არგენტინის წამყვანი გამოცემა „LA NACION“ კვლავ საქართველოზე წერს

საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციით, არგენტინის წამყვან გამოცემაში „LA NACION“ ,,იმუშავე საქართველოდან” პროგრამის შესახებ მორიგი სტატია გამოქვეყნდა.

სტატიაში აღწერილია არგენტინელი იუთუბერი ფრანსისკო ორტისის შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან თბილისში ,,იმუშავე საქართველოდან” -ს ფარგლებში ცხოვრობს.

“პანდემიის პირობებში ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის საქართველომ, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ თავისი პროგრამა Remotely from Georgia წამოიწყო) დისტანციური ვიზების შეთავაზება დაიწყო იმ პირთათვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს და, ამასთან, ჰაერისა და ადგილსამყოფელის შეცვლა სურს. ასეთთა შორისაა ფრანსისკო, რომელმაც (გასული წლის) სექტემბერში განაცხადი შეიტანა დისტანციური მუშაობის პროგრამაზე, ათი დღის შემდეგ დაუკმაყოფილეს განაცხადი და ავიაბილეთი შეიძინა იმ ქვეყნის მიმართულებით, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და თავს უყრის ულამაზეს შავიზღვისპირა სანაპიროსა და კავკასიონის თვალწარმტაც მთებს. მან ეს უცხოეთიდან გააკეთა, რადგან რამდენიმე წელია „ციფრული მომთაბარის“ ცხოვრების სტილს მისდევს, რამაც მას ისეთ ეკლექტიკურ ქვეყნებში ცხოვრების საშუალება მისცა, როგორიცაა მექსიკა, ტაილანდი, უკრაინა, ბულგარეთი, ინგლისი და იტალია. ბევრისგან განსხვავებით, ვისაც განაცხადი შეაქვს ამ ვიზებზე, ფრანსისკო უკვე იცნობდა ქვეყანას (იგულისხმება საქართველო) და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იქ დაფუძნებულიყო.

დისტანციური მუშაობის ვიზებს ყველა ქვეყანა გასცემს და ძირითადი წინაპირობაა პირმა იქონიოს ოფიციალურად დამტკიცებული სამუშაო, რომელიც დისტანციურად შეიძლება შესრულდეს არჩეულ ქვეყანაში დასარჩენად. რეალურად ეს ნებართვები არ იძლევა დასაქმების ძებნის საშუალებას, რის გამოც ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარ აუცილებელია შემოსავლის ქონა. დისტანციური ვიზების გაცემა პანდემიის დროს დაიწყო ნაწილობრივ იმისათვის, რომ გამოცოცხლებულიყო იმ რამდენიმე ქვეყნის დაზარალებული ტურისტული სექტორი, რომლებზეც ზემოქმედება იქონია ვიზიტორების რაოდენობის კლებამ, ასევე დამოუკიდებლად მომუშავეთა გაზრდილ მოთხოვნაზე საპასუხოდ. ზოგადად სახელმწიფოები, რომლებიც დისტანციური მუშაობის ვიზებს სთავაზობენ, ალტერნატიული ქვეყნებია კარიბის ზღვის აუზში (ბარბადოსი, ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულები) და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ესტონეთი და ზემოხსენებული საქართველოა.

“საქართველო ყველაზე მეტად იმით გიზიდავს, რომ ევროპის ნებისმიერ დედაქალაქთან ახლოს ხარ და, ამის გარდა, ცხოვრების ხარჯებიც ნამდვილად ძალიან დაბალია. არც მაღალ შემოსავლებს ითხოვენ: 2000 აშშ დოლარის ყოველთვიური მინიმალური შემოსავლით შეგიძლია განაცხადი შეიტანო. მე საკმაოდ ბევრი ვიკვლიე და სხვა ქვეყნების დისტანციური მუშაობის ვიზებისთვის მოთხოვნილი შემოსავლების ოდენობა კიდევ უფრო მაღალია და, ამის გარდა, ცხოვრებაც ბევრად ძვირია, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როცა რომელიმე ქვეყანას ირჩევ”, წერს ორტისი.

ფრანსისკო ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ძალიან დაბალი გადასახადებია და კიდევ ერთი დადებითი რამ იმაში მდგომარეობს, რომ ერთ – ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა, რაც კი უცხოელებისათვის არსებობს. ერთადერთი პრობლემა, ცხადია, ენას უკავშირდება. “ახალგაზრდები ძირითადად ოდნავ გაიგებენ ინგლისურს, მაგრამ კომუნიკაცია რთულია. ამის მიუხედავად, ესაა ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელი ქვეყანა, საწარმოს (კომპანიის) დაარსება სულ რამდენიმე დღეში შეიძლება, ბანკში ანგარიშის გახსნა ადვილია და როცა უცხოელი ხარ, ბინის ქირაობაც ძალიან მარტივია”, ამბობს ორტისი, რომელიც ფინანსების, პირადი მარკეტინგისა და ბიზნესის და სხვა ტიპის საქმიანობის წამოწყების შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს. ამის გარდა, მეგობარ გოგოსთან ერთად ონლაინკურსებს ატარებს მათთვის, ვინც მათსავით ციფრული მომთაბარის ცხოვრების დაწყებას ცდილობს.

“ვასწავლით ჩვენი გამოცდილების საფუძველზე. პანდემიის პირობებში საკმაოდ არიან დაინტერესებული ადამიანები და ბევრ კითხვას გვისვამენ. ყოველთვის ვამბობ, რომ პირველი ნაბიჯი ესაა ინტერნეტის მეშვეობით შემოსავლის შექმნა, სულ ერთია სად იმყოფები. საკვანძო და ფუნდამენტურია უცხოური კომპანიებისთვის მუშაობა, აშშ-დან იქნებიან თუ ევროპიდან, შენთვის სწორედ ისინი უზრუნველყოფენ უკეთეს შემოსავალს. ამ ქვეყნებში ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ერთგვარი მდივანია, უფრო მეტს შოულობს, ვიდრე არგენტინაში მყოფი უფროსი ინჟინერი, რომელიც ქვეყნის ერთ – ერთ საუკეთესო კომპანიაში მუშაობს. მაგრამ ბევრი არ არიან ისეთი ადამიანები, მზად რომ იქნებიან, რაც მათ უსწავლიათ, იმაზე ნაკლები კვალიფიკაციის დავალება შეასრულონ”, აღნიშნავს ორტისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები