თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა.

„სანდრო მრევლიშვილის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მან არაერთი თაობა აღზარდა და ოთხი თეატრი დაარსა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა სრულად გაიზიარა თეატრალური საზოგადოების მოთხოვნა, რომ სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“ მისი სახელი მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს თეატრი გაათმაგებული პასუხისმგებლობით განაგრძობს იმ შემოქმედებას, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ეწეოდა მისი ცხოვრების მანძილზე“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

სანდრო მრევლიშვილმა 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 კვლავ დაინიშნა იგივე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად და აღნიშნულ თანამდებობას, გარდაცვალებამდე იკავებდა.

სანდრო მრევლიშვილს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი. მისი პიესების კრებული 11 პიესას მოიცავს. ამასთანავე,  ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ის არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.