აქსესუარები, რომლებიც ყვებიან ამბებს ძლიერი და თავდაჯერებული ქალების შესახებ – სალომე გომელაურის მინანქრის ხელოვნება 

რაოდენ სტერეოტიპულადაც არ უნდა ჟღერდეს, სამოსი, აქსესუარები, მაკიაჟი და სხვა ვიზუალური მინიშნებები ადამიანის შინაგან სამყაროს გამოხატავენ, წინასწარ განგაწყობენ კონკრეტული ემოციით და ხშირად ამბავსაც გიყვებიან – ჩვენ შემთხვევაში, ძლიერ, თავდაჯერებულ და აქტიურ ქალებზე. 

ხელოვანი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, აქსესუარებს სწორედ ასეთი ქალებისათვის ქმნის. კითხვაზე – ვინ უნდა ატაროს სალომე გომელაურის ექსკლუზიური ნამუშევრები, ხელოვანს ასეთი პასუხი აქვთ – მან, ვისაც  საკუთარი თავისა და  ძალების სჯერა. და თუკი თქვენ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ, გამოგვყევით, ერთად გავეცნოთ ნიჭიერი და მრავალმხრივი ხელოვანის გზას მხატვრობიდან ტიხრულ მინანქრამდე.

ხელოვანების ოჯახში დაბადებულს ფუნჯი ხელში თავადაც ძალიან ადრე აუღია: “სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, პირველად როდის ან რა დავხატე, ალბათ ბავშვურად – ყვავილები. თუმცა მახსოვს ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც გაიყიდა. 5 წლის რომ ვიყავი, ოჯახში უცხოეთიდან სტუმარი ჩამოვიდა, რომელსაც ძალიან მოეწონა კედელზე გამოკრული ჩემი ნამუშევარი და მისი შეძენა ითხოვა.” 

მსახიობები სცენის მტვერით იწამლებიან – ოვაციით, ტაშით, ემოციით, რომელიც თუ ერთხელ “ჩაყლაპე“, მთელი ცხოვრება მისი გავლენიდან ვეღარ გამოდიხარ და სცენა “ქრონიკულ დაავადებად” გექცევა, თუმცა, ცალსახად კარგი გაგებით. აი, მხატვრები კი, ფერებით, ფუნჯისა და საღებავების სუნით იწამლებიან და შეიძლება ითქვას, ვერასდროს ტოვებენ ტილოზე, ფურცელსა თუ ციფრულ ეკრანზე გადატანილ, მათი თვალით დანახულ სამყაროს. რა გასაკვირია, რომ ზურა გომელაურის ნამუშევრებით გარშემორტყმულმა მისმა ქალიშვილმა თავდაპირველ საქმიანობად სწორედ მხატვრობა აირჩია – გრაფიკა, რომელსაც ნელ-ნელა შემატა საკუთარი ფერები. შემდეგ იყო გზა სამხატვრო აკადემიამდე, აკადემიიდან კი – დიზაინერობამდე.

 

“თავიდანვე, როცა ხატვა დავიწყე, ვქმნიდი გრაფიკულ ან ფერად ესკიზებს კოსტიუმებისათვისდა წარმომედგინა, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს ქსოვილში, შემდეგ კი ეს ნამუშევრები პოდიუმზე როგორ აღმოჩნდებოდნენ. ასე აღმოვჩნდი ხატვიდან დიზაინში. როდესაც ტანისამოსს ვქმნიდი, დეტალებმა გამიტაცა,  პარალელურად ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი აქსესუარი მოუხდებოდა ამ ნამუშევრებს. სწორედ ამან მიბიძგა, მთავარ საქმიანობად აქსესუარების დიზაინი მექცა, თუმცა, არც ტანსაცმლის დიზაინისთვის დამინებებია თავი, პერიოდულად კოლექციებსაც ვქმნი და სამომავლოდ ქალის ხაზის შექმნასაც ვგეგმავ.” 

