31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფე თამარის მიცვალებას აღნიშნავს

ერთადერთი ქალი მეფე, რომელიც საქართველოში XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა, ტახტზე 12 წლის ასაკში ავიდა და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა დამოუკიდებლად შეძლო. ოქროს ხანის პერიოდი იყო წმინდა თამარის მეფობა. ღმრთისმოშიშებით და უფლისთვის სათნო მოღვაწეობით, დედა – დედოფალი თამარი ქვეყნის ისტორიაში, იქამდე და მის შემდეგ, საუკეთესო მმართველი იყო.

თამარის ტიტული იყო: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი.

შემონახულია მისი სიტყვა სასულიერო პირების მიმართ:

“ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური”

ეკლესიამ თამარის ღმრთივსათნო მოღვაწეობის გამო, მისი ცხოვრება მენელსაცხებლე დედათა ღვაწლს გაუტოლა და წმინდანთა დასში კანონიზირებისას, სწორედ მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს დააწესა მისი ხსენება. დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 31 იანვარს, თამარის მიცვალების და 14 მაისს მისი ხსენების დღე.

თამარ მეფის ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება და ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.