„ომზე დაწერილი საუკეთესო წიგნი – “დამარხული ვაზი” ლატვიურ ენაზე გამოიცა
ლატვიურ ენაზე გამოიცა ლატვიელი – არტურ იურკევიჩის და ქართველი – მალხაზ ჯაჯანიძის ერთობლივი რომანი – ,,დამარხული ვაზი“ (გამომცემლობა „იანის როზე“ – Jānis Roze).წიგნი ასევე გამოიცემულია ქართულ და უკრაინულ ენებზე.
მკითხველზე უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც თავად მალხაზ ჯაჯანიძეს 1992 წელს, საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გადახდა.
„ომზე დაწერილი საუკეთესო წიგნი“ – ასე შეაფასა დათო ტურაშვილმა “დამარხული ვაზი”. ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა… აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს… ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი…
„ამ წიგნმა თავად მიპოვა. და იმ ომზე დაწერილი საუკეთესო წიგნი აღმოჩნდა. მეტიც: სხვაგან არსად შემხვედრია, რომ ასე გულწრფელად, ყველაზე მგრძნობიარე ასაკის თვალთახედვიდან ყოფილიყო აღწერილი ომი. მე მიყვარს წიგნები, რომლებშიც ავტორები, ნაღვლიანი, სასტიკი, ტრაგიკული ამბების აღწერისას, იუმორის გრძნობას ინარჩუნებენ. ეს რომანი სწორედ ასეთია.“ – დათო ტურაშვილი