თუკი გაგიგიათ ადამიანთა იმ ძალიან მცირე კატეგორიის შესახებ, რომელსაც მთლიანი “ლუქის” შექმნა შეუძლიათ, სალომე გომელაური სწორედ ერთ-ერთი მათგანია – დიზაინერი, რომელსაც ხელოვანი უფრო ეთქმის, თავად ქმნის როგორც ტანისამოსს, ასევე აქსესუარებსა და ფეხსაცმელსაც კი, შესაბამისად, მისი ნამუშევრები არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ ერთ მთლიანობად ჰარმონიულად შეკრულიცაა.

მინანქარზე მუშაობის ურთულეს ტექნოლოგიას სალომე თავად დაეუფლა – “როცა მინანქარზე მუშაობის ინტერესი გამიჩნდა, რამდენიმე ვიდეოგაკვეთილს ვუყურე და თავად ვცადე გაკეთება, დროთა განმავლობაში ალღოც ავუღე და, შესაბამისად, დავხვეწე ტექნიკა.”

შეიძლება ითქვას, ამ სფეროში თვითნასწავლია, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს და გაცილებით ღირებულს ხდის აქსესუარებს, რომლებსაც დიდი შრომის ფასად ქმნის. ერთი ნამუშევრის შექმნას – იდეიდან სრულყოფილ ვერსიამდე, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. შედეგი კი ბოლო მომენტამდე გამოცანაა, რადგან, როგორც ხელოვანებს ჩვევიათ, გზადაგზა იცვლება დეტალები და საბოლოოდ იდეალური ვერსია იქმნება.

ხშირად ნამუშევრებს პერსონაჟები თავად კარნახობენ – “ყოველთვის, როცა მუშაობას ვიწყებ, ვფიქრობ, ვისთვის იქმნება, როგორმა ქალმა უნდა ატაროს როგორი განწყობით, რა პროფესიის შეიძლება იყოს ან რომელ სფეროში რეალიზებული. განსაკუთრებულ ინსპირაციას არ ვეძებ, ჩემი შთაგონება შეიძლება იყოს წაკითხული წიგნი, ფილმი ან სრულიად შემთხვევით ქუჩაში ნანახი რაიმე არქიტექტორული ნაგებობა. დეტალებზე დაკვირვება მიტაცებს და სწორედ ეს დეტალები მკარნახობენ დიზაინსაც

როცა იდეა იბადება, ნამუშევრის შექმნაში გარემოფაქტორები ხელს ვერ უშლიან. ერთადერთი, რაც სჭირდება, სიმშვიდეა. სიმშვიდეში იქმნება დახვეწილი აქსესუარები, რომლებიც მისი მფლობელი ქალბატონების გემოვნებას, კრეატიულობას, სტილს, ხასიათსა და ემოციას უსვამს ხაზს.

სალომე გომელაურის ნამუშევრები ყვებიან ამბებს ძლიერი და თავდაჯერებული ქალების შესახებ. გიფიქრიათ იმაზე, რას ამბობენ დეტალები ჩვენზე? – დიდი და გამოკვეთილი აქსესუარები, სიძლიერეზე მეტყველებენ, ნაზი და პატარები კი მორიდებულ, მშვიდ ხასიათს უსვამენ ხაზს. არა მარტო ტანისამოსი ან შერჩეული ფერები “გათქვამენ” ჩვენს შინაგან სამყაროს, არამედ აქსესუარებიც.

“ჩემი აზრით, გარდა ესთეტიკური მნიშვნელობისა, სამკაული არის იმისათვის, რომ მოგცეს შინაგანი მუხტი და ენერგია, განგაწყოს უკეთ, თავი ელეგანტურად, მომხიბვლელად, თამამად გაგრძნობინოს – სწორედ ამის გადმოტანას ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში.”

განსაკუთრებულად თავს ისიც გაგრძნობინებთ, რომ სალომე გომელაურის ყველა ნამუშევარი ექსკლუზიურია, მიუხედავად თხოვნებისა, ხელოვანი უკვე შექმნილის ანალოგებს არ ქმნის.  მის მიერ შექმნილი აქსესუარები კი ქალბატონებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამშვენებენ.

ნიჭიერი ხელოვანის სამომავლო გეგმებში კვლავ დიზაინია – ახალი იდეებით, ახალი ნამუშევრებითა და საკუთარი ხაზის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაერთიანებით.

ავტორი: თამუნა ზარანდია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები