ქართული ღვინო „მტევინო“ უკვე ნიუ – იორკშია
მეღვინეობა „მტევინო 2019“ წლის მიწურულს დაფუძნდა. კომპანიას პანდემიის პირობებში მოუწია ბაზარზე დამკვიდრება და მიუხედავად სირთულეებისა, მოახერხა არამარტო ქართულ, არამედ ისეთი ქვეყნების ბაზარზე შესვლა, როგორიცაა ჩინეთი და ა.შ.შ.
„სიხარულით გაცნობებთ ნიუ იორკში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და არა მარტო, რომ შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ განსაკუთრებული თვისებების და გემოს მქონე ქართული ღვინო – „მტევინო“ ნიუ – იორკში, ბრუკლინში, შეიძინეთ მაღაზიებში – “Liquid Store” და “5 Star““. “ქართული კვირა” დაუკავშირდა „მტევინოს“ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯერს ანანო გომართელს გაესაუბრა:
– „ა.შ.შ.-ში მოხვედრის ისტორია ასეთია – გავარკვიეთ ვინ იყო ქართული ღვინის მსხვილი ექსპორტიორი ა.შ.შ- ში და დავუკავშირდით. თავდაპირველად, მოვუყევით და გავუგზავნეთ ინფორმაცია ჩვენი ღვინის საწარმოს შესახებ და დავითანხმეთ ნიუ – იორკში დეგუსტაციაზე გაგვეგზავნა ჩვენი ღვინის სრული ასორტიმენტი(ცხადია ჩვენივე ხარჯებით).
ამჟამად უკვე ჩვენმა პარტნიორმა, ექსპორტიორმა კომპანიამ მოაწყო „მტევინოს“ ფართომასშტაბიანი დეგუსტაცია, სადაც მონაწილეობდნენ ღვინის მაღაზიების და რესტორნების მფლობელები და სომელიეები, მათ დააგემოვნეს „მტევინოს“ როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ღვინის ყველა სახეობა და საბედნიეროდ ჩვენმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ასე მივიღეთ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკიდან შეკვეთა.
„მტევინო“ უკვე იყიდება ნიუ იორკში, ბრუკლინის ორ მაღაზიაში. მოლაპარაკებები მიდის სხვა მაღაზიებსა და რესტორნებთანაც.“
„მტევინო“ ამჟამად 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს. კომპანიის საწარმო ხაშმში მდებარეობს და „მტევინო“-ს ერთ – ერთი გამორჩეული სახეობა სწორედ ხაშმის საფერავია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით ვენახი გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ. ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საფერავის ჯიშის ყურძნისგან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებია.
ხაშმის საფერავი – არის წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). ხაშმის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, საფერავის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ხაშმის საფერავის” განსაკუთრებულ ღირსებას…
„ხაშმის საფერავი“ – ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს 2018 წელს დაემატა ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით.
პანდემიის პირობებში დაწყებული და ბაზარზე წარმატებული ოპერირებისთვის, მეღვინეობა „მტევინო“ 2020 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – საუკეთესო ახალი ბრენდი, რომელმაც დაიწყო ოპერირება მიუხედავად ბაზარზე შექმნილი კრიზისული სიტუაციისა.