ბაქარის სტამბის სახარება ეროვნულ ბიბლიოთეკაშია
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იშვიათ გამოცემათა ფონდი ახლახანს კიდევ ერთი უნიკალური გამოცემით გაამდიდრა – 1739 წელს დაბეჭდილი ბაქარის სტამბის სახარება, უნიკალური ყდით, ეროვნულ ბიბლიოთეკაშია.
2020 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები არაერთი უმნიშვნელოვანესი არქივით, გამოცემითა და ფოტოკოლექციით შეივსო. მასალები შესწავლისა და დამუშავების პროცესშია და სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
„დიდი ამბავი: 1739 წლის ბაქარის სტამბის სახარება, სრულიად უნიკალური ყდით, ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. ეროვნულ ბიბლიოთეკაშივე დაიდებს ბინას უდიდესი ფოტო-კოლექციები – ბაადურ ქობლიანიძის (3000 სურათი) და ლუარსაბ ტოგონიძის (4200 სურათი) არქივები. ჩვენთან არის გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივის ნაწილი და პირველ ქართულ ჟურნალ ,,ცისკრის” სრული კომპლექტი. ეს კოლოსალური სამუშაოს შედეგია, ყოველდღიური ძიებების და მოლაპარაკებების შედეგი. მადლობა ჩვენს ბრწყინვალე გუნდს“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.