყოდა ხოლმე, თავდაჯერებულად…

შემდეგ, სევდიან თვალებს სარკმელისკენ გააპარებდა და სოლოლაკის ქუჩებში, ფიქრებთან ერთად იკარგებოდა…

– ისაკა ძია, ბილეთებს რომ აიღებ არ გამომაპარო…

– ეეჰ, იცინე, იცინე და აგერ ნახავ შენა…

ზუსტად არ მახსოვს, რამდენმა წელმა განვლო ასე…

ერთ დღესაც, ისაკამ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა:

– რას იზამ, არ გამაცილებ, ბიჭო…?!

საად, ისაკა ძია…?

– ისრაელში, მივდივართ…

აეროპორტში, ცრემლიანი თვალებით დამხვდა….

ხელკავი გამომდო, ცალკე გამიყვანა და დაბალი ხმით ჩამჩურჩულა:

– მგონი, მართლა მივდივართ, ბიჭო…

– ჰოო… მართლა – ვუპასუხე და ყელში გაჩხერილი ბურთს რომ არ გავეგუდე, მხრებზე მთელი ძალით მოვხვიე მკლავები…

– გახსოვს ყვავილებისთვის ფული, რომ მთხოვე და ვერ მოგეცი? მართლა, არ მქონდა…

ვარდები, რომელიც პაემანზე წასვლის წინ მოგიტანე, დედაჩემის საფლავზე მოკრეფილი იყო…

დედის საფლავს მიმიხედე, ბიჭო…

რაც თავი მახსოვს, ყოველ მეორე დღეს ისრაელში ბრუნდებოდა და ახლა, აქ ვტოვებ…

ძილის წინ, ყველას სათითაოდ გვკოცნიდა შუბლზე და გვეუბნებოდა, ხვალ აუცილებლად დავბრუნდებითო…

მაშინ მივხვდი, ისაკა ძიას მონატრებული, იმედიანი “ხვალე” სად, როდის და როგორ დაიბადა, ან რა ძალამ შეაყვარა ქვეყანა, რომელიც თვალითაც არ ენახა და მაინც ყოველ წამს, მისი სიყვარულით სუნთქავდა…

* * *

უთხარით, ყოველ დღე უთხარით შვილებს, რომ ხვალ სოხუმში დავბრუნდებით…

ნუგზარ სულა სულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.