“დიდხანს დავცქეროდი წიგნის პირველ გვერდზე ვაჟას სურათს – ნეტავი, ეს კაცი სადმე მანახა-მეთქი” – ვაჟა-ფშაველასა და თამარ დიდებაშვილის ამბავი 

1904 წელს ვაჟამ ცოლად შეირთო თამარ დიდებაშვილი. სულ მალე თამარი “ვაჟას ერთგული მეგობარი გახდა ჭირში და ლხინში მუდამ გვერდზე ედგა ქმარს. ვაჟაც დიდი პატივისმცემელი იყო თავისი ცოლისა”.

მათი შეუღლება, როგორც თამარი იგონებდა, შემდეგნაირად მომხდარა: “სოფელ თვალივში მცხოვრებ მჭედელ შარმაზანს ესწავლებინა ვაჟასთვის ჩემი თავი:

– ვაჟა ერთი ქალი გასწავლოთ, ის თუ გამოგყვება, იმაზე კარგ ქალს შენ ვერ იშოვნიო

1904 წელს , შაბათ საღამოს ბესო შანიძეს, ვაჟას და ვაჟას ძმას – ბაჩანას, გაუმზადებიათ ცხენები. მღვდელ კავკასიძისთვის უთხოვიათ გაყოლა და მომზადებულნი, საგზლით ცხენზე შემსხდარნი, მოადგნენ მამაჩემს ჩემს სათხოვნელად.

მოულოდნელად მოსულ სტუმრებს წარბშეკრული შეხვდა მამაჩემი, მიმხვდარა კი, რომ სტუმრები საჭირო საქმისათვის იყვნენ მოსულები, მაგრამ მაინც ცივად უკითხავს საით გაემგზავრებითო.

ვაჟა წინ, მამაჩემისაკენ წამოწეულა და პირდაპირ მოურიდებლად უთქვამს: – არც თქმის მეშინია და არც მრცხვენია: შენი ქალი თამარი უნდა წავიყვანოთო”.

ცოტა შორს დაუჭერია გიორგის, მაგრამ მესამედ მოსულ ვაჟას თავისი გაუტანია და თამარის შერთვაზე დაუთანხმებია სასიმამრო.

თამარს მანამდეც გაგონილი ჰქონია ვაჟას სახელი. მისი “ბახტრიონიც” წაკითხული ჰქონია და დიდი პოეზიის მადლსაც ნაზიარევი ყოფილა. თვითონ ასე იგონებს ვაჟას პოეზიასთან პირველ შეხვედრას: “ჩვენ სოფელში განათლებული ქალი ცხოვრობდა. ბევრი საინტერესო წიგნი ჰქონდა. ერთხელ ჩვენთან მოვიდა. იღლიის ქვეშ წიგნი დავუნახე, ეს რა არის – მეთქი, ვკითხე ვაჟა ფშაველას. “ბახტრიონიაო“-მიპასუხა. -მათხოვეთ ერთი დღით მაინც! შევეხვეწე მე. სწორედ იმ დღეს დედაჩემმა მთაში გამაგზავნა კარაქის ჩამოსატანად. თან წავიღე “ბახტრიონი”.

გავცილდით თუ არა სოფელს, იქვე ხის ძირში დავჯექი და თან ბოლომდე გადავიკითხე. დიდხანს დავცქეროდი წიგნის პირველ გვერდზე ვაჟას სურათს – ნეტავი, ეს კაცი სადმე მანახა-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის”. აუხდა ნატვრა თამარს. ეს კაცი არა მხოლოდ შეახვედრა, თავისი ბედის ზიარადაც აქცია.

უცებ აუღო ალღო თამარმა ვაჟას ხასიათსა და მის ოჯახს, მის ობლებს მზრუნველად ექცა, ხოლო გენიოს მეუღლეს – სულის მოზიარედ და მესალბუნედ.

არცთუ იშვიათად ვაჟა წინ დაიჯენდა ხოლმე მეუღლეს, ფანდურს დააკვრევინებდა და ასე წერდა თავის პოეტურ მარგალიტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.