ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი

“ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი”

ირანის ქართველებისთვის ციხე-მთას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სპარტელებისათვისდამავანდის, იაპონელებისათვის ფუჯიამას, აფრიკელებისათვის კილიმანჯაროს და ნეპალელებისათვის ჯომოლუნგმას, თუმცა ციხე-მთა არც განსაკუთრებული სიმაღლით გამოირჩევა და არც სილამაზით. ის უბრალოდ უტყვი მოწმეა ყველა იმ ტრაგიკული მოვლენებისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მის გარშემო ვითარდებოდა. ციხე-მთამტერთან ბრძოლაში ქართველების სამაგალითო ვაჟკაცობის უტყვი მოწმეა და ირანის ქართველობაში იმ სისხლიან და შემზარავ დღეს აცოცხლებს, რომელიც ერთდროულად ჩვენი ტრაგედიაც არის და ვაჟკაცობის, გმირობისა და თავგანწირვის დღესასწაულიც. ციხე-მთამგააკაჟა ქართული სული თითოეულ ფერეიდნელ ქართველში.

ფერეიდანში, სოფელ ჩუღურეთსა და მარტყოფს შორის მდებარე ძნელად მისადგომი მთა ბუნებრივად წარმოქმნილ ციხესიმაგრეს ჰგავს. მთის შუაგულში, ულამაზეს ველზე ორი წყარო მოედინება. ძნელბედობისას აქ აფარებდნენ თავს ქართველი მეომრების ოჯახები.

სამწუხაროდ, უცნობია იმ ბრძოლის ზუსტი თარიღი, რომელმაც ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებაში მატერიალური ზარალის გარდა დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხაც გამოიწვია. ტრაგედიის კვალი დღემდე შემორჩა ფერეიდნელი ქართველების სულში და მაინც, გამანადგურებელი ცეცხლის ალიდან ფენიქსივით ავღორძინდით.

ჩვენი მიზანი არ არის ქერიმ-ხანის სისასტიკის წარმოჩენა, გვინდა ისტორიის ლაბირინთებში ჩაკარგული ქართველების ვაჟკაცური და გამძლე სული გავაცოცხლოთ, რომლის წყალობით ჩვენი წინაპრები სასტიკი ხანის მრავალათასიან ლაშქარს არ შეუშინდნენ.

სპარსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური იყო. ნადირ-შაჰის (1736-47) მოკვლის შემდეგ ხელისუფლებაში გაჩენილმა განხეთქილებამ სპარსეთი სახანოებად დაანაწილა. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში საბოლოოდ ქერიმ-ხანმა გაიმარჯვა. უმთავრესი მეტოქეების, ყაჯართა მთავარსარდლის, მოჰამედ ჰასან-ხანისა და ბახტიართა ტომის მთავარსარდალ ალიმარდუნ-ხანის დამარცხების შემდეგ, მან ფერეიდნელი ქართველობის დამორჩილებაც სცადა.

ბრძოლაში მიღებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მშრომელი და ხელმადლიანი ქართველების მოხარკედ ქცევა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. მანამდე ნადირ-შაჰის ლაშქარში სიმამაცითა და გმირობით გამორჩეულ ქართველებს ხარკის გადახდას არავინ სთხოვდა. ამიტომაც ქართველებით დასახლებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ მარტყოფში, ხარკის ასაკრეფად მისულ ქერიმ-ხანის ქვეშევრდომებს ქართველებმა განუცხადეს – ჩვენი შრომის ნაყოფს არც ერთ მბრძანებელზე არ გავცემთო.

ასეთმა პასუხმა ხანი განარისხა. ათიათასკაციანი ლაშქარი დარაზმა და ქართველთა დასასჯელად წამოვიდა. ქართველები ციხე-მთაში გამაგრებულან. სწორედ მაშინ ამოუქოლიათმაღალი კლდეების შესასვლელები უზარმაზარი ლოდებით. მტრის მიახლოებისას ქართველებს ერთმანეთისთვის შეუფიცავთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო. ქერიმ-ხანსბრძოლის დაწყებამდე შეუთვლია, თუ დამნებდებით და ხარკსაც გადამიხდით, არაფერს გავნებთო. ციხე-მთას შეფარებულებს დამამცირებელი წინადადების მიმტანი დესპანი კინწისკვრით გაუგდიათ და ქერიმ-ხანისთვის შეუთვლიათ, არასოდეს მოვიხრით ქედს მტრის წინაშე, გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით, მაინც გამარჯვებულები ვიქნებითო.

ქერიმ-ხანმა სარდლებთან მოითათბირა, თურმე თან ბჭობდა და თან ამაყად ეწეოდა ყალიონს. მოულოდნელად ყალიონის წვერს უფეთქია. როგორც შეიტყვეს, სიბილუა (ულვაშიანი) თავაზაშვილს ხანისთვის ციხე-მთიდან უსვრია თოფი. გასროლა საბედისწერო გამოდგა ქართველებისათვის. მოგვიანებით თანამოძმეებს რომ უკითხავთ, – რატომ არ მოკალი ქერიმ-ხანი, მისი მოკვლით ხომ ომიც დამთავრდებოდაო, სიბილუას უპასუხია, – ქართველის წესია ორთაბრძოლაში მოკლას მტერი და არა ჩუმად და მიპარვითო.

ქერიმ-ხანმა სხვანაირად უპასუხა თავაზაშვილის ვაჟკაცურ გამოწვევას – მან ქართველების განადგურება გადაწყვიტა. პირველი იერიში მტრის მარცხით დამთავრდა. ქართველების სანგრებიდან გადმოყრილმა ლოდებმა ხანის ლაშქრიდან ბევრი იმსხვერპლა და დაასახიჩრა. ამიტომ სპარსელები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ და ცოტა ხანში ახალი ძალით განმეორებითი იერიში მიეტანათ ქართველებზე. მეორე დღეს მტერმა გადალახა ქართველთა სიმაგრეები და მათი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. ერთ ქართველზე რამდენიმე სპარსი მოდიოდა. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გაბოროტებულმა ქერიმ-ხანმა შეტევის განახლება შემდეგი დღისთვის გადადო. ბრძოლის მესამე დღეს ქართველებს სურსათი შემოელიათ და დაუძლურებულებმა მტრის ახალ შემოტევას ვეღარ გაუძლეს. ციხე დაეცა. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ, თურმე ქართველები კლდიდან ხტებოდნენ.

სიკვდილს გადარჩენილები ციხე-მთის ძირში მოუგროვებიათ (ამ ადგილს ქარიზი, ქართულად წყარო, ჰქვია). ქერიმ-ხანს უბრძანებია, – დახოცილ ქართველებს თავები დააჭერით და ერთად შეაგროვეთ, გადარჩენილი წინამძღოლები კი დახოცეთო. სიკვდილმისჯილთათვის თვალების ახვევა დაუპირებიათ. ხელ-ფეხშეკრული და ნაწამები ქართველები შეშფოთებულან, ჩვენს ჯიშს სიკვდილთან შეყრა არასდროს შეშინებიაო და მტრისთვის ერთადერთი და უკანასკნელი თხოვნით მიუმართავთ – თვალები არ აგვიხვიოთ, ისე გვესროლეთო.

ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, – ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, – სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის…

ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის.

ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში…

ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი.

ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი.

ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში

სხვა სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას უძღვნის

Editor

ფილმი „გვირაბი“ „DokuBaku“- ზე საუკეთესო სურათად დაასახელეს

Editor

ქართული ენის დისტანციური სწავლება- პროგრამა ემიგრანტი ბავშვებისთვის

Editor

ხმათა 99%-ით გადაწყვეტილი დამოუკიდებლობა – 31 მარტის რეფერენდუმი 

Editor

რატომ გამოუცხადა “პოეტების მეფეს”  მწერალთა კავშირმა საჯარო საყვედური

Editor

26 ივლისს სიმონ ჯანაშია დაიბადა

Editor