„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ოდესაში მყოფ თანამემამულეებს სოციალური და სამედიცინო სახის დახმარება გაეწიათ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის მხარდაჭერით, უკრაინაში, ოდესის ოლქში მყოფ თანამემამულეებს სოციალური და სამედიცინო სახის დახმარება გაეწიათ. აღნიშნული განხორციელდა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულის, ოდესაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“-ს დირექტორის, მეგი ლაშხიას პროექტის – „კორონავირუსი რეალურ დროში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ოდესის ოლქში მცხოვრები იმ ქართველების თანადგომას, რომლებიც კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების შედეგად განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანამემამულებს, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ დიასპორის წარმომადგენლებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ სასურსათო ვაუჩერები და მედიკამენტები, ასევე, დაფინანსებულ იქნა მათი სამედიცინო სახის ვიზიტები. აგრეთვე, ქალაქ ოდესაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა „ანა-ბანა“ უზრუნველყოფილ იქნა ინტერნეტით და დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით.

3-თვიანი პროექტის შედეგად, რომელიც  მისი ავტორის, მეგი ლაშხიასა  და ოდესაში საქართველოს საკონსულოს მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდა, საერთო ჯამში, დახმარება გაეწია ოდესის ოლქში მყოფ ორმოცდაათამდე თანამემამულეს.

„ოდესაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და პირადად მე განხორციელებული პროექტის ავტორი, ქართული საკვირაო სკოლის ,,ანა-ბანას“ დირექტორი მეგი ლაშხია მადლობას ვუხდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. […] ასევე, საქართველოს საკონსულო, ბატონი თორნიკე ბერეკაშვილის მეთაურობით, ყველა რესურსს და შესაძლებლობას იყენებს მოქალაქეების დასახმარებლად, რაც ადასტურებს საქართველოს სწორ საგარეო პოლიტიკას. იმედია, მომავალშიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით დგომით, წარმატებულად გადავლახავთ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და გავაგრძელებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას“, – განაცხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული პროექტის ავტორმა, მეგი ლაშხიამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ოდესის ოლქში განხორციელებული პროექტი „კორონავირუსი რეალურ დროში“ ერთ-ერთია იმ 45 დიასპორულ პროექტთაგან, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დააფინანსა.

აღნიშნულ სახელმწიფო საგრანტო პროგრამას საქართველოს საგარეო უწყება 2019 წლიდან ახორციელებს და იგი ძირითადად მიზნად ისახავს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ყოველწლიურად აცხადებს ღია კონკურსს დიასპორული პროექტების დასაფინანსებლად და შემდგომში, ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე. 2020 წელს პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენდა, პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე, უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარება, ასევე, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2019 და 2020 წლებში, პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში,  დაფინანსებულ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი 73 დიასპორული პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-ზე მეტი თანამემამულე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები