23 იანვრიდან ნიდერლანდებში შესვლის წესი იცვლება

 23 იანვრიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემომსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც.
აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც. PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან, სხვა კატეგორიებთან ერთად, თავისუფლდებიან დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები.
23 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შემოსვლა ასევე აღარ შეეძლებათ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.
ნიდერლანდების მთავრობა აცნობიერებს, რომ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში სწრაფი ტესტის გაკეთება აეროპორტების უმრავლესობაში დაკავშირებულია დიდი სირთულეებთან. აქედან გამომდინარე, მთავრობა იმედოვნებს, რომ ორმაგი ტესტის მოთხოვნა შეამცირებს ნიდერლანდებში შემომავალი მგზავრების რაოდენობას.
გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.