,,სამოსი სამშობლო” – მხრებზე შემოცმული საქართველო

„სამშობლო ის სამოსია, რომელიც არასოდეს ძველდება და ცვდება! სამშობლო ის სამოსია, რომელიც ტანზე თუ არა, ფიქრზე, გონებაზე, ოცნებებზე და ხშირად ჩვენს მიზნებზე გვაქვს შემოცმული! რაც უფრო შორს ვართ სამშობლოს სხეულისაგან, მით უფრო საჭირო ხდება ის ჩვენთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, ემიგრაციის ის თაობაც კი, ვისაც ფეხი არ დაუდგამს სამშობლოს სხეულზე, მას როგორც სამოსს ისე ატარებს. ჩვენ აქ ყველა ამ სამოსით ვთბებით  და ეს სამოსი გვაძლებინებს!“ – ეს სიტყვები ემიგრანტს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ ლელა ნინუას ეკუთვნის, რომელიც უკვე დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობს. სწორედ მისი ინიციატივით  რამდენიმე დღის წინ ფილადელფიაში ჩატარდა საღამო ,,სამოსი სამშობლო”. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა ლელას და გაესაუბრა.

ლელა ნინუა: – „ეს შეკრება იმის მცდელობა იყო, რომ ჩვენს სხეულზე, ფიქრზე, ჩვენს გულზე წამოსხმული სამშობლოს განცდა, გუშინდელის, დღევანდელის თუ ხვალინდელის, ერთ დიდ დღესასწაულად ვაქციოთ და დავამკვიდროთ!

დღეს ამ მცდელობის პირველი დღეა და თუ ეს გამოგვივიდა, თუ ყველამ ჩვენი შესამოსელი სამშობლო აქ მოვიტანეთ, მაშინ ჩავთვლით, რომ კიდევ ერთი კუნძული გავაჩინეთ ამ დედამიწაზე, სადაც შეგვიძლია ჩამოვსხდეთ და ისე ჩამოვისვენოთ, როგორც საკუთარი სახლის კართან. თუ, ერთი დღით, ყველა ჩვენს სამოს სამშობლოს აქ მოვიტანთ, ეს აუცილებლად გამოგვივა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,ვინც მონაწილეობდა საღამოში, ისინი რომ არა, ეს შეხვედრა არ შედგებოდა. განსაკუთრებული  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პროექტის მხარდამჭერს, ფილადელფიაში მდებარე ქართულ კლინიკას ,, NP medicine “  – ნინო ქავთარაძეს და ეკა მეტრეველს.

ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ყველა ემიგრანტი კიდევ ერთხელ დავპატიჟო 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, რესტორანში ,,გესტ ჰაუსი“ საქართველოს მონატრების საღამოზე.“

სიმბოლურ პოდიუმზე ყველა ასაკის თაობა გამოვიდა, სამშობლოშემოცმული სიმბოლური ატრიბუტებით.

ემიგრანტი ბავშვები პატრიოტულ სიმღერებსა და ლექსებს ასრულებდნენ.

შეხვედრა გახსნა ერისიონის სოლისტმა, სალომე ბიბინეიშვილმა თავის 6 თვის ქალიშვილთან ერთად, ყველაზე უხუცესი მონაწილე კი, 67 წლის ემიგრანტი ქალბატონი, ნატალია სულაშვილი იყო.

16 წლის ანა კილასონია საღამოს აღმოჩენა გახდა, ის უამრავი კონკურსის გამარჯვებულია, უკრავს ყველა საკრავზე და დიდი სცენისთვის სერიოზულად ემზადება.

საღამო სიმბოლურად დახურა 17 წლის  ანა ჯანჯალიამ, რომელიც სამხედროების ოჯახიდანაა და მალე ამერიკულ ჯარში იმსახურებს, დროშა კი, რომელიც მან გამოიტანა, ცხინვალში, კოსოვოსა და  ერაყში ომგამოვლილია.

საღამოს ორი მაესტრო: ირაკლი შარაძე და ლევან შენგელია აფორმებდა.

დალი ჭიკაძე: – “საღამო შედგა! საღამო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება, საღამო, რომელიც გაჟღენთილი იყო სამშობლოს სიყვარულით, მონატრებით და სითბოთი, ერთმანეთის სიყვარულით და სიამაყის შეგრძნებით. ჩვენ ოკეანის გადაღმა პატარა საქართველო გვქონდა. დიდი მადლობა ორგანიზატორს, ჩვენ უსაყვარლეს და უნიჭიერეს ლელა ნინუას, რომელმაც ასეთი დღესასწაული მოგვიწყო.”

ფატი ჭინჭარაული: – “ჩემი სამოსი მარტივია, მაგრამ მდიდრული, რადგან ის ჩემი ქვეყნიდანაა და არასდროს ვღალატობ, ჩემი ,,სამოსი სამშობლო “ ჩემი ქვეყნის კულინარიაა, რომელსაც მსოფლიოს მოქალაქეებს ვაცნობ.”

სალომე ქათამაძე: – “ჩემი სამოსი ქართული წიგნებია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ავტორის წიგნი ხელმისაწვდომი გახდეს სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, ამიტომაც პოდიუმზე, სიმბოლურად, გალას წიგნით გამოვედი.”

ნინა ჯანგველაძე: – “29 წლის ვარ, ვწერ მუსიკას და ლექსებს, ვდგავარ სცენაზე და პოდიუმზეც ჩემი შემოქმედებით  გამოვედი, ეს ის სამოსი იყო, რომელიც ტანზე მაცვია და მას შემოქმედება ჰქვია.”

იანა გეგუჩაძე: “მინდა აღვნიშნო, რომ საღამო მთლიანად სამშობლოს  მონატრებასა და სიყვარულზე იყო აგებული. ჩვენ, ქართველები,  სამშობლოდან ასე შორს ვახერხებთ  ჩვენი წილი სითბო აქედან გავუზიაროთ ერთმანეთს და საკუთარ სამშობლოს. მინდა საღამოს ორგანიზატორს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო.”

ასე დასრულდა საღამო, რომელსაც სამშობლოს მონატრების ელფერი დაჰკრავდა – ეს იყო ერთი დიდი მონატრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები