ახალი ამბები ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული საქართველო და ქართველები სლაიდერი

იღუმენია ნინო – სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი

ამონარიდი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: “წმიდათა დასში ასევე შეირაცხოს იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია); შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (29 დეკემბერი) 11 იანვარი.” – დღეს ღირსი ნინოს ხსენების დღეა.

ღირსი ნინო, სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია (ერში თავადის ასული ანა ამილახვარი) დაიბადა 1815 წელს გორის მაზრის სოფელ საამილახვრო ჭალაში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.

1855 წელს საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს ლოცვა–კურთხევით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ტარასიმ, მცხეთის მონასტერში მორჩილი ანა ამილახვარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. 1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა.

1865 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ მონაზონი ნინო ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა.

1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და “პირველი წევრი რჩევისა” თავად გახლდათ. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი განაახლა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა.

1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი “საეპარქიო სასწავლებლის” სახელწოდებით თბილისში გადაიტანეს. ნინომ გადაწყვიტა ხელმეორედ დაეარსებინა მონასტერთან დედათა სკოლა. 1888 წელს მოხუცებულმა იღუმენიამ მეტად შორი მოგზაურობა იტვირთა და რუსეთში გაემგზავრა, რათა იქ შეგროვილი შემოწირულებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი ჩანაფიქრი – აღედგინა სკოლა მცხეთაში. მართლაც, 1889 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ მონასტერში ქალთა სასწავლებელი აკურთხა.

1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი.

იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემი.

იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი.

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სხვა სიახლეები

„აქ ვაჭრები ყოფილხართ და არა პროფესორებიო“ – გერმანელი ექიმების ტფილისში სტუმრობის ამბავი

Editor

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში საქართველომ ოქროს მედლები მოიპოვა

Editor

ხვიჩა კვარაცხელია InStat 35 საფეხბურთო ლიგის 21 წლამდე ტალანტთა ტოპ ათეულშია

Editor

ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტების წარდგენა დუბლინში გაიმართა

Editor

“მართალია, იქ სიღარიბეა, მაგრამ სიმდიდრეა ისეთი ,არცერთ ქვეყანას რომ არ აქვს – ეს მდიდარი სულია”-  საქართველოზე შეყვარებული იტალიელი ბაბუს ამბავი 

Editor

“ბაიერნის” ქართული მადლობა

Editor