1925 წლის 26 იანვარს ისტორიკოსი, მწერალი ლევან სანიკიძე დაიბადა

ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე 26 იანვარს 96 წლის გახდებოდა.

იგი 1925 წლის 26 იანვარს ამბროლაურის რაიონის, სოფ. ბუგეულში დაიბადა.

ლევან სანიკიძემ დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ქართული ისტორიის კვლევასა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემაში უდიდესი ღვაწლი გასწია.

1975 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ.

მისი პირველი პიესა იყო „გაიუს გრაკხუსი“, რომელიც 1957 წელს დაიდგა. მას ჰქონდა პიესები „მედეა“, „სპარტაკი“, „ქუთათურები“, რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.

ლევან სანიკიძის მხატვრულ-დოკუმენტურმა თხზულებამ „უქარქაშო ხმლები“ ისეთი პოპულარობა მოიპოვა მკითხველში, რომ რამდენჯერმე გამოიცა. მასვე ეკუთვნის პოპულარული წიგნები „ანტიკური ქვეყნების ისტორია“, „ამბავი კოლხი ასულისა“, „რომის იმპერია“, „მარიუსი და სულა“, „კვერთხი ეშმაკთა“, „კეისარიადა“, „სამას-სამასი“, „ალექსანდრე მაკედონელი“, „გიორგი სააკაძე“, „დედა ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარიანი“, „სავედრებელი გიორგი ათონელისა“, „მესამე დასის საქართველო“, „წიგნი მოწამეთა“, „პონტოელნი“, „მკვლელობა ხობის წყლის პირას“, „პუნიკური ომები“.

ლევან სანიკიძე გარდაიცვალა 2001 წლის 29 იანვარს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე, ეკლესიის შესასვლელთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები