ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშემწყობ ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან:
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია “Meiburg Wine Media”-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია “Meiburg Wine Media-ს პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი – დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
სერტიფიკატი ხუთმა ღვინის პროფესიონალმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში, მათ შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.