“ქვეყანაზე მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი. დანარჩენების რიცხვი მხოლობითს სცილდება”- მერაბ კოსტავას წერილი დედას 

” ამ ბარათს გწერ იმ შემთხვევისათვის,გამგზავრებამდე თუ ვერ გიხილე. იმდღევანდელ მცირე უხეშობას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ხომ იცი, მხოლოდ უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებს ვექცევით თავისუფლად, როგორც საკუთარ თავს, ხშირად კიცხვით და უმიზეზო საყვედურითაც. ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უახლოესთაგან პატიებაც ბუნებრივად მიგვაჩნია. ნუ დამემდურები და გულს ნუ იტკენ. ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებთ. დანარჩენები უფრო მყარად მეგულებიან. შენ განსაკუთრებით უნდა მოუარო თავს და დამხვდე მრთელი და უვნებელი. ჩემზე ნუ იდარდებ. ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები. ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. წელიწადის ეტლი ორჯერ შემობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე. ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბენს თავის სარბიელს. ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სადავეები,რათა არ მიმუხთლოს და ფლოქებქვეშ არ მომიყოლოსმის მარულაში ჩაბმული, იმედის კარიბჭეთა მაძიებელი. კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს.ერიდე მაგ ვერაგსა და არამკითხე სტუმარს,ვინძლო გული ჟანგივით არ ამოგჭამოს. დაე, უმეტესად სიხარული დამკვიდრობდეს შენში. ანკი ბედის სამდურავი რა გჭირს. იცოდე, შენი გაზრდილი აროდეს შეგარცხვენს.თავად ასე მსურს,ხოლო განგებამ უკეთ უწყის. შეხვედრამდე აზრსა და გონებაში ჩემთან ივლი. ზოგიერთი განშორება უფრო აახლოებს ადამიანებს.ჭეშმარიტად დიდადა ვარ შენგან დავალებული. ამჟამად უფრო თვალნათლივ ვხედავ,პატიმარყოფილიმამისადმი შენახულმა ნამუსმა,შენ მიერმა აღზრდამ და ჩემდამი მზრუნველობამ სიკეთის რა ძვირფასი ნერგი აღმოაცენეს ჩემში. ხოლო ბოლო ჟამს შენი გამბედაობით თითქმის აღმოჩენად, ჭეშმარიტად ახალ ადამიანად წარმომიჩნდი. ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი დედით, თუ არა მე.

თავის გამხნევება გმართებს. იცოდე, დადარდიანებულს სახეს შენსას, რანაირადაც ბოლოს გიხილე, ვერა და ვერ ვიტან. როცა ამნაირს გიყურებ, გუნება მემღვრევა და სულში ბალღამი მეღვენთება. დიდხანს,დიდხანს ვეღარ ვუბრუნდები კალაპოტს. გთხოვ, ეს დარდი ჩამომაშორო. იცოდე,ცოცხალს რომ ვერ მოგისწრო, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. მაშინ ვინღა დავადანაშაულო? ეს ამბავი ჩემს თავსაც და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოვკითხო? თავს კი კარგად ვიცნობ. მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ და ვავიწროებ უსაზღვრო რისხვისა და შურისგების შესაძლებლობას. ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას, მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ იმ სხვებსაც უბედურებას ავუტეხავ. სხვა რომ არა იყოს რა, სწორედ ამიტომაც გმართებს შენი თავი უვნებლად დამახვედრო. ქვეყანაზე მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი. დანარჩენების რიცხვი მხოლობითს სცილდება.

აბა,შენ იცი,როგორ გამკვრივდები რწმენაში და სასოს არ წარიკვეთ. უფალს განსაკუთრებით უყვარს ქვრივი და ობოლი და მფარველობას თვისას აროდეს დაიშურებს მათთვის. აბა, მხნედ და მაგრად იყავი. ეს ტიალი დროც მამალი მგელივისაგან დამფრთხალი კურდღელივით გადირბენს თავის მინდორს. ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებს. მთავარი ისაა,ჩვენი მომავალი გზათშესაყარისაკენ რომ მიგვაქანებს იგი შეუჩერებლივ.

მაშ ასე: გკოცნი,გკოცნი მრავალს

შენი მერაბი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები