ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი წერილები

“მე ვთვლი, რომ თქვენი ფილოსოფოსები სასწაულს ახდენდნენ” – უმბერტო ეკო ქართველი ფილოსოფოსების ტრიოზე 1960-იან თაობაში და  ზურაბ კაკაბაძე, როგორც ქართველი პოსტდმოდერნისტი

ზურაბ კაკაბაძე მე-20 საუკუნის ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შვილი, ირაკლი კაკაბაძე იხსენებს ამბავს, როცა უმბერტო ეკოსთან წიგნზე ავტოგრაფის სათხოვნელად მისულმა მამისა და მისი მეგობრების ნაშრომების შეფასება მწერლისგან მოისმინა: 
“2007 წლის მაისში ნიუ იორკში მწრელობის საერთაშორისო ფესტივალზე PEN World Voices გაიმართა ცნობილი ‘სამი მუშკეტერის’ – სალმან რუშდის, მარიო ვარგას ლიოსას და უმბერტო ეკოს ერთობლივი საღამო-ტრიალოგი. მე ამ საღამოს რიგითი მაყურებლის რანგში ვესწრებოდი და როგორც ჩვეულებაა, სამი გამოჩენილი მწერლის მეტად საინტერესო საუბრის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა მათი წიგნები მეყიდა და ავტორებისათვის ხელმოწერა მეთხოვა. თავიდან რუშდისთან მივედი და ხელი მოვაწერინე მის წიგნზე, მას იმ ჯერზე არც ამოუხედავს, ისე სწრაფად მოაწერა ხელი მის წიგნს. რუშდი იმდენ წიგნს აწერს ხელს წელიწადში, რომ ეს გასაკვირი არც იყო. მეორე, ვარგას ლიოსა იყო, წიგნზე ხელის მოწერის წინ მან შემომხედა და მკითხა: ‘საიდან ბრძანდებით?’ – ‘ჯორჯიიდან’ – ვუპასუხე მე.
‘საინტერესოა, ეს ქვეყანა ძალიან შორსაა ჩემთვის და მისტერიული.’ – ეს პასუხი აბსოლუტურად გასაგები იყო. პერუელი დიდი მწერალი, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს მაინც შორს იყო საქართველოდან და საბჭოთა პერიოდიდან საბჭოთა რუსეთის კონტექსტში იცნობდა საქართველოს. არ არის გამორიცხული რომ მას შემდეგ უკეთ გაიცნო ჩვენი ქვეყანა. და ბოლოს, უნდა ვთქვა რომ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მაინც გამორჩეული უმბერტო ეკო იჯდა. მე ხელში მისი ‘ვარდის სახელი’ მეჭირა და მორიდებულად მივუახლოვდი რომ წიგნზე ხელის მოწერა მეთხოვა.
– გამარჯობა, ახალგაზრდა კაცო, საიდან ბრძანდებით? – დაიწყო იტალიელმა კლასიკოსმა, რომელსაც ‘ვარდის სახელში’ უწერია რომ ამ ნაწერის ორიგინალი თბილისში იპოვნეს და ამიტომაც მოველოდი რომ ლიოსაზე მეტი ეცოდინებოდა საქართველოს შესახებ.
– საქართველოდან. – ვუპასუხე მე და წიგნი გავუწოდე.
– უი რა საინტერესოა. – ეკომ წიგნს თავიდან ხელი არც მოჰკიდა, სათველეები ჩამოიწია და კარგად შემომხედა. – თქვენ თბილისის ფილოსოფიურ სკოლას იცნობთ? ერთ-ერთი წამყვანია პოსტმოდერნის თვალსაზრისით. –
– მე მგონია რომ ვიცნობ, მაგრამ ბოლო ხანებში არ მქონია კავშირი. – მოკლედ ვუპასუხე და ვიფიქრე რომ რამე ისეთს მეტყოდა, რაც ახალი მომხდარი იყო.
ცოტა უხერხული სიტუაციაც შეიქმნა. უკან ხალხი გველოდა და ძალაუნებურად ისმენდა ჩვენს დიალოგს. ამერიკელებს და რუსებს არ უყვართ რიგის დამრღვევები – მაგრამ უმბერტო ეკო ჩვენსავით მედიტერანელი იყო და თუ რამის თქმა უნდოდა, აუცილებლად იტყოდა ნებისმიერი ‘წესის’ დარღვევით. თვალები აუთამაშდა ამის თქმისას.
– სტალინის, შევარდნაძის და მამარდაშვილის შესახებ ბევრმა იცის და ცხადია მეც ბევრი ვიცი. მაგრამ, თქვენ თუ იცით რომ საქართველოში ნამდვილად დიდი ფილოსოფოსების ტრიო იყო 1960-იან წლების თაობაში. მსოფლიო პოსტმოდერნში მათდაგვარი ნაწერები იშვიათად მოიპოვება. აი, ფუკოს თუ შევადარებდი მარტო. გაგიგონიათ ეს გვარები: ჯიოევი, ბუაჩიძე და კაკაბაძე? –
მოულოდნელობისგან ხველა ამიტყდა – ამას ნამდვილად არ მოველოდი. თვითონაც შემატყო რომ უხერხულად ვიყავი.
– ახლოს ვიცნობდი სამივე მათგანს. ერთ-ერთი მამაჩემი იყო და ორი მისი ძალიან ახლო მეგობარი. მე რომ ვიცნობდე ამაში უცნაური არაფერია, და თქვენ საიდან იცნობდით მათ? რომელ ენაზე კითხულობდით? –
– ჩვენთან იტალიაში, პირდაპირ რუსულიდან და ქართულიდანაც თარგმნიდნენ მათს ნაწერებს იტალიურად და მე ძალიან მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის ფილოსოფია ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, თავის დროზე იტალო კალვინომ მირჩია რომ მეკითხა ქართული ნაწერები. და რომ წავაწყდი მათ ნაწერებს, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვისწავლე. მე ვთვლი, რომ თქვენი ფილოსოფოსები სასწაულს ახდენდნენ. –
ახლა უკვე ვეღარ მოვითმინე და კითხვა შევუბრუნე.
– რატომ ფიქრობთ ასე? –
– მე ვიცი რა ცენზურის ქვეშ მუშაობდნენ ისინი. მშვენივრად ვიცი. მაგრამ რა კარგად ახერხებდნენ რომ ორი დოგმა ერთდროულად გაეკრიტიკებინათ: როგორც მატერიალიზმი, ასევე რელიგიური ფუნდამენტალიზმი. განსაკუთრებით ბრილიანტი ჩემთვის მათი მატერიალიზმის კრიტიკაა, ისე რომ საბჭოთა ცენზურის მიუხედავად, ისინი ამას მაინც ასე ნათლად გამოხატავდნენ. მე ეს სასწაულად მიმაჩნია. –
– და რატომ? –
– მატერიალიზმი საბჭოთა კავშირში ოფიციალური დოგმა იყო. დიალექტიკური მატერიალიზმი. ის კი არა, დასავლეთშიც დოგმაა დღეს. და ამის წინააღმდეგ წასვლას აქაც ბევრი ვერ ბედავს. და მათ ეს მოახერხეს ისე, რომ ძალიან ნათლად გამოხატეს თავისი აზრი. ესაა ჩემთვის ძალიან ღირებული და თქვენს ფილოსოფიას ამიტომაც ძალიან ვაფასებ. ‘კოლეჯ დე ფრანსის’ ფილოსოფიაზე არანაკლებ. –
– მადლობა. –
– ცოცხლები რომ იყვნენ, მოკითხვას დაგაბარებდით ჩემგან დიდი მადლობით. მაგრამ, მაინც დაგაბარებთ. ამ ქვეყანაზე რაღაც ონტოლგიური წესრიგი მაინც არსებობს ალბათ. – მითხრა და ჩაიღიმა.
დარეტიანებულივით წამოვედი და მეტროთი მომიწია მგზავრობა ბრუკლინისაკენ აპერ მანჰეტენიდან, 92-ე ქუჩის კლუბიდან და უკვე აღარც ჩემი საკუთარი მოთხრობები მახსოვდა, რომელიც ლარი სიმსისთვის მეორე დღეს უნდა წარმედგინა და აღარც სხვა არაფერი. ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე ქართული ფილოსოფიის შესახებ ამხელა ინფორმაციას ფლობდა და რომ ამდენ ხანს გამომელაპარაკებოდა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანების ნაშრომებზე.
პირველად, მამაჩემმა თავისი წიგნი, ‘ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება’ 1979 წლის აგვისტოში მაჩუქა და წარწერაც გაუკეთა. ეს წიგნი ახლაც წინ მიდევს. მისი ნაწერების კითხვა უფრო მისი უდროო გარდაცვალების შემდეგ დავიწყე, მისი უახლოესი მეგობრის თაზო ბუაჩიძის გავლენით. ვკითხულობდი ‘ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიტიკას’ და მაინც გულში ეჭვი მღრღნიდა: როგორ აკრიტიკებდა ზურაბ კაკაბაძე იმ სამყაროს, რომელსაც მაშინ ყველანი ასე შევტრფოდით? რატომ იყო რომ თანამედროვე დასავლეთის ‘მანის’ კრიტიკას ამდენი ხანი მოანდომა, მაშინ როდესაც შინ ხშირად მესმოდა მისგან საბჭოთა რეალობის და იმპერიალიზმის კრიტიკაც? გულის სიღრმეში ვფიქრობდი, ხომ არ იყო ეს იმ ცენზურის შედეგი, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წყობის პირობებში ყველაზე ახდსენდა მეტნაკლებად გავლენას. მისი ფილოსოფიის არსი მე სრულყოფილად მანამდე ვერ შევიცანი, სანამ თვითონ არ მომიწია 1990 წელს დასავლეთში ემიგრაციაში წასვლა და იქ 15 წელიწადზე მეტის გატარება ჯამში. მანამდე ვერ ვხვდებოდი რომ ზურაბ კაკაბაძის და მისი თანამოაზრეების კრიტიკა არ იყო მხოლოდ ‘ბურჟუაზიული’ ცხოვრების სტილის განსჯა, არამედ ის მთელს მატერიალისტურ დისკურსს მოიცავდა, თავისი საბჭოთა ელემენტებით. ის ცხოვრებაში გამოირჩეოდა მატერიალიზმის – არა მარტო საბჭოთა მატერიალიზმის – მკაცრ კრიტიკოსად და მისი პირველი ნაშრომიდან ‘ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდეტურ ფენომენოლოგიაზე’ მის უკანასკნელ ნაწერებამდე, ის ადამიანის ცხოვრების არსს სწორედაც რომ არა-მატერიალისტურ მისწრაფებებში ხედავდა. იმ ნიშნებში, რომლებიც ადამიანს ცხოველისგან გამოარჩევდა. და ამაზე ის პირად საუბრებშიაც ხშირად საუბრობდა. არისტოტელეს ‘პოეტიკიდან’ დაწყებული სტენლი კუბრიკის თანადროული ფილმების გარჩევით დამთავრებული მისი ფილოსოფიური ნაწერების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ადამიანის ტრანსცენდენტური, ონტოლოგიური თუ მეტა-ფიზიკური დანიშნულების შესახებ მოეთხრო და მისთვის სრულიად მიუღებელი იყო ტექნოკრატიული აზროვნების სტილი, რომელიც მხოლოდ ბუნების მეცნიერებაზე ამყარებდა იმედებს. მისთვის ცხადი იყო, რომ ეს ცხოვრების სტილი აშკარად კატასტროფისკენ წაიყვანდა კაცობრიობას – როგორც მანამდე მიიყვანა ჰოლოკოსტის, გენოციდების, ატომური აფეთქებების ტრაგედიებამდე. თავისი შინაგანი მრწამსით ის აგნოსტიკოსი იყო, რომელსაც სწამდა რომ ადამიანის შემოქმედებითი უნარი მისი განსაკუთრებული თვისებაა და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონისა არ იყოს, ადამიანის ცივილიზაციის ევოლუცია სწორედ კრეატიული და მისტერიული ბუნების წყალობითაა განპირობებული და არა დარვინისეული ‘გადარჩენის ინსტიქტით“. ის კრიტიკულად აფასებდა მეოცე საუკუნეში დოგმად დამკვიდრებულ მარქსისტულ თუ ფროიდიანულ მატერიალიზმს – თუმცა უყვარდა ნიცშე, როგორც ბურჟუა მატერიალიზმტან მებრძოლი აზროვნების მარტოხელა რაინდი. მისი ნაწერები ბერგსონზე, სარტრზე, კამიუზე, ჰუსერლზე, ჰაიდეგერზე, დილთაიზე, კაფკაზე, ფელინიზე, შოპენჰაუერზე, კირკეგორზე, ილია ჭავჭავაძესა თუ ვაჟა ფშაველაზე (რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ თვლიდა ამავე დროს) სწორედ ადამიანის სულიერ-ონტოლოგიური განზომილების სიდიდეზე მეტყველებდნენ.
ზურაბ კაკაბაძე მის თანამოაზროვნეებთან ერთად მიეკუთვნებოდა იმ თაობას, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოახდინა მოდერნისტული აზროვნების ‘დეკონსტრუქცია’ ჟაკ დერიდას ტერმინი რომ გამოვიყენოთ, რადგან ილუმინატების მიერ თავის დროზე ჩასახულ ამ ფსევდო-იდეალში უკვე ვეღარ ხედავდნენ ადამიანის ბედნიერების გასაღებს. თანამედროვე ილუმინატური აზროვნების კრიტიკა და მისი დეკონსტრუქცია ქართულმა პოსტმოდერნმა არანაკლებ კარგად მოახრეხა ნამდვილად, ვიდრე მისმა ფრანგმა თუ იტალიელმა კოლეგებმა. მათ რეალურად დაგვანახეს ‘ბურჟუა-მატერიალისტური ოცნების’ ფანტომური ხასიათი – ანუ მისი სრული სიყალბე, რასაც ფრენკ ზაპპა ასე არაჩვეულებრივად გამოხატავს თავის სიმღერაში. დღეს ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს – როდესაც ბიოპოლიტიკის მონობაში მყოფი დასავლური ცივილიზაცია ჰაიდეგერის თქმისა არ იყოს შიშისაგან ძრწის ერთი ჩვეულებრივი კორონა ვირუსის წინაშე, მაშინ როდესაც კონფუციანური თუ ბუდისტური აღმოსავლეთი მას ბევრად მეტი მზადყოფნით შეხვდა. მე მახსოვს უამრავი საუბრები, რომლებიც ჩვენს სახლში იმართებოდა თამაზ ბუაჩიძის, შოთა ნადირაშვილის, ოთარ ჯიოევის, ლერი მჭედლიშვილის, მიხეილ ბეჟანიშვილის, თამაზ ჩხენკელის, ნოდარ გუგუშვილის და იმ თაობის სხვა გამორჩეულ მოაზროვნეთა მონაწილეობით სადაც ხშირად ისმოდა თანამედროვე ბიოპოლიტიკის და მატერიალისტური ცხოვრების სტილის კრიტიკა. ამ საუბრებს მისი უმცროსი მეგობარი-სტუდენტებიც ესწრებოდნენ, მათს შორის ნუგზარ ივანიძე, მიშა მახარაძე და სხვები. ერთხელ მახსოვს საუბარი ჩამოვარდა ‘ბურჟუა ცხოვრების წესზე’ და კითხვა ასეთი იყო: თუ საბჭოთა პროპაგანდა ამ ცხოვრების წესს ასე აკრიტიკებს ლენინისტურ-მარქსისტული პოზიციებიდან, მაშინ ეგზისტენციალისტების მხრივ ამავე ცხოვრების სტილის კრიტიკა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარქსიზმის გავლენაა? ცხადია, მარქსს, როგორც მეტად საინტერესო ფილოსოფოსს გავლენა ყოველთვის ჰქონდა და ამას არც არავინ უარყოფდა. მაგრამ, ქართველი სამოციანელებისათვის მაინც ‘სიცოცხლის ფილოსოფია’ და ჰუსერლის სულიერი ფენომენოლოგია იყო ამოსავალი წერტილი. ‘ბურჟუა’ თავისთავად ცხოვრების წესია – მატერიალისტური ცხოვრების წესი, რომლის მიმდევრები საბჭოთა კავშირშიაც მრავლად არიან და ისინი არანაირად განსხვავდებიან ჰაიდეგერის ‘მანისგან’, რომელიც ონტოლოგიურ შიშში ცხოვრობს და იღუპება, რადგან შემოქმედებით-მისტერიული ცხოვრების დაუსრულებლობას ვერ ჰხედავს. – ეს იყო მათი პასუხი ორთოდოქსი მარქსისტ-ლენინისტებისათვის. ანრი ბერგსონის ‘სიცოცხლის იმპულსი’ – ‘ელან ვიტალი’ მათთვის ბევრად უფრო განმსაზღვრელი იყო ადამიანის ყოფიერებისა და მათი დიდი მასწავლებლების კოტე ბაქრაძის თუ დიმიტრი უზნაძის მსგავსად ისინიც თვლიდნენ რომ ყოფიერება კი არ განსაზღვრავს ცნობიერებას, არამედ პირიქით – ცნობიერება განსაზღვრავს და აყალიბებს კიდეც ცნობიერებას. თაზო ბუაჩიძეს და ზურაბ კაკაბაძეს უყვარდათ ხუმრობით თქმა, ‘ჩვენ არა-კატეგორიული იმპერატივის მომხრეები ვართო’ – რაც იმანუელ კანტის ამ ეპოქალური ფრაზის თავისებური განაზრება იყო. ‘არა-კატეგორიული იმპერატივი’ სწორედაც რომ სულიერი ცხოვრების სტილის აფირმაცია იყო, რომელიც ადამიანს საკუთარ ბიოლოგიურ ინსტქიტებზე ზემოთ აყენებდა. მათთვის ბიოლოგიურ ინსტიქტებამდე დაყვანილი ადამიანი გროტესტული არსება იყო – ტრაგიკულ-კომიკური, რომელიც ვერ სძლევს იმ მონობას რაც თანამედროვე ცივილიზაციამ დაადო მას. მათი ნააზრევი იყო აჯანყება სწორედ ამ მატერიის მონობის წინააღმდეგ, რომელმაც კაცობიობაც და ქალობრიობაც დღევანდელ ტრაგედიაბამდე მიიყვანა. ამავე დროს ეს იყო დიდი ონტოლოგიური ზეიმი – ზეობა ადამიანის სულისა, რომელიც ისევე როგორც ნიკოლოზ შენგელაიას ‘ელისოში’ ან ფედერიკო ფელინის ‘ამარკორდში’ დიდი უბედურების დროსაც კი პოულობს თავის თავში ცეკვის და ქმნის უნარს და ნიჭს. მათთვის არ არსებობდა პოლიტიკური კონიუნქტურა – და ეს იყო აუცილებელი მანტრა ნებისმიერი დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანისათვის. არც საბჭოთა პრიმიტიული პროპაგანდა ‘ბედნიერ კოლმეურნეზე’ და არც ბევრად უფრო სოფისტური დასავლური ‘ამერიკული ოცნება’ არ იყო მათი ამოსავალი წერტილი. ისინი თანაუგრძნობდნენ ერთად ფელინის ‘კაბირიას ღამეების’ მთავარ გმირს – ღატაკ მეძავ ქალს, რომელსაც კიდევ დარჩა იმის უნარი რომ ყვარებოდა და მისი საყვარელი ადამიანისათვის ყველაფერი მიეცა, რაც გააჩნდა გაჭირვებულ და გაწამებულ ცხოვრებაში. ჯულიეტა მაძინას მიერ განსახიერებული ეს გმირი იყო სწორედ ადამიანობის სიმბოლო დიდი პოლიტბიუროების, კორპორაციების და ‘ბურჟუა ოცნებების’ მომძლავრების ხანაში.
ზურაბ კაკაბაძის ‘ქართული ოცნება’ ადამიანის გამდიდრებაში და ეგრეთწოდებულ ‘წარმატებაში’ არ იყო. პირიქით, მისი ქართული ოცნება მატერიალურ სიღარიბეში მცხოვრებ ვაჟა ფშაველაში თუ ნიკო ფიროსმანში იდო – ის ყოველთვის ხაზს უსვამდა ვაჟას დიდებულ ნაწარმოებს ‘კოსმოპოლიტიზმს და პატრიოტიზმს’ – ამით ის იმას ამბობდა რომ ნამდვილი კოსმოპოლიტი, რომელსაც მთელი კაცობრიობა უყვარს ვერაფრით იქნება ასეთი თუ მას საკუთარი ძირები არ უყვარს და მაშასადამე საკუთარი ქვეყანა. ‘ალუდა ქეთელაური’ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გმირია, ისევე როგორც ჯოყოლაო – ამას ხშირად იმეორებდა იმის აღსანიშნავად, რომ ჩვენ ხშირად საკუთარ მარგალიტებს ვერ ვაჩნევთ და ‘საუცხოო’ ნაგავს ვიღებთ საზღვარგარეთიდან. ჰოლივუდისა და ბოლივუდის, ისევე როგორც საბჭოთა კინემატოგრაფის მიმართ ძირითადად სკეპიტიკურად იყო განწყობილი, თმცა ძალიან უყვარდა ნამდვილი ხელოვანების ნაშრომებით ტკბობა და მათზე ბევრს წერდა კიდეც. მან თავისი ფილოსოფიური სემიოტიკის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად სწორედაც რომ ხელოვნების ქმნილებები აქცია და მათ ანალიზზე დაამყარა მისი მსოფლმხედველობის ძირი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ანრი ბერგსონის ‘შემოქმედებითი ევოლუცია’ მისთვის ბევრად უფრო ამოსავალი წერტილი იყო, ვიდრე ჰერბერტ სპენსერის ‘ბრძოლა გადარჩენისათვის’.
მისი ერთ-ერთი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები იყო ფიოდორ დოსტოევსკის ‘შეპყრობილები’ (მას სხვანაიარად და ჩემი აზრით არასწორად თარგმნიან როგორც ‘ეშმაკებს’) და ის ხშირად ლაპარაკობდა მიხეილ ბახტინის პოლიფონიურ აზროვნებაზე. მისთვისაც, ისევე როგორც თავად ბახტინისათვის, დიალექტიკა არ იყო ამოსავალი წერტილი – მისთვისაც ადამიანური ცხოვრება წარიმართებოდა სწორედ პოლიფონიურად. მრავალჟამიერის კულტურას ის ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ის სწორედაც რომ ამ ‘პოლიფონიური აზროვნების’ პრაქსისს წარმოადგენდა. ამიტომაც ბახტინთან ერთად ის იზიარებდა ‘არა-შეპყრობილ’ ადამიანთა დიდი ორკესტრის არსებობის შესაძლებლობას, თუმცა მისი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ის ბევრ საწინააღმედგო ფაქტს შეესწრო. მატერიალისტური ბიოპოლიტიკის ბატონობის პერიოდში ხანდახან მისის ნაღვლიანი გამოხედვა პესიმიზმის ელემენტებსაც შეიცავდა. თუმცა, მისი ეს პოსტ-ეგზისტენციალური პესიმიზმი ფატალიზმს არ ნიშნავდა – ის მაინც ბოლომდე ჰუმანისტად დარჩა – ანტი-ჰუმანიზმის მომძლავრების პერიოდშიც კი. მას სწამდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის და ‘სიხარულის ოდის’ და მიაჩნდა რომ თუ ადამიანის ჭეშმარიტ პოტენციალს ახდომა უწერია, ის აუცილებლად შეძლებს შილერის ამ სიტყვების სიმღერას რომ ‘ადამიანები ერთმანეთის ძმები არიან’.
მისი ‘სიცოცხლის ფილოსოფია’ მან მის ერთ-ერთ ლექსში ასე გამოხატა:
„ძველთაგანვე იტყოდნენ: იცვლება ყველაფერი
და ამ ცვალებაში არის უცვლელი;
დროულია ყველაფერი
და ამ დროულში არის მარადიული.
მარადიული არის შენშიც… –
შენ ჩაბრუნდები საკუთარ თავში
და წყურვილისგან დასიცხულ თვალებით
ეძებ მას –
მარადიულს შენში.
ბედნიერი ხარ – როცა მიაგნებ მას –
მარადიულს შენში – უზომოდ ბედნიერი.
ძილში ხარ თითქო..
გეძახის, გეძახის, გირტყამს ცხოვრება –
გაღვიძებს: თან წაგიყვანოს..
და შენ მიდიხარ ფეხების ბარბაცით,
როგორც ნამთვრალევი.
თვალებში იზრდება სინანული ნისლივით.
და ასეა მუდამ…“
(ზ.კ. 100 ლექსი. გვ. 24)
მისი ნაღვლიანი თვალები ამის აღმნიშვნელი იყო, რომ მას სწამდა რომ ადამიანს შეუძლია იყოს უკეთესი და ამაზე მან არასდროს არ უნდა ჩაიქნიოს ხელი – ამაზე ხელის ჩაქნევა ხომ სიკვდილის ტოლფასია. არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მთლიანად კაცობრიობის. რამდენად რელევანტურია ეს გრძნობა დღეს, როდესაც ჩვენ კაცობრიობას მორიგ კონვულსიას ვუყურებთ პანდემიის პირობებში და მაინც არ უნდა დავკარგოთ იმედი რომ ჩვენ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესრულებას.
‘ლოგო ცენტრიზმის’ კრიტიკა ზურაბ კაკაბაძისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მისი ფილოსოფიური ნაწერებისას. გიორგი მაისურაძემ მითხრა რომ 1979 წელს საერთაშორისო ფილოსოფიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულან ორივე: ჟაკ დერიდა და ზურაბ კაკაბაძე. ისინი ერთმანეთს, როგორც მე ვიცი, პირადად არ იცნობდნენ. თუმცა მათი ნააზრევი ლოგიკის დიქტატურის წინააღმდეგ ორთავე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. დერიდა ასაკით თამაზ ბუაჩიძის ტოლი გახლდათ – ზურაბ კაკაბაძე კი მიშელ ფუკოს ასაკისა. ფუკოს და ზურაბ კაკაბაძის ნააზრევშიაც ბევრია საერთო, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც არ იცნობდნენ ერთმანეთს. კაკაბაძის ‘ინდუსტრიული ცივი-ლიზაციის კრიტიკა’ და ფუკოს გალაშქრება ‘ბიოპოლიტიკის’ და ‘ფიზიოკრატების ბატონობის’ წინააღმდეგ დიდი მსგავსებასაც შეიცავს. თუმცა ფუკოს ისტორიოგრაფია უფრო იტაცებდა და კაკაბაძეს კი ხელოვნების რემინისცენციები უყვარდა. მაგრამ თავისი არსით, როივემ დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ცივი-ლიზაციის კრიტიკაში და დღეს ეს ნათლად ჩანს.
მე კარგად მახსოვს 1979 წელი, როდესაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. ზურაბ კაკაბაძე ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა და მიშელ ფუკო Corriere Della Sera-ს კორესპონდენტი გახდა ჯერ პარიზში, სადაც მან აიათოლა ჰომეინის ჩამოართვა ინტერვიუ და შემდეგ თვით ირანშიაც ჩავიდა. საინეტერესოა, რომ ეს ორივე ჰუმანისტი ავტორი არ შეხვდა ნეგატიურად რელიგიურ რევოლუციას ირანში. ფუკომ ეს მოვლენა ‘სულიერ რევოლუციად’ მონათლა. ზურაბ კაკაბაძეც 1979 წელს ამბობდა რომ მატერიალისტურ ცივი-ლიზაციას რაღაც აუცილებლად უნდა დაპირისპირებოდა და ირანის ‘ისლამური რევოლუცია’ მიიჩნია ამის ნიშნად. განსხვავებით ბევრი სხვა მოაზროვნისაგან არც ერთი და არც მეორე მოაზროვნე ამ რევოლუციას უკან შუა შაკუნეებში დაბრუნებად არ მიიჩნევდა. არამედ ის მიაჩნდა, ‘მოდერნიზმის დოგმატური რაციონალიზის წინააღმდეგ გალაშქრებად’. საბჭოთა და დასავლური დოგმატური მატერიალიზმი არ ტოვებდა ადგილს სულიერებისათვის – და სწორედ ამაზე იყო მათი აზრით – არა შუასაუკუნეების, არამედ პოსტმოდერნული რეაქცია ირანში განვითარებული მოვლენები. ცხადია, აიათოლების რეჟიმის გადაცდომებს და რეპრესიებს არც ფუკო და არც ზურაბ კაკაბაძე არ მიესალმებოდა, მაგრამ ორივე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ფიზიოკრატიულ დოგმატიკას – ბუნებისმეცნიერულ ფუნდამენტალიზმს – და სწორედ ამის ბუნებრივ ანტი-დოტად მიიჩნევდა ‘სულიერ რევოლუციას’. რა თქმა უნდა ამ მოვლენების პრიმიტიული ანალიზი ცალსახად მიიჩნევს რომ ეს ‘შუა საუკუნეებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო’. მაგრამ, არც ზურაბ კაკაბაძე და არც მიშელ ფუკო არ თვლიდნენ რომ ეს ასე იყო – ისინი მიიჩნევდნენ რომ რომ ეს იყო ისტორიის განვითარების შემდგომი ნაბიჯი, სადაც რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა შეავსეს ის ცარიელი ადგილი, რომელიც ფიზიოკრატების მატერიალიზმმა შექმნა სულიერების სრული განდევნით მისი დისკურსიდან. ცხადია, რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ იყო სრულფასოვანი პასუხი ამ სიცარიელის შესავსებად და ეს მომავალმა მოვლენებმაც დაგვანახა. თუმცა, ის ‘ეგზისტენციური კრიზისი’, რომელზეც არა მარტო ეს პოსტმოდერნისტი ავტორები ლაპარაკობდნენ, არამედ მათი ისეთი წინამორბედები, როგორებიც იყვნენ კირკეგორი, ნიცშე, სარტრი, კამიუ, ჰუსერლი, ჰაიდეგერი თუ ანრი ბერგსონი, ნათლად გამოვლინდა ირანის რევოლუციისას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ აშკარად და დიდი ენთუზიაზმით მხარი დაუჭირა აიათოლა ჰომეინის დაბრუნებას თავის ქვეყანაში. ამ კითხვაზე პასუხი ზურაბ კაკაბაძეს და მიშელ ფუკოს დაახლოებით იდენტური ჰქონდათ: რელიგიური ფუნდამენტალიზმის მომძლავრება არსად დაბრუნება არ არის – პირიქით ეს არის პასუხი სეკულარიზმის ეგზისტენციურ კრიზისზე – მატერიალიზმის ფარსზე. დროებითი არსებობის ტრაგედიაზე და ‘მოქალაქე კეინის’ მარტოობაში სიკვდილზე პასუხს დღესაც ეძებს კაცობრიობა და მას ცნობიერებაში სჭირდება ამ პრობლემის მოგვარება. ნუთუ ადამიანი მხოლოდ დროებითი არსებაა – ანუ მანქანაა – რომელსაც ცხოვრების აზრად მხოლოდ ‘წარმატება’ და ავტომატური ‘კარიერიზმი’ შეიძლება ჰქონდეს? ნუთუ ეს იყო განმანათლებლების ნამდვილი მიზანი, რომ ადამიანი მატერიალური ნივთებთან ერთად მარტოდ დაეტოვებინათ?
„ფერადებად დამსხვრეული მზე გაჩვენონ
და ქვეყანა მზის ლაქებით შენაფერი.
შენ იტყოდი: სიზმარია ჩემს გარშემო,
სიზმარია, სიზმარია ყველაფერი.
გრძნობდი მუდამ: დაღლილ თვალებს
ლანდი ლანდზე
ეკვრის, როგორც ჯვარს ობობა..
სულერთია: სულ სხვადასხვა ფერი სჩანდეს
და გულივით ფეთქდეს ყველგან არსებობა.
სულერთია: სულ სხვადასხვა სახელების გრძელი რიგი,
ვარსკვლავები ცის თაღებში შენაფრენი… –
შენ ერთი ხარ და შენს ირგვლივ
სიზმარია, სიზმარია ყველაფერი.
და იტყოდი: შენს გარშემო
თუ ფიქრი და სიზმარია ყველაფერი,
უფრო მეტი ბრწყინვალების მზე გაჩვენონ
და ქვეყანა უფრო ძვირფას ფერადებად შენაფერი.’
(ზ.კ. 100 ლექსი. გვ. 14)
ზურაბ კაკაბაძემ დაინახა რომ კაცობრიობას სჭირდებოდა ონტოლოგიური ხედვა – მატერიალისტური ოცნების ალტერნატივა. ისევე როგორც მისმა თანამედროვე პოსტ-სტრუქტურალისტებმა მან დაინახა რომ ცვლილება გარდაუვალია, მაგრამ პროგრესი არა და თუ ჩვენ გვინდა პროგრესი, როგორც კაცობრიობას, მაშინ ჩვენ უნდა გავცდეთ მატერიალისტურ ცივი-ლიზაციას.
„თანამედროვე ბურჟუაზიული ცივილიზაცია ამ თავისებური ‘ჰერმაფროდიტიზმითაა’ დაავადებული. ქალი და ვაჟი დგანან ერთიმეორის წინაშე სრულიად განუსხვავებელნი სულიერ-პიროვნული თავისებურებების მხრივ და განსხვავებულნი მხოლოდღა ბიოლოგიურ-სხეულებრივი აღნაგობით.
ხოლო რამდენადაც ქალ-ვაჟს შორის სიყვარული განსხვავებული და ამგვარად შემვსები მეორე პიროვნებისაკენ მისწრაფებაა, ამდენად საფუძელი ეცლება სიყვარულს. მხედველობაში აქვთ მხოლოდ განსხვავებული სხეულები, უფრო ზუსტად, სხეულტა ნაწილები, რომლებიც აღარ ფიგურირებენ, როგორც განსხვავებულ სულთა და პიროვნებათა გამოსახულებანი. ამგვარად, მისწრაფების საგნად იქცა სხეული განცდილი სულისა და პიროვნების გარეშე, რომელიც, როგორც ასეთი ნივთის, ინსტრუმენტის მნიშვნელობას იძენს. ხოლო ინსტრუმენტს ფლობენ და იყენებენ ისე, რომ არ ეკითხებიან, სურს თუ არა მას ეს დაუფლება და გამოყენება. ამიტომაც, სექსუაური ურთიერთობა, როგორც სულისა და პიროვნების გარეშე განცდილ სხეულთან ურთიერთობა, არსებითად ‘ინსტრუმენტული’, პრინციპულად ‘დაუკითხავი’ და ‘უპასუხო’ ურთიერთობის ანუ გაუპატიურების ხასიათისაა.“ (ზ.კ. ‘ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება’ – გვ. 132)
ეს სიტყვები 1979 წელსაა დაწერილი. და რა ნამდვილია ეს დღესაც, როდესაც ადამიანის ‘ხმარების’ კონცეფციამ თავის აპოგეას მიაღწია – ყევალანაირი ჰედონისტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საფასურად სიყვარული იწირება – დასავლური (და თითქმის მთელი მსოფლიოს) ცივილიზაცია კი დღეს კიდევ უფრო ჰგავს ‘ჰერმოფროდიტს’, ვიდრე 1979 წელს. ჩვენი ურთიერთობები კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება გაუპატიურებას. მომხმარებლური კულტურა სულ უფრო და უფორ გვაუპატიურებს ყველას, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, სქესობრივი, ეროვნული, რელიგიური თუ სექსუალური წარმომავლობისა.
ადამიანის არსი რომ შემოქმედებაში იყო – ამის ზურაბ კაკაბაძეს ღრმად სწამდა. ადამიანის ონტოლოგიური მოთხოვნილებები კი დღევანდელ ცივილიზაციაში გათვალისწინებული არაა. დღეს მთავარი ‘ინდუსტრიის სწრაფვაა’ – დაუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებლის ასამაღლებლად. ყველაფერი ის კი რაც დაუ ჯონსს არ ამაღლებს – საჭირო არაა.
„თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოება წარმოადგენს ერთ მთლიან ორგანიზაციას, შედგენილს დაქვემდებარებული დაწსებულებებისაგან. ეს დაწესებულებები და მათი ომცველი მთლიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია იმთავითვე ‘დაპროგრამირებულია’ ინდუსტრიის განვითარების ამოცანით. იგულისხმება, რომ ყოველივე სხვა, რაც ადამიანს სჭირდება, თავისთავად მოგვარდება ინდუსტრიის განვითარების მეშვეობით. ნამდვილად კი, ეს ასე არაა; ადამიანის ‘ადამიანური ძალის განვითარება’ დამოუკიდებელი და უმაღლესი ამოცანაა, რომელიც თუკი პირველ რიგში არაა გათვალისწინებული ამ პროგრამით და თუკი, ინდუსტრიის განვითარების ამოცანა მასზე ზრუნვის თვალსაზრისით კონტროლს არ ექვემდებარება, მაშინ ინდუსტრიის ეს უკონტროლო განვითარება, საბოლოო ანგარიშით, ადამიანის ‘ადამიანური ძალის განვითარების’ და, შესატყვისად, მისი ჭეშმარიტად ადამიანური ბედნიერების წინააღმდეგ მიიმართება.“ (ზ.კ. ‘ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება’ გვ..79-80)
დღეს ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ, როდესაც მთელი დასავლური სამყაროს ‘სერვისის’ ეკონომიკები სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა არათუ ადამიანური ბედნიერების მისაღწევად, არამედ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც კი, როდესაც მას ბუნებრივი თუ არაბუნებრივი ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზოგი ინდუსტრია პირდაპირ ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული – გართობის და კლუბური ინდუსტრიის ჩათვლით. ადამიანის ცხოვრებას უაკანსკნელ საუკუნეებში თითქოს ეკონომიკური საჭიროება მართავდა და ბოლოს ისე აღმოჩდა რომ ადამიანი ეკონომიკის მონაც აღმოჩდა. ახლა, სიცოცხლე და ეკონომიკა ერთმანეთს დაუპირისპირდა – სიცოცხლე და მთელი რიგი ინდუსტიებისა. თანამედროვე ადამიანს მიშელ ფუკო ‘ჰომო ეკონომიკუსს’ უწოდებდა და ამაზე ‘სიმართლის თქმას’ ყველა მოაზროვნის ვალდებულებად თვლიდა. ზურაბ კაკაბაძეც ანალოგიურად ფიქრობდა. ადამიანი არ უნდა მოიაზრებოდეს ‘ინდუსტრიის ჯარისკაცად’ – არამედ პირიქით, ინდუსტრია უნდა ემსახურებოდეს მას – და არა მარტო ბიოლოგიური, არამედ ონტოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არადა, სიტუაცია პირიქითაა. დღეს კაცობრიობას დაუ ჯონსის ინდუსტრიული ავერაჯი მართავს და ყოველ დღე ჩვენ ვუყურებთ მის ზემოთ თუ ქვემოთ სვლას. და ძალიანაც საყურადღებო ისაა, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში ბიოპოლიტიკური ომის და პანდემიის პირობებში დაუ ჯონსის ავერაჯი სულაც არ მიდის ქვემოთ – ასეულობით ადამიანი კვდება და ინდუსტრიის მაჩვენებლი იმატებს. თითქოს პარადოქსია – მაგრამ არა ‘ჰომო ეკონომიკუსის’ თვალსაზრისით.
თუკი კაცობრიობას და ქალობრიობას სიცოცხლე უწერია, მაშინ ადამიანი ინდუსტრიის ‘რბილი ძალის’ მონად ვერ დარჩება – რადგან ადრე თუ გვიან ინდუსტრიას შესაძლოა არცერთი ადამიანი აღარ დასჭირდეს ცოცხლად, როგორც ეს ზურაბ კაკაბაძის ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორის სტენლი კუბრიკის ფილმ ‘2001 წლის კოსმოსურ ოდისეაშია’. ადამიანმა უნდა მონახოს თავის თავში ის ‘ელან ვიტალი’ – ის სასიცოცხლო იმპულსი, რომელიც მას ახალი ტიპის ცხოვრების საშუალებას მისცემს, სადაც ის აღარ იქნება ბიოლოგიური ინსტიქტების და ეკონომიკური საჭიროებებების მონა – და სადაც ის საკუთარ ონტოლოგიურ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს. ანუ ის განხორციელდება, როგორც ნამდვილი ადამიანი.
‘არ არსებობენ ‘უნიჭო’ და ‘ნიჭიერი’ ადამიანები, ყველა ადამიანი გენიოსად იბადება. უბრალოდ, გამოწვევა იმაშია, მოახერხებს თუ არა იგი ამ ‘გენიოსის’ გამოთავისუფლებას სოციალური და შინაგანი მონობისაგან. მთელი ადამიანური ცხოვრების არსიც, სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებაშია.’ – ამბობდა ზურაბ კაკაბაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და მათში ერთ-ერთი იყო მისი ნაწერების მიუხედავად ნეოლიბერალიზმის აღიარება, როგორც გადარჩენის გზისა – ახლა მე მიჭირს, რომ არ დავეთანხმო მას. დღეს, მე ასე მწამს და სხვაგვარად არც შემიძლიან.
 ირაკლი კაკაბაძე - 25 დეკემბერი, 2020

სხვა სიახლეები

“ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა”

Editor

უარი 500 მეტრზე მაღალ შენობებსა და არაფრით გამორჩეულ არქიტექტურას – ჩინეთი მშენებლობის ახალ ეპოქას იწყებს

Editor

ქართველი ჯაშუში ქალის გზა პარტიზანობიდან სორბონის უნივერსიტეტის ლექტორობამდე 

Editor

თამარ ყავლაშვილი სწავლას ჩინეთში ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის სრული დაფინანსებით განაგრძობს

Editor

,,ოცნება, რომელსაც სამშობლოში ავისრულებ…“ – როგორ იპოვა 5 ვაჟის დედამ საყვარელი საქმე ემიგრაციაში

Editor

ბულგარული გამოცემა:” ქართულ სამზარეულოში თავმოყრილია ამიერკავკასიის, აზიის და შავი ზღვის რეგიონის სამზარეულოთა საუკეთესო ტრადიციები“

Editor