კაფიად თქმული, მოსწრებული და დროის შესაფერი – ტფილისელ ყარაჩოღელთა სადღეგრძელოები 

ყარაჩოღელი, იგივე ყარაჩოხელი, გახლდათ შავჩოხიანი ხელოსანი ან წვრილი ვაჭარი ძველ თბილისში, რომელიც თავისი  სიდარბაისლითა და დარდიმანდობით გამოირჩეოდა . ყარაჩოღელებს თავისებური ჩაცმულობა ჰქონდათ — გულამოღებული აბრეშუმის პერანგი, შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი, შავი შალის შარვალი, ქოშები ან წაღები, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი ორჩაქიანი შავი შალის ჩოხა, შემკული ვერცხლის გობაკიანი ქამრით, ბაღდადი და კრაველის ბუხარული ქუდი. ზოგჯერ ქამარს სოციალური დატვირთვაც ჰქონდა. მარტოხელა ყარაჩოხელის დაკრძალვის ხარჯებს მისი კუთვნილი ქამრის გაყიდვით ანაზღაურებდნენ.

ყარაჩოხელი, ჩვეულებრივ, რომელიმე ხელოსნური ამქრის წევრი იყო და ხელოსნის პროფესიას ორთაჭალის ბაღებსა თუ მტკვარზე მოცურავე ტივებზე ქეიფს უხამებდა. ამ ქეიფებს კი მუდამ თან ახლდა განსაკუთრებული სადღეგრძელოები, რომელიც ინტერნეპორტალმა მადათოვმა შეკრიბა.

 ყარაჩოღელთა სადღეგრძელოები ყოველთვის კაფიად იყო თქმული: უცები, მოსწრებული და დროის შესაფერი. პირდაპირ საკვირველია, რომ ეს უანბანო ლოთები, რომლებსაც წიგნის ნაცვლად, გაწუწული ხელადა ეჭირათ ხელში, ასეთი პოეზიით სავსე სიტყვებს ჰხარჯავდნენ! რა კარგია ზოგჯერ ბავშვური მიამიტობა და პრიმიტიული სიბრძნე…

❝ეს გაუმარჯოს იმ კაცს, რომელიც ვთქვათ, ეხლა ჩვენს წინ გაივლის, ჩვენს ავს ნახავს, წავა და კარგს ილაპარაკებს.❞

❝ესეც გაუმარჯოს იმ მებაღეს, რომელი მებაღეც ვენახში გაივლის, დაწოლილ ვაზს შეამჩნევს, წამოაყენებს, ახეირებს, ნაყოფს გამოაღებინებს, დაჰკრეფს, დასწურავს, თითონაც დალევს და ჩვენც დაგვალევინებს.❞

❝ესეც ღმერთმა აცოცხლოს ის მთვარე, რომელიც ძალიან კაშკაშებს, ჩვენისთანა ბოღლოწოხალხს გზას უჩვენებს და ეუბნება: ე, მუდრეგ, აქეთ გაიარე, იქით ხრამია, არ ჩავარდეო.❞

❝ესეც ღმერთმა აცოცხლოს ის ხე, რომელიც წყლის პირასა სდგას და უწყლოდა ხმება.❞

❝ეს გაუმარჯოს იმ ტივს, რომელსაც ადიდებული წყალი დაშლილს ჩამოიტანს, ერთი ტივის ხე ორთაჭალაში ყასიდად გაიხიდება, რომ ჩვენისთანა საწყალმა ხალხმა ზედ გაიარ-გამოიაროს.❞

❝ბიჭებო, შეითნებო, ეს კი სხვანაირი სადღეგრძელოა, ჰაა! ვთქვათ, ორი მტრედია და ეს ორი მტრედი ორ ხეზე ზის, უნდათ ერთმანეთთან გადაფრენა, ალერსი, ჭუკლუკი, ღუღუნი, მაგრამ ვერ ახერხებენ; ამ დროს ამოვარდება ქარი, ხის ტოტებს ერთმანეთს მიაჯახუნებს და ამ ორ მტრედს ერთმანეთს შეახვედრებს! გაუმარჯოს ჩვენს ძმა ფირუზას და იმის დანიშნულს სალომეს.❞ 

❝ძმებოჯან, ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ლოთი ძმაბიჭი, რომელიც კვირა დილით ეკლესიაში წავა, რომ ღმერთს სანთელი დაუნთოს, მაგრამ გზაზე შემოეყრება მშიერი ამხანაგი, ძმა – ბიჭი, ჩაიყვანს სარდაფში, პურს აჭმევს, ღვინოს დაალევინებს, იმ სანთლის ფულს იქ დახარჯავს და იტყვის, თუ ღმერთი უჩვენოთაც იოლას წავაო.❞ 

❝საფლავის ბულბულის სადღეგრძელო: ეს იმ ბულბულს გაუმარჯოს, რომელიც რომა ჩვენს საფლავის ქვაზე შემოჯდება, ქვაზე ამოჭრილ ასოებში ჩამდგარ წყალს დალევს, მაღლა ღმერთს შეხედავს და ჩვენ გვახსენებს.❞

❝ესეც ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელიც ეხლა სახლში სანთელ-ანთებულიგველოდება.❞ [ეს უკანასკნელი სადღეგრძელო მოქეიფეთა ოჯახობას ეკუთვნოდა.] 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.