ნატო ბახიას “ემიგრაციის მე-14 წელი” 

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნატო ბახია, ემიგრაციის მე-14 წელს ითვლის. სამშობლოს მონატრებული ქალბატონი ყოველ წელს, კალანდობას საქართველოდან საჩუქრად იღებდა  ტრადიციულ ჩიჩილაკს.  პანდემიამ, ყველაფერთან ერთად, ეს ტრადიციაც შეცვალა და ემიგრანტს კვლავ შორიდან უწევს სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრებისა და მასავით ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მოფერება. 

მიუხედავად ემიგრაციისა, ბავშვური ღიმილით და სიხარულით მიხარია ძველით ახალი წლის შემოსვლა. ძველით ახალი წელი ჩემს ტკბილ მწარე ბავშვობას მაგონებს. ჩემი გამზრდელი ბებია და ბაბუა ყოველთვის ჩიჩილაკით ხვდებოდა კალანდას…

ემიგრაციაში, კერძოდ იზმირში, ჩიჩილაკს ვერსად ვერ იშოვი… აქ ჩიჩილაკი არ იციან. მე, როგორც ჩემი ტრადიციების მიმდევარს, ჩიჩილაკი ყოველ წელს საქართველოდან ჩამომდიოდა.წელს ვერ მოვახერხე, პანდემიიდან გამომდინარე. ყოველი შობა-ახალი წლის დღეები ჩიჩილაკს პატარა ბავშვივით ველაპარაკებოდი, ვეფერებოდი, ვესათუთებოდი… უამრავ სურვილს ჩავუთქვამდი.

მერე ისევ, როგორც მოვახერხებდი, საქართველოში ვაგზავნიდი, ასეთი იყო ჩემი წესი და კრედო. წელს დავრჩი ჩიჩილაკის გარეშე, მაგრამ უფალი ხომ ყველაფერს ხედავს. ოღონდ ეს თავსმოხვეული ვირუსი გადავიდეს, გაიწმინდოს მთელი დედამიწა ეპიდემიისგან,ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიმშვიდე და ბედნიერება დამკვიდრდეს ყველგან.

მომეცი ნატვრისთვალი, ღმერთო, რომ სამშობლოს უკვდავება ვინატრო.

უანგარო სიყვარულს და უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ თითოეულს, მეგობრებო,შვილებო, შვილიშვილებო, დედმამიშვილებო…

მინდა, ჩემს ემიგრანტ მეგობრებს მოვეფერო დიდი სიყვარულით და სიფაქიზით. მათ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გაფანტული არიან. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებმაც მზე დედად გაიხადეს, მთვარე –  მამად. რომლებსაც სამშობლოს მონატრება გამჭოლ ზოლად მოსდევთ. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებსაც საქართველოს სიყვარული დააქვთ გულით. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომელიც შვილების და შვილიშვილების სითბოს მონატრებული დადიან უცხო მიწაზე. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებიც უხილავი ძაფით შვილებთან არიან დაკავშირებული. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებიც ემიგრაციაში სხვის ფანჯარასთან დგანან და გაჰყურებენ ემიგრაციის მძიმე გზას. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებიც ღამეს შემორჩნენ, როგორც მთვარეულნი. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, რომლებსაც შვილებთან ინტერნეტით საუბრისას თვალის გუბეები უსველდებათ. მე იმ ემიგრანტებს მოვეფერები, ზოგჯერ მდუმარედ რომ გასდით დღეები. მონატრების ტკივილით დაავადებულ ემიგრანტებს მოვეფერები…

უფალო, ისე გააბრწყინე საქართველო, ყველა ემიგრანტი შინ ჯანმრთელი ბრუნდებოდეს. უფალმა მხნეობა და მადლი არ მოგაკლოთ, გაიხარეთ ყველამ –  ნატო ბახია, ემიგრაციის მეთოთხმეტე წელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები