„მივდიოდი და ბედნიერებისგან ვტიროდი, რომ ეს შევძელი“ – თამარ ბოკერია ქოუჩინგის შესახებ

 

ქოუჩი, სპიკერი, მოტივატორი – ერთმანეთის გვერდიგვერდ დაწერილი სამი დამოუკიდებელი სიტყვაა, თუმცა რეალურად, ყველაფერი პირველი მათგანიდან იწყება. თუ ქოუჩი ხარ – სპიკერიც ხარ და მოტივატორიც და ყველაფერი, რასაც ადამიანის სასურველ შედეგამდე მიყვანა შეუძლია. ქოუჩინგი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოთხოვნადი პროფესიაა. რაც მთავარია, ქოუჩინგის შესწავლა არც უნივერსიტეტის მრავალწლიან განათლებას მოითხოვს და არც დასაქმება ჭირს ამ დარგში. განათლების მიღება შესაბამისი „ქოუჩინგის სკოლების“ (სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები) მეშვეობით ხდება, თუმცა ამით არც განათლების ხარისხი იკლებს და არც პასუხისმგებლობა მცირდება ნაკისრ პროფესიაზე… უგემურად მომზადებულმა კერძმა შესაძლოა, ადამიანს მადა დააკარგვინოს, მაგრამ „არასწორად“ ჩატარებულმა „ქოუჩნგ – სესიამ“ – ცხოვრების ხალისი და ბედნიერების სურვილი, ამიტომ, ქოუჩობა მუდმივი განვითარების გზაა. ამ გზაზე სვლას კი ამარტივებს ის ფაქტი, რომ თუ ქოუჩი ხარ, მაშინ ვიღაცას ყოველთვის სჭირდები.

საკუთარ პროფესიას საინტერესოდ ხედავს თამარ ბოკერია, რომელიც პროფესიას „ქოუჩინგის სკოლაში“ დაეუფლა და გადაწყვიტა, მთელი თავისი რესურსი ამ საქმისთვის მიეძღვნა. ამ ინტერვიუთი ვეცდებით, დაგანახოთ, თუ რას ცვლის ქოუჩინგი ადამიანის (როგორც თავად ქოუჩის, ასევე, მისი კლიენტის) ცხოვრებაში და რომ ხელის გაწვდენაზე ახლოსაა ის, რასაც შესაძლოა, დიდი ხანია, ეძებთ.

რატომ გადაწყვიტეთ, აგერჩიათ ეს პროფესია?

-პირველადი პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ, თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩვენ პროფესიას ვირჩევთ ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ვიცით, რომ უნდა ავირჩიოთ რაიმე კონკრეტული, რადგან დავამთავრეთ სკოლა და ახლა სასწავლებელში სწავლის დრო დგება… ამ დროს ნაკლებად გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი ხედვები იმაზე, თუ  რა გვინდა, სინამდვილეში, ვაკეთოთ… რა არის ჩვენი რეალური მისია… ამაზე პასუხები ზოგჯერ უფრო გვიან, უფრო დიდ ასაკში მოდის ხოლმე.

2017 წელს, როდესაც ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი აქტიურად აწარმოებდა ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს, როდესაც ვხედავდი, რა დიდი მიზნით იყო ანთებული და რამდენ შრომას, დროსა და ენერგიას, სულსა და გულს დებდა, რომ „ქოუჩინგის სკოლა“ დაეარსებინა (მე მისი პიროვნული ზრდის ცენტრში ვმუშაობდი და ვმუშაობ დღემდე), ეს ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა მაშინ არ გამიცნობიერებია, უფრო სწორად, ვერც კი დავუშვი, რომ შეიძლებოდა მეც მესწავლა აქ, ვინაიდან თავს ვაჯერებდი, რომ მე უკვე მქონდა პროფესია, მქონდა სამსახური, მყავდა ოჯახი და თითქოს, ეს ყველაფერი საკმარისი იყო…

მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მე ახალი ცხოვრების კართან ვიდექი, ცხოვრების, სადაც მისი მაჯისცემა უფრო გამალებით იგრძნობა დღეს და მავსებს…

თავად სწავლის პროცესზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

-იმ დღემ, როდესაც „ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციამ“ მომცა შესაძლებლობა, დამეწყო სწავლა, მეც გამეზიარებინა ის ცოდნა, რასაც სკოლის შესანიშნავი პროფესორები, ლექტორები, ტრენერები უმაღლეს დონეზე აწვდიან მომავალ ქოუჩებს, ვიტყოდი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ძალიან მადლიერი ვარ სკოლის დამფუძნებლისა და თითოეული ტრენერის. ისინი თავიანთი საქმის გურუები არიან. ასევე, მადლიერი ვარ თითოეული ქოუჩის, ვისთან ერთადაც გავიარე ეს მნიშვნელოვანი „სინათლის პერიოდი“ და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის, ვინაიდან გზა არც ისე მარტივია, პასუხისმგებლობა კი, უდიდესი – გააკეთო მსგავსი განაცხადი საკუთარ ცხოვრებაში… განაცხადი იმისა, რომ შენ თავად შეგიძლია, შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია, გახდეს ქოუჩი და რა არის ამისთვის საჭირო?

-ქოუჩი შეიძლება გახდეს ადამიანი, ვისაც შეუძლია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე, იყოს ღია საზოგადოების მიმართ და, რა თქმა უნდა, ჰქონდეს კომპეტენცია. მას უნდა შეეძლოს მოსმენა… როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მოსმენის უნარი. მოსმენასთან ერთად, ქოუჩს უნდა შეეძლოს, „შეძვრეს“ მსმენელის კანში, ბოლომდე  იგრძნოს მეორე ადამიანი და იქ და იმ დროს უნდა გახდეს მისი უახლოესი მეგობარი, რომელსაც იგი ენდობა. ქოუჩი უნდა იყოს გულწრფელი.

რა არის ამ საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი და როდის ხედავს ქოუჩი საკუთარი შრომის შედეგს?

ქოუჩის და მსმენელის ურთიერთობა გახლავთ პროცესი, რომელშიც ქოუჩი, მსმენელისთვის სასურველი შედეგის მისაღებად, მაქსიმალურად უნდა ჩერთოს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, თუ როგორ აცნობიერებს ადამიანი, რა ხდება მის ირგვლივ, თანდათან პოულობს განვითარების ახალ გზებს, ისახავს მიზნებს და თავადვე ცდილობს საკუთარი ცხოვრების კორექტირებას – უფრო ხალისიანი და მოტივირებული ხდება. სწორედ ესაა ქოუჩის შრომის შედეგი და ამაზე სასიამოვნო არაფერია.

ჩემთვის თითოეული მსმენელის შედეგი ზეიმია. მახსოვს, „ქოუჩინგის სკოლის“ დასრულების შემდეგ, სკოლის საპრაქტიკო დღეების ფორმატში, როგორ მივიღე პირველი მსმენელი… მუხლები, ხელები, ყველაფერი მიცახცახებდა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ უნდა მემტყუნა არც მისთვის, ვინც იმედით მოვიდა და არც საკუთარი თავისთვის.. იმ სესიის შემდეგ ტრანსპორტში ვერ ჩავჯექი, ფეხით გამოვიარე კილომეტრები, მაგრამ არც გზა მიგრძვნია, არც მეგობრის ხმა გამიგია, რომელიც, თურმე, ქუჩაში შემომხვდა და ვერ გამაგონა. მივდიოდი და ვტიროდი ბედნიერებისგან, რომ გამომივიდა, რომ შევძელი, რომ მსმენელი ოთახიდან გასვლისას უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე შემოსვლისას.

გარდა იმისა, რომ ეს პროფესია საინტერესოა, მნიშვნელოვანია მეორე მხარეც, რაც პროფესიით დასაქმებას გულისხმობს. მარტივია თუ არა დღეს ამ მიმართულებით დასაქმება და რამდენად საჭირო და მოთხოვნადი იქნება ის სამომავლოდ?

-ქოუჩინგი დღეს ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა, ამიტომ დასაქმებაც მაშინვე შეგიძლია, როცა შესაბამის კურსს გაივლი. ბუნებრივია,  ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვვითარდებით, ყოველდღიურად ვიძენთ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას, ვინაიდან ეს ცოცხალი პროცესია და განვითარება მუდმივად საჭიროა.

ადამიანებს სჭირდებათ ადამიანები. სჭირდებათ ისინი, ვინც მოტივაციას შემატებენ, მოუსმენენ, დაანახებენ საკუთარ თავს მნიშვნელოვანი და უნიკალური კუთხით. ადამიანებს გვჭირდება ადამიანები, ვისაც ჩვენი ჯერა, თუმცა ამისათვის ჯერ ჩვენ უნდა დავიჯეროთ საკუთარი თავის. ქოუჩი კი ამ ყველაფერს შესანიშნავად ახერხებს. ეს ადამიანური საჭიროებები არასდროს შეიცვლება, ამიტომ ქოუჩიც არასდროს დაკარგავს თავის ფუნქციას. შესაბამისად, სამუშაო და მოთხოვნა ამ პროფესიაზე, დროის სვლასთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება.

თქვენი შეფასებით, რითია უნიკალური ქოუჩინგი, როგორც მეთოდი, და რა განასხვავებს მას ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებისგან?

-წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ გზაზე, სადაც ბნელა და ეს გზა კიდევ ბევრ გზად იყოფა. თქვენ არ იცით, რომელია ის გზა, რომელიც გჭირდებათ, სადაც გეჩქარებათ, სადაც გელოდებიან… ვერ ხედავთ, რადგან სიბნელეა. ამ დროს ინთება დიდი ნათურა და თქვენ უკვე შეგიძლიათ, გაარჩიოთ გზები ერთმანეთისგან და დაინახოთ, თუ რომელია თქვენი… ზუსტად ამას აკეთებს ქოუჩი. სინათლეს ანთებს იქ, სადაც თქვენ ვერაფერს ხედავთ. შემდეგ კი ყველაფერი ნათელი ხდება. აი, ამითაა ქოუჩინგი ყველასგან გამორჩეული.

რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, გახდეს ქოუჩი?

-ყველას, ვისაც სურს, დაეუფლოს ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო პროფესიას, ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ, არ გაჩერდნენ მიზნამდე მიმავალი გზის შუაში, ბოლომდე მიჰყვნენ საკუთარ სურვილებს, მიიღონ საფუძვლიანი განათლება ამ სფეროში და იცოდნენ, რომ მათი ჩართულობით, ვიღაცის ცხოვრება უკეთესი გახდება. თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა. ვინ იცის, რამდენი ადამიანი გელით ზუსტად თქვენ!

ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის „ქოუჩინგის სკოლა“ https://forms.gle/jXig3JtG7gqb8shs9

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები