“წერილები გზიდან… დედა ემიგრანტია” – ბაია ყვარელაშვილი

პორტალი „ქართული კვირა“  “მეტი დეველოპმენტთან“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩანახატების კონკურსს ემიგრანტებისთვის – „წერილები გზიდან“ მეორედ ატარებს. საკონკურსო თემაა “დედა ემიგრანტია“

კონკურსისათვის ჩანახატების მიღება 6 დეკემბერს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ჩანახატები შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 10 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი და ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცემა.

პირველი ჩანახატი – “წერილები გზიდან… დედა ემიგრანტია” – ბაია ყვარელაშვილი

„ყოველთვის, როცა მახსენდება ჩემი პირველი დღე სკოლაში, ტკივილისგან გული მეკუმშება. თვალებს როდესაც ვხუჭავ წარმომიდგება  პატარა გოგონა,  თავზე ორი ბაფთით და  თეთრი პერანგით. მის გარშემო უამრავი ხალხი ირევა, გოგონას კი სახეზე დაბნეულობა აწერია, ნერვიულობისგან  ხელები უთრთის და გული გამალებით უცემს, თვალებს აქეთ – იქით აცეცებს, თითქოს ვიღაცას ელოდება. თითოეულ გამვლელს იმ იმედით შესცქერის, რომ მისთვის ძვირფას სახეს დაინახავს.  თითქმის დასასრულს მიუახლოვდა ღონისძიება,  პირველკლასელებსაც გადასცეს წიგნები, თუმცა იმედის ბოლო ნაპერწკალი მაინც არ ქრება, ჯიუტად სჯერა, რომ წუთი – წუთზე სხვა დედების მსგავსად დედამისიც მივა, ხელს ხელზე ჩასჭიდებს, ჩაეხუტება და დაუკოცნის ლოყებს. პირველკლასელი გოგონა, რომელიც დედის ჩახუტებას ამაოდ ელოდა, ახლა უკვე სტუდენტია, თუმცა ამ ნეტარ დღეს დღემდე მოელის.

ყველაფრის საწყისი დედაა! დედიდან იწყება ჩვენი ცხოვრება, დედაა მზის მაცოცხლებელი სითბოც, იის ნაზი სურნელიც, ბულბულის მშვიდი გალობაც და ის მამოტივირებელი ფიქრიც, რომელიც მუდმივად წინ სვლას გვაიძულებს და სიცოცხლის სიყვარულს გვძენს. დედაა ჩვენი წამალი, როდესაც რაიმე გვტკივა, დედაა ჩვენი მესაიდუმლე, როდესაც დარდი გვაწუხებს, დედაა ის სითბო, რომელიც გაყინულ სულს გვითბობს. დედაა, თითოეული ჩვენგანისთვის იმედებით სავსე სახლი, რომელიც ყოველთვის მიგვიღებს ჩვენი შეცდომებისდა მიუხედავად.

სიმართლე რომ გითხრათ მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ აღარ მახსოვს დედაჩემის სურნელი, მისი ნაზი კანის შეხება , მისი ჩახუტების სითბო, მისი თვალებიდან ამოსული მზის სხივების ციმციმი. აღარ მახსოვს, რა გრძნობაა სახლში მისულს დედა რომ გხვდება შინ. დამავიწყდა, როგორ მიმღეროდა დედა იავნანას და როგორ მეფერებოდა თმაზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ  არ მიყვარდა და ტკივილს მაყენებდა სკოლის ზეიმები, რადგან ბავშვებთან მოსულ მშობლებს შორის დედაჩემი არ მეგულებოდა. მეშინოდა ღამე დაძინება, რადგან ძილის წინ დედა საბანს არ მახურავდა და ტკბილ ძილს არ მისურვებდა. სამწუხაროდ, საზოგადოების რაღაც ნაწილი ყველაფერს იმაზე მარტივად უყურებს, ვიდრე სინამდვილეშია. ბევრისგან ირონიული დამოკიდებულება მიგრძვნია ამ საკითხის მიმართ, რადგან ჰგონიათ მთავრი ფული და მატერიალური შენაძენია. რატომღაც დავიწყებიათ ადამიანური ფასეულობები, მაგრამ  ემიგრანტის შვილებმა ხომ მაინც  ვიცით, რომ ის  სიხარული, რომელსაც დედას ვერ უზიარებ სიხარული არაა, ის დარდი რომელსაც დედას ვერ უყვები, გულზე ლოდად გაწვება, ყველა ფიქრი და ემოცია კარგავს ფერს, თუ დედა არ გყავს გვერდით.

მონატრება ყოფილა ყველაზე მძიმე ჯვარი, რაც კი ადამიანს შეიძლება დააკისრო და ამ მონატრებას შორის ყველაზე უფრო რთული დედის მონატრება ყოფილა. ზოგჯერ, ისე გჭირდება დედის ერთი ჩახუტება და თავზე ხელის გადასმა, ისე გინდა მუხლებზე თავი დაადო და თბილად დაიძინო, რომ  სულის ტკივილს გრძნობ. მინდა, რომ ბოლო ვიყო, ვინც უდედოდ გაიზარდა და ვინც ვერ იგრძნო რა არის დედის სითბო. ვისურვებდი, რომ დედაჩემი ბოლო გმირი დედა იყოს, რომელსაც შვილის ნათელი მომავალის შექმნის მიზნით,  სამშობლოს დატოვება მოუწია. რომ არა, ეს ენით აუხსნელი სიყვარული, რომელსაც დედაშვილობაა ჰქვია, ალბათ არ იარსებებდა სიტყვა თავგანწირვა, რადგან არც ერთი ადამიანი საკუთარ ბედნიერებას და ცხოვრებას არ გადადებდა სხვისი მომავლის გამო.

თუ მკითხავთ ვინაა დედაჩემი?! მეც იმ გოგონასავით, რომელიც დაიკარგა, გიპასუხებთ, რომ დედაჩემი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია. მართალია მის ხმაში ყოველი საუბრისას განუზომელი ნაღველი ჩანს, დიახ, ნერვიულობამ და მონატრებამ ნაადრევად გაუჩინა ნაოჭები და ჭაღარა, მაგრამ მის სილამაზეს ვერაფერი დააკლო. მერწმუნეთ ჩემთვის ის ახლა უფრო ლამაზია ვიდრე წლების წინ, მე დღეს მისი დარდისგან დაღარული სახე და შევერცხლისფერებული თმა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე.

„გეწამლე დედა ნაჯაფ ხელებში,

რომელიც წლებმა ადრე დაღარა

ნუგეშად, თუმცა ვერ გეხუტები

ვიცი… დაგღალა მუდმივად დარდმა.

ადრე გაგიჩნდა დედა ჭაღარა

და ამან უფრო გაგალამაზა,

ჩემო ძვირფასო, სხვა რაღა გითხრა?!

მადლობა ღმერთს, რომ ჩემთვის დაგბადა.“(ბ. ყვარელაშვილი)

სანამ დედა გვერდით გყავს ვერ აფასებ იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც ის გაძლევს. მხოლოდ სიშორეს და მონატრებას შეუძლია დაგანახოს, თუ რა უსაზღვროა დედის სიყვარული. დააფასეთ დედები, ბევრი მოეფერეთ, აკოცეთ,  ჩაეხუტეთ, გულს ნუ ატკენთ თქვენი ქმედებებით და დაუფიქრებელი სიტყვებით, რადგან მათთვის შვილია სიცოცხლის წყარო და ბრძოლის მოტივაცია. დედა სიყვარულია, სამარადისო სიყვარული!

ძალიან რთულია დედისგან შორს ყოფნა, თუმცა მე დედაჩემის ტკივილიც მტკივა, რადგან ვიცი, ის ჩემზე მეტად განიცდის უჩემოდ გატარებულ თითოეულ წუთს და წამს. მე გვერდით უამრავი ნაცნობი და ახლობელი მყავს, ის კი სულ მარტოა, თავისი მიწა – წყლისგან შორს. დედობა გმირობაა, თუმცა იყო ემიგრანტი დედა, ეს გმირობასაც სცდება, ეს ალბათ თავგანწირვაა საკუთარი შვილისადმი. მნიშვნელობა არ აქვს, შვიდი წლის ხარ, ოცდაშვიდის თუ სამოცდაშვიდის, დედა მუდმივად გჭირდება გვერდით, რადგან უდედოდ დაკარგული ხარ, გულის სიღრმეში მუდმივად სიცივეს გრძნობ და იმ ჩიტს გავხარ, რომელსაც ფრთები დააგლიჯეს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.