“ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიანო“ – საუკუნობით შემონახული საქართველო ფერეიდანში 

ირანში, ქვეყნის ძველი დედაქალაქის, ისპაჰანის დასავლეთით, სარგოსის  მთების გარემოცვაში მდებარეობს ქალაქი ფერეიდუნშეჰრი (Fereydunshahr), მარტყოფი, როგორც მას მისი მკვიდრნი უწოდებენ. ეს ქალაქი და მის გარშემო მყოფი რამდენიმე სოფელი ქართველებითაა დასახლებული.

აგერ უკვე მეხუთე საუკუნეა, აქ ცხოვრობენ იმ ქართველთა შთამომავლები, რომლებიც ძალით გაასახლეს კახეთ–ჰერეთიდან 1614–1616 წლებში.

ქართველთა ძირითადი ნაწილის გასახლება შაჰ აბას პირველის მმართველობას დაემთხვა, თუმცა ამის მერეც, მთელი მე-17 და მე-18 საუკუნეების განმავლობაში ქართველ-სპარსელთა მრავალრიცხოვანი ომების შედეგად, სპარსეთში ახალ-ახალი ქართული დასახლებები გაჩნდა. ძირითადად ფერეიდანისა და მაზანდარანის პროვინციებში.

მიუხედავად მკაცრი ასიმილაციური პოლიტიკისა, რომელსაც გადასახლებულთა მიმართ ირანის ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში ატარებდა, ქართველთა დიდმა უმრავლესობამ შეძლო შეენარჩუნებინა ენა და კულტურა და აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, ჯერაც იოლად შესაძლებელია, მათში იმ შუასაუკუნეებისდროინდელი საქართველოს ანამცვრევის პოვნა, რომელიც დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.

ნადირ–შაჰის გარდაცვალების შემდეგ, გამოიყენეს ირანში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ქართველები აჯანყდნენ და თავისუფლების მოპოვება სცადეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ, რის შედეგადაც უზურპატორის – ქარიმ ხანის – ჯარმა მათი რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. ქართველთა ამოჟლეტა იმდენად მასობრივი იყო, რომ ფერეიდნელთა პოპულაციაზე ეს ისტორიული ფაქტი დღესაც აისახება.

ამ დრომდე ფერეიდანში საქართველოზე მხოლოდ ზღაპრები არსებობდა. მოხუცები ბავშვებს უყვებოდნენ ზღაპარს ცისარტყელაზე – ცის კიბეს ერთი ფეხი საქართველოში აქვს, მეორე კი ფერეიდანშიო. ვინც ცისარტყელაში გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ ცისარტყელას, რათა დადევნებოდნენ მას და ოცნებას, რომელსაც საქართველო ერქვა.

“ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიანო“ – ამ უჩვეულო ხერხით ამშვიდებენ ფერეიდნელი დედები ბავშვებს. დღეს ირანში დედის დღე აღინიშნება.

ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები