დეტალები, რომლებიც განსაკუთრებულ და განსხვავებულ ინტერიერს ქმნიან
დიდი და მცირე დეტალები თანაბრად მნიშვნელოვანია – ესაა ნომერ პირველი რჩევა, რომელსაც გამოცდილი დიზაინერები ახალბედებს ან სულაც მათ აძლევენ, ვინც საკუთარი სახლის ინტერიერის თავადვე შექმნა გადაწყვიტა. ფორმისა და ფუნქციის სწორი ურთიერთშეთავსება კი მეორე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევაა. მიუხედავად იმისა, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული სტილი, დეტალებში დაშვებულმა შეცდომებმა, შესაძლოა, თქვენს თავდაპირველ მიზანს სრულიად დაგაშოროთ. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო კონცეფციას, რომელიც თქვენს ინტერიერს განსხვავებულსა და განსაკუთრებულს გახდის, რადგან სრულყოფილება ყოველთვის დეტალებშია.
1. გამოიყენეთ კედლის სივრცე
ამ ულამაზეს ინტერიერში კედელს ინდონეზიური ხალიჩა ამშვენებს და საქართველოში საყოველთაოდ ათვალწუნებული “კედელზე ხალიჩის დაკიდების ტრადიცია” ნელ-ნელა ბრუნდება მოდაში. თუმცა, თანამედროვე ვარიაციაში ხალიჩის სისქესა და პრინტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი დიზაინერი თვლის, რომ ბებიების სახლიდან წამოღებული ძველი ხალიჩების, ტექსტილისა თუ შარფების სათავსოებიდან ჩამოღების დრო სწორედ ახლაა.
2. შექმენით თამამი გალერეა
მინიმალისტურ ჩარჩოებში ყველაზე ნათელი, კაშკაშა და ფერადი ნამუშევრების გარდა, თქვენი საყვარელი კინოვარსკვლავებისა თუ მუსიკოსების გამოსახულების მოთავსებაც შეგიძლიათ. თუმცა, კედელი, რომელზეც ამგვარ გალერეას განათავსებთ, აუცილებლად ღია ფერის უნდა იყოს, სხვაგვარად გალერეა არც აღქმადი იქნება და მნახველის თვალსაც ზედმეტად დაამძიმებს.
3. იატაკზე გამოიყენეთ ფერები
ფერები არა მარტო კედელსა და ჭერზე, იატაკზეც შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. ბოლოს და ბოლოს, ხის ტონები ხომ უკვე ძალიან მოძველდა. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ შექმნათ განსხვავებულად ინტიმური და მყუდრო გარემო ზუსტად ისე, როგორც ამ სახლშია, სადაც ღია ცისფერი იატაკი და მისი გრადაცია ოკეანის ილუზიას ქმნის.
4. გამოყავით და “დაასაქმეთ” პატარა სივრცეები
სახლში გამოყოფილი ნიშების არსებობა ადრე თუ რთული თავსატეხი იყო, ახლა პირიქით, პლუსადაც კი ითვლება. ამგვარი ადგილები საშუალებას მოგცეთ, ცვალოთ სტილი და მოდერნულ ინტერიერში ვინტაჟური ელემენტები შეიტანოთ. გამოკვეთეთ ეს სივრცეები განსხვავებული ფერებითა და პრინტებით და განათავსეთ სხვადასხვა ფუნქციის მქონდე ნივთები – სარკე, ტელეფონის სადგამი, დეკორატიული ყვავილები და ა.შ
5. თამამად იმოგზაურეთ დროში
შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ ძველი და ახალი, სრულიად თანამედროვე ინტერიერში შემოიტანოთ ანტიკვარული ნივთები ან პირიქით, არტ ნუვოს სტილის ინტერიერი თანამედროვე ავეჯით გააფორმოთ, 21-ე საუკუნის მოდა ინტერიერში დროით საზღვრებს არ ცნობს
6. შექმენით მკვეთრი კონტრასტი
ხშირად ერთი შეხედვით შეუთავსებელი ფერები იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს. ამ დიზაინის ავტორი ქართველი დიზაინერი, ირაკლი ზარიაა, რომლის თამამმა გადაწყვეტილებებმაც განსაკუთერბული და განსხვავეული ინტერიერი შექმნა .
7. გამოიყენეთ ქსოვილი
გარდა რბილი ავეჯისა, სხვა დეტალებზე ინტერიერში ქსოვილის გამოყენება განსაკუთრებით თბილ და მყუდრო გარემოს შექმნის. როგორც დიზაინერები ამბობენ, ქსოვილები ე.წ შპალერის შესანიშნავი ალტერნატივაა
8. და, რა თქმა უნდა, მეტალსაც ნუ დაივიწყებთ
მეტალი ამ საუკუნის მთავარი ტრენდია ინტერიერში, რომლის გემოვნებიანი და დოზირებული გამოყენებაც ჯამში იდეალურ შედეგამდე მიგიყვანთ.
რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი", კომპანია, რომელსაც ემიგრანტები ენდობიან.