“დარდი და ამ დარდთან და ტკივილთან შეგუებაა ემიგრანტობა” – ემიგრანტის წერილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი,  თეონა ჭანტურია “ქართული კვირის” მკითხველს საკუთარ ჩანახატს უზიარებს” 

“ემიგრანტობა, პირველ რიგში, სამშობლოდან შორს გადაკარგვაა… დარდია და ამ დარდთან და ტკივილთან შეგუებაა, ფრთების გარეშე ფრენაა,ხმლის გარეშე ბრძოლაა,ომია წესების გარეშე და როცა და თუკი ამ ბრძოლის დროს ისეთ ადამიანებში მოხვდები ,რომ ტკივილს ტკივილზე არ გიმატებენ ცოტა ,ხო ცოტა არაუშავს. ამ ერთ წელიწადში მესამე სამსახურში შევიცვალე და ადრეც აღვნიშნე მესამე და სამართალიო,სიმშვიდემ დაისადგურა გულსა თუ სულში… არ ვიცი, რამდენ ხანს იცოცხლებს ჩემი ბაბუა, მაგრამ ის კი ვიცი, უზომოდ გამიჭირდება მისი დაკარგვა… ადრე როცა დაწერდნენ, ჩემი ბებია შემიყვარდაო ირონიულად ვიცინოდი. რაზეც ახლა ვბრაზდები,არა მჯეროდა იმიტომ, რომ ისეთი მოხუცები შემხვდნენ მანამდე, მათი შეყვარება სისულელედ მიმაჩნდა… ვერ შევიყვარებდი, ვერც გულთან მივიტანდი მათ დარდსა თუ ტკივილს, რობოტივით ვმუშაობდი უგულოდ და უყველაფროდ…

თუმცა სამუშაო იყო, უმუშევარი არ ვმჯდარვარ და ვალზე ვალი არ დამიმატებია. ეს ისევ ჩემმა ნერვებმა იკითხოს, თორემ სხვას რა… ვინაც ხელი გამიმართა და დამასაქმა, უფალი გადაუხდის, მე თუ ვერ გადაუხადე ან საქმით ან სიტყვით. 

და იცით, რისი თქმა მინდოდა? რა დასკვნამდე მივედი? თუ არ შეგიყვარდა, უზომოდ ძნელია ცხოვრება იქ, სადაც ხარ… “სტაი ატენტა” მეტყვის ბაბუა და გულდაწყვეტილი გამაყოლებსხოლმე თვალს ხუთშაბათსა თუ კვირას, როცა ისედაც უმოკლესი დროით გავდივარ გარეთ ,არ ვემეტები …მეც ისე მივეჩვიე მის სახლს, კარს, მის თბილ ურთიერთობებს, სახლში დაბრუნება მიხარია… სწორედ ეს მაძლებინებს ალბათ, სწორედ ეს გვაძლებინებს ამ მარტოხელა ქართველ ქალებს არავის და არაფრის ამარა რომ გადმოვიკარგეთ აქ ემიგრანტებად.

არც საჭმელს შეჭამს, არც დასაძინებლად მოინდომებს წასვლას თუ მე არ მივირთვი მასთან ერთად და არ ვუთხარი, მეც მეძინება-მეთქი!

ამ შვიდი თვის მანძილზე, რაც მასთან ვმუშაობ, ხან ის გახდა, ცუდად ხან მე. ერთმანეთს ვამხნევებდით, არავინ იყო ჩვენი პატრონი სხვა, ნერვის ანთებით ვმუშაობდი და წამოდგომა როცა მიჭირდა, თავად ჯირელოთი დადიოდა და მე მეხმარებოდა წამოდგომაში, თან იცინოდა და კისკისებდა, როცა ვტიროდი, ესეც ტიროდა ხოლმე და ვცდილობდი ჩემი ცრემლი არასოდეს დაენახა, რადგან მებრალებოდა ტირილისთვის!

არ ვიცი, სადამდე და როდემდე ვიქნებით ერთად და ჩემო ნონო, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მის გარეშე გამიჭირდება…”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.