საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს

საქართველო 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომელიც  ე.წ „ბაბლის“ პრინციპით,  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

„ჩვენს ქვეყანას, რომელიც 2022 წელს ევრობასკეტს,  ხოლო 2021 წლის ზაფხულში 20- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს,  საორგანიზაციო კუთხით კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა და “ბაბლის” პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თებერვლის  ფანჯრის ყველა შეხვედრას უმასპინძლებს,  რაც უდიდესი გამოცდილება იქნება მომავალი საკონტინენტო მნიშვნელობის ტურნირების წინ.

აღნიშნული ეტაპი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მომავალი მატჩები წარმოადგენს  ევრობასკეტ 2022- სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის“ – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ – ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი  საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს დაუმარცხებლად, ერთპიროვნულად ლიდერობს.

„„ბაბლის“ სიტემით,  ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება,  ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და  ერთმანეთთან შეხება, გარდა სათამაშო მოედნისა, არსად ექნებათ.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული რეგულაციებით, საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ  (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები