დისტანციური მუშაობისთვის 50 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს
ვებ-გვერდზე bigseventravel.com გამოქვეყნდა სტატია სათაურით „2021 წლის 50 საუკეთესო ადგილი დისტანციური მუშაობისთვის“, სადაც 50 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილს იკავებს.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველომ დისტანციური წესით მომუშავე პირებისთვის ციფრული რეზიდენტურის ვიზა დააწესა, რომელიც პანდემიის პერიოდში გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.
სტატიაში ნათქვამია, რომ „დისტანციურად საქართველოდან“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში დარჩნენ 180 დღიდან ერთ წლამდე ვადით და თავიანთი სამუშაო აწარმოონ დისტანციურად.
ასევე bigseventravel.com მკითხველებს უხსნის, რომ საქართველოში ცხოვრება ხელმისაწვდომია და მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არცთუ ისე დიდი დედაქალაქია, აქ მაინც შეიძლება იპოვონ ადგილები, სადაც მყუდროდ მოთავსდებიან და იმუშავებენ.