ახალი ამბები დიასპორები წერილები

ქართული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

ოდესის ქართული დიასპორული ორგანიზაცია, კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, პანდემიის გამო, წელს მოკრძალებულად ჩატარდა. “ქართული კვირა” ცენტრ “ივერიას” ხელმძღვანელის, შორენა გეგეშიძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

,,ყოველი წლის 25 დეკემბერი განსაკუთრებულია ჩვენთვის. დეკემბრის თვე კი   მოლოდინით, მზადებით და რეპეტიციებით აღვსილი.

 ზუსტად 10 წლის წინ, ოდესაში დაარსდა ქართული კულტურისა და განათლების კერა, ცენტრ „ივერიას“  10 წელი შეუსრულდა!  

დაარსების დღიდან რამდენმა თაობამ გამოიარა ივერია, ვინ მოთვლის.  ჩვენი პატარა ქართული კერა მრავალი ადამიანისათვის  მშობლიურ სახლად იქცა, სადაც  ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და ქართული სული და გული შეიგრძნო.  

რამდენი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა ამ 10 წლის განმავლობაში, მათ შორის პატრიოტული, გასართობი, სპორტული, კულინარული და სხვა. განსაკუთრებული ადგილი  მათ შორის უკავია საქველმოქმედო ღონისძიებებს. 

წლევანდელი საახალწლო  საღამო განვითარებული მოვლენებიდან  გამომდინარე ვიწრო წრეში, მაგრამ  ჩვეულებისამებრ ლამაზად აღინიშნა. 

ბავშვებმა საახალწლო ლექსები და სიმღერები ლაღად და მხიარულად შეასრულეს, რათა შემდგომ წმინდა ნიკოლოზისაგან თავისი ხელით გაწყობილი ნაძვის ხის ძირას ტკბილი საჩუქრები ეპოვნათ

საახალწლო სუფრა მოფუსფუსე მშობლებმა გულმოდგინედ გააწყვეს და საზეიმო ტორტიც მაშხალებით და ქართულ–უკრაინული გულებით მორთული საზეიმოდ გაიჭრა.

სამწუხაროდ  საპატიო სტუმრები ვერ მოვიწვიეთ და მათ შორის ჩვენი მუდმივი გულშემატკივარი საქართველოს კონსულიც ვერ დაესწრო ამ მნიშვნელოვან დღეს. მაგრამ ბატონმა თორნიკემ  წინასწარ  გადმოგვცა უძვირფასესი საჩუქრები, რაც აუცილებელია სწავლის პროცესის გამართულად ჩატარებისათვის, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას. 

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სკოლის პედაგოგებს ოდესის ოლქის ადმინისტრაციიდან, კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელიდან გადაეცათ   საპატიო სიგელები გაწეული ღვაწლისათვის. 

კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი ცენტრის ისტორიაში და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მრავალ იუბილეს აღნიშნავს „ივერია“, რათა აქ, უკრაინაში მომავალმა თაობამ შეინარჩუნოს ქართული კულტურა, ისტორია  და ტრადიციები.   

ეს წელი განსაკუთრებული და ამავდროულად სირთულეებით სავსე იყო ყველასათვის. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი კარანტინის შეზღუდვების გამო, ვერ დადიოდა საკვირაო სკოლაში. ბავშვების რაოდენობა განახევრდა. მაგრამ ახალი სასწავლო წელი ჩვეულებისამებრ სექტემბერს საზეიმოდ გავხსენით და ყოველ შაბათ–კვირას გაკვეთილები ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენს შენობაში დავიწყეთ ქართული ცეკვის გაკვეთილების ჩატარება, რამაც მშობლები და ბავშვები ძალიან გაახარა. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამაში და გაიმარჯვა. ჩვენ დავარქვით პროექტს „პატარა ივერიელი“, იმიტომ რომ

პროექტის უპირველესი მიზანი იყო კრიზისულ/პოსტკრიზისულ პერიოდში  ჩვენი მომავალი თაობისათვის კულტურულ–საგანმანათლებლო, შემეცნებითი, რელიგიური, სპორტული აქტივობების განხორციელება  ცენტრ „ივერიის“ ბაზაზე. მაგალითად, მოზარდ თაობაში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა ველომარათონი. აგრეთვე, დაიგეგმა რამოდენიმე შემეცნებითი ექსკურსია, მაგალითად  ოდესის ბოტანიკურ ბაღში  და ექსკურსია „Город разных религий-храмы Одессы“  ახალგაზერდებში ტოლერანტობის პრინციპების განვითრების მიზნით.

შემდეგი ჩვენი მიზანი იყო დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ საქართველოს მოქალაქეებს. სოციალური პაკეტის სახით დახმარება მიიღო 10 ქართულმა ოჯახმა, რომლის შვილები  საკვირაო  სკოლის მოსწავლეები არიან. სოციალური პაკეტი შეადგენდა პირველადი სამედიცინო საშუალებებსა და პროდუქტებს.

რადგან სულ უფრო აქტუალური ხდება დისტანციური სწავლება და ჩვენს პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონოდათ on-line გაკვეთილების ჩატარების,  ზოგადად, ცენტრის გამართულად ფუნქციონირებისათვის, პროექტის მიხედვით შენობაში გამოვიყვანეთ ინტერნეტი.  შევიძინეთ პრინტერი და 4  ნოუთბუქი.      

და, რათქმაუნდა, არ დაგვავიწყდა პროექტში მონაწილე ჩვენი საკვირაო სკოლის პედაგოგებიც. მათი დაუზარელი და ერთგული მოღვაწეობა  იმსახურებს დაფასებას. გრანტის თანახმად მათ გადაეცათ  ჰონორარი. 

ამ ბრწყინვალე   სახელმწიფო საგრანტო პროგრამისათვის ცენტრის კოლექტივი გულწრფელ მადლობას უხდის  საგარეო საქმეთა სამინისტროს  და მის ღირსეულ წარმომადგენელს ოდესაში, საქართველოს კონსულს ბ–ნ თორნიკე ბერეკაშვილს მუდმივი თანადგომისათვის.

სხვა სიახლეები

“ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს” – კონსტანტინე გამსახურდიას წერილი შვილს

Editor

ქართველ მეზღვაურებს დიდი ბრიტანეთის გემებზე დასაქმება შეეძლებათ

Editor

ავსტრიაში დიასპორული ორგანიზაცია  „ქართული ცენტრი ავსტრიაში“ დაარსდა

Editor

ბერლინის ზღაპრების ფესტივალში საქართველოც მონაწილეობდა

Editor

„თუ სამშობლოს სიყვარული დანაშაულია, ჩათვალეთ რომ საშინელი დამნაშავე ვარ…”

Editor

ქართველი ემიგრანტების სოლიდარობით აღტაცებული თურქი ექიმების ამბავი 

Editor