ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA – ს ინფორმაციით, ავიაკომპანიები Ukraine International Airlines (UIA) და SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებენ.

დღეიდან, საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა პირველი რეისი კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა.

ავიაკომპანია SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს, ხოლო ავიაკომპანია Ukraine International Airlines – ასევე 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს. მგზავრთა გადაყვანა არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა.

იხილეთ თებერვლის ფრენის განრიგი ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების, ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA – ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.