“დედა წითელი კაბით გაიქცა ომში, აგვისტოს ომში, დედაც და მამაც სულის ამოძახილმა დაუფიქრებლად წაიყვანა…” 

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ლელა ნინუა “ქართულ კვირას” წერილს უზიარებს, რომელშიც აგვისტოს ომის მონაწილე ორი სამხედროს, ცოლ-ქმრისა და ამერიკულ ჯარში მყოფი მათი ქალიშვილის შესახებ უყვება.

“მე მოგიყვებით ამბავს ოჯახზე, სამხედრო ოჯახზე. ცხელი ზაფხული, აგვისტო…შიში…(რომელიც ყველაზე საშინელი კოდია ადამიანში, უმართავი.)  ტყვიების წვიმა, ალმოდებული ქალაქი, შენი ქვეყნის ოკუპანტი მეზობლის მორიგი სისხლიანი გადასერვა, უამრავი დაჭრილი, ქუჩები, ქუჩები, ქუჩები დაბომბილი ქუჩები – გორი. . .

რა გინდა, რომ ქნა ? ერთი, თითქოს უბრალო, მოწესრიგებული, თბილი ოჯახი, ჩვეულებრივი ცხოვრების რუტინას მიჰყვებოდა. უეცრად მამა აფორიაქდა, რაღაც გაიგო. ვიღაცამ დაურეკა. რამდენიმე წამი და კარებიც გაიხურა — მამაააა – …. პაუზ​ა

სამხედრო მამამ ,,ქუდზე კაციო”, ვინ დაასწრებდა, რა უნდა ეთქვა?ომი დაიწყო… უნდა წავიდე … ბავშვებო, არ შეშინდეთ.. .მალე დავბრუნდები თუ ?  ყველა ფრაზა იქნებოდა ყალბი! მებრძოლები კი არ იტყუებიან. სახლში ბავშვები მარტო დარჩნენ, სამი შვილი. ცივი გაყინული თვალებით, დაბნეულები, მათთან უჩვეულო ფორიაქი შესახლდა. პაუზა რამდენიმე საათს გაგრძელდა,  დილაადრიან სანოვაგეზე ზრუნვით დაკავებული დედა საღამოხანს მოვიდა.

ფერადი სული აქვთ დედებს, იმედი მოვიდა. დედა წითელი კაბით მოადგა კარებს, სახლში მარტო შვილები მიეგებნენ, თუმცა დედაც ხომ სამხედრო იყო და იქ შიში გაორმაგდა, გაათმაგდა… რას იზამს დედა? – მამა ომში წავიდა ! ! ! მამამ დედასაც არ დაურეკა.

ფიქრი, რომ დედა მაინც ეყოლებოდათ შვილებს. წამებში გადმოყრილი კარადა. იატაკზე მიმოპნეული, კარგად გადანახული სამხედრო ფორმები… თითქოს სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა დედამ, თითქოს არც იყო იქ და ვერც შვილების დაბნეულმა თვალებმა, შეშინებულმა და პასუხგაუცემელმა კითხვებმა შეძლეს მისი გამოფხიზლება, შეჩერება.

დრო დაენანა სამოსის გამოსაცლელად თუ რა იყო? ვერცერთი შვილი ვერ მიხვდა… მხოლოდ ჩაფხუტს დაავლო ხელი, დაიხურა, მოიმარჯვა ყველა ატრიბუტი და გავარდა. ნეტავ დედა ეტოლებათ შვილებს? დედა წითელი კაბით გაიქცა ომში, აგვისტოს ომში, დედაც და მამაც იმ სულის ამოძახილმა დაუფიქრებლად წაიყვანა, რომელსაც სამშობლო ჰქვია და უკან კარებმიხურულ შვილებზე ფიქრი ახლა უფრო მასშტაბური იყო ვიდრე – ,,დედა მაინც ეყოლებოდათ შვილებს.”

ახლა შვილები გაიზარდნენ, ახლა ანა ამერიკულ ჯარში მიდის, ბედნიერების ელჩის, ჯაჯოს ,,სხვა რაკურსში“ მისი გაცნობა მოვახერხეთ, ანაზე მერე მოვყვები, 17 წლისაა და უკვე ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას.

აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ დედაც და მამაც ჰყავთ შვილებს, მათ გზას აგრძელებენ შვილები, ჰოდა, სახელმწიფო მარტო ხელისუფლება და მთავრობა არაა, სახელმწიფოა დიდი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის ოჯახი. აგვისტოს ომიდან დღეს პირველი გამარჯვება მინდა ამ ოჯახს მივულოცო, რა სიმბოლურია, არაა? დღეს ამ საოცარი დედის დაბადების დღეა, სამხედროსთვის ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს, შენ გაიმარჯვე და გილოცავ ამ გამარჯვებას შენს დაბადების დღეზე” ,- ლელა ნინუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები