1937 წლის 12 იანვარს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი დაიბადა

1937 წლის 12 იანვარს, თბილისში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი დაიბადა.

მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს დაამთავრა.

1955-1969წწ. იყო თბილისის “დინამოს” მარცხენა გარემარბი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 284 მატჩი (53 გოლი), სსრკ ნაკრებში – 35 მატჩი (4 გოლი). იყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა “ავაზას” მწვრთნელად და დირექტორად. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის “დინამოსა”(1954-1969) და “ლოკომოტივში”(1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის “საოცნებო გუნდის” წევრად დაასახელეს.

1964 წელს მიხეილ მესხი „დინამოს“ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, როდესაც თბილისელები საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ისტორიაში სამუდამოდ დარჩა ე.წ „მესხის ფინტი“, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ყველა თაობას აღაფრთოვანებს. „პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა”, – ეს არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა, სიმეონემ „რივერ-პლეიტის“ სტადიონ „მონუმენტალზე“ თამაშის შემდეგ თქვა, როცა საბჭოთა კავშირმა არგენტინის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ორივე გოლი მესხის დამსახურებით გავიდა.

თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონი მიხეილ მესხის სახელს ატრებს.

ამბობენ მისი ყველაზე ახლო მეგობარი ეროსი მანჯგალაძე იყო, რადგან ისიც გამოირჩეოდა ადამიანურობით, ვაჟკაცობითა და სიმართლით. სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ. თავის დროზე, მესხი სახლში დისიდენტებს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მალავდა…

ასე ახასიათებდნენ მიშა მესხს ჟურნალისტები და ფეხბურთელები:

გიორგი სიჭინავა – ფეხბურთელი: „მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვჩხუბობდით, უნდა ვაღიარო, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება”.

ალფრედო დი სტეფანო – ფეხბურთელი: „ბუენოს-აირესს მესხისდარი ფეხბურთელი არასდროს უნახავს”.

ლევ ფილატოვი – სპორტული ჟურნალისტი: „მიშა რომ ისე თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ ის მესხი არ იქნებოდა”.

ვლადიმერ ბარქაია – ფეხბურთელი: „მიშა უბრალოდ უდიდესი იყო. „დინამოს” სტადიონზე ქომაგები ერთი ტრიბუნიდან საპირისპირო მხარეს გადადიოდნენ მეორე ტაიმისთვის, რადგან უნდოდათ, ახლოდან ეყურებინათ მესხისთვის. ლამის ერთმანეთზე ისხდნენ მოედნის იმ მონაკვეთზე, სადაც მიშა სასწაულებს ახდენდა”.

ერთხელ ერთი ჟურნალისტი ჩააცივდა, ყველაზე მეტად რომელი მწვრთნელი დაგამახსოვრდათო? მიშამ მიუგო: ანდრო ჟორდანია, გავრილ კაჩალინი და ვასილი სოკოლოვიო. რატომ მაინცდამაინც ესენიო? იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაშში ხელს არ მიშლიდნენო.

საბჭოთა რეჟიმის პირობებში მიხეილ მესხს დიდი სპორტის დატოვება ადრეულ ასაკში მოუწია, მაშინ როდესაც ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში იყო.

1969 წლის 26 ივლისს, როდესაც მიშა მესხის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. „დინამოს” მეტოქე ურუგვაის „ნასიონალი” იყო. მესხმა მხოლოდ ერთი, პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ითამაშა. როდესაც შესვენებაზე თანაგუნდელებმა მიშა ხელში აიყვანეს და მთელი სტადიონი მოატარეს, „ნასიონალის” მწვრთნელს ეგონა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს წინასწარ აჯილდოებენო. როდესაც უთხრეს მესხი ფეხბურთიდან მიდისო, გაოცებულმა იკითხა: ეს მიდის და დანარჩენები რჩებიანო?!

„ქართველი გარინჩა” 1991 წლის 4 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